ირმა ინაშვილი: წმინდა მატრონას ხატი ტაძრიდან არ გავა

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2024
გამოწერა
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატზე შესწორება ისე გაკეთდება, რომ ის ტაძრიდან არ გავა, განაცხადა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, სამების ტაძარში სწორედ ინაშვილმა და პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კიდევ ერთმა ლიდერმას, დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ამას ქართულ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რასაც ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა. თუმცა ის მაინც დაემორჩილა საპატრიარქოს მოწოდებას, შეიტანონ ცვლილება ხატის იმ ფრაგმენტში, სადაც სტალინია გამოსახული. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპატრიარქო ამის თავად გაკეთების პირობას დებდა.
„ვემორჩილებით პატრიარქის რჩევას. [ტაძრიდან] ხატის გატანა არ მოხდება იმიტომ, რომ ამის საჭიროება არ არის. ხატი დარჩება ტაძარში. როგორც მეუბნებიან, შეიძლება ადგილზე ამის გაკეთება. ვადებს ვერ გეტყვით“, — განმარტა ინაშვილმა.
მისი თქმით, ხატის შემწირველები კონსულტაციას პროფესიონალებთან გაივლიან და ჩამოყალიბდებიან, თუ როგორ შეიძლება ცვლილებების შეტანა ხატში. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ, „არაერთი პროფესიონალის“ დასკვნით, ხატზე კანონიკა დარღვეული არ არის.
„მე არ შევცვლიდი ამას, მაგრამ ვინაიდან არის ასეთი რჩევა, ვემორჩილებით პატრიარქის ამ რჩევას და ვიმოქმედებთ ისე, როგორც გვირჩევს პატრიარქი“, — დასძინა ირმა ინაშვილმა.
როგორც მანამდე საპატრიარქომ განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა მატრონას სტალინთან შეხვედრა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, ამასთან არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ (რომელმაც შერაცხა კიდეც ის წმინდანად), აუცილებელია, რომ ხატზე აღნიშნული ეპიზოდი შეიცვალოს.
წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით საზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა, შობის წინა დღეს, სოციალურ ქსელში ხატის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. თავის პოსტში მან სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0