პროტესტის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა დაუშვებელია: საპატრიარქო აქციაზე შეკრებილებს მიმართავს

© photo: Sputnik / Stringerალტ-ინფოს საპროტესტო აქცია პარლამენტთან
ალტ-ინფოს საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2024
გამოწერა
„ალტ ინფოს“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია აქცია მიმდინარეობს.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო პარლამენთთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ალტ ინფოს“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. ისინი იმ ადამიანების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს.
საპატრიარქო განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას. მისი სათანადოდ (ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად) არშეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის.
„ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, რის მცდელობებსაც დღეს ნაწილობრივ ვხედავთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, ისევ უწევთ გამეორება, რომ საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ მიერ არაერთგზის დეკლარირებულ განცხადებებს.
„იმედია, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, რომელიც დააანონსა სახელმწიფომ, ამგვარ დესტრუქციებს თავიდან აგვარიდებს მომავალში, ამ კანონში მკაფიო უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი რეგულაციის საჭიროების შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა“, -წერია განცხადებაში.
ირმა ინაშვილი: წმინდა მატრონას ხატი ტაძრიდან არ გავა >>
საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ადგილი ჰქონდა კანონიკასთან შეუსაბამო ფრაგმენტის შემცველი ხატის საპატრიარქო ტაძარში განთავსებას, რისი არდაშვებაც, პირველ რიგში, ამ ტაძრის მსახურთა პასუხისმგებლობა იყო და ასეთი ფაქტის გამოვლენის შემდეგ ხატის კანონიკაში მოყვანაზე,ბუნებრივია, საპატრიარქომ იზრუნა. ამიტომ ამ გადაწყვეტილების გამო საპატრიარქოს სამსახურზე ან მის თანამშრომელზე უსამართლო თავდასხმა უშუალოდ საპატრიარქოს და პატრიარქის მოწინააღმდეგე ძალების სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია, აღნიშნეს საპატრიარქოში.

„ასევე აღვნიშნავთ, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით, სიწმინდეთა შეურაცხყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვას - მკრეხელობას, რომლის ჩამდენ პირსაც სინანულის საჯაროდ გამოთქმამდე ყოველგვარ საეკლესიო ღვთისმსახურებაში თანაზიარება ეკრძალება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აქციის დაწყებამდე საპატრიარქომ მოუწოდა სასულიერო პირებს, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში გადაიზარდა, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი
შეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.
ანდრია ჯაღმაიძე: ქართული ეკლესია დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია >>
წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
სამშაბათს, 9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.
ამასობაში, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.
ამასობაში ხატის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სულ უფრო მძაფრდებოდა. ოთხშაბათს, 10 იანვარს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ყველა იმ პირის მკაცრ დასჯას ითხოვდნენ, ვინც ხატების შეურაცხყოფას გაბედავდა. უფრო მეტიც, მათ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსეს.
კანონი რელიგიური გრძნობების შელახვის შესახებ მკაცრი უნდა იყოს – დეპუტატი >>
პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
ყველა ახალი ამბავი
0