ანდრია ჯაღმაიძე: ქართული ეკლესია დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2024
გამოწერა
ვანდალიზმის წახალისება კარგს არაფერს მოგვიტანეს, განაცხადა საპატრიარქოს წარმომადგენელმა
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია, რადგან ტაძარში მომხდარ ვანდალიზმის აქტს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ გამოეხმაურა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
ხატი, რომელიც სამებას რამდენიმე წლის წინ შესწირეს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა გიორგი კანდელაკმა 6 იანვარს, შობის ღამეს, მასზე გამოსახული სტალინის გამო აღშფოთება გამოხატა. რამდენიმე დღის შემდეგ ხატს საღებავები შეასხეს. „კონსერვატიული მოძრაობის“ შეურაცხყოფილმა წევრებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ამ შაბათს უფრო ფართო შეკრება დააანონსეს. ხუთშაბათს საპატრიარქომ ამ თემაზე პირველი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სტალინი არ უნდა იყოს გამოსახული წმინდა მატრონას მოსკოველის ხატზე.
„საქართველოს ეკლესია რჩება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმ აზრით, რომ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და საელჩო არ გამოეხმაურა ამ ფაქტს, ჯეროვნად არ შეაფასა ვანდალიზმი“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
მან აღნიშნა, რომ ვანდალიზმის წახალისება ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს.
„ეს არის ვანდალიზმი, ეს არის დასაწყისი იმისა, რომ ამგვარი ქმედებები თუ წახალისდა, იმავე სურათს მივიღებთ, რაც ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ მივიღეთ. ეს არის უცხადესი სურათი. ადამიანები, რომლებიც ასე მოქმედებენ ეკლესიაში, ყველაფერზე არიან წამსვლელები“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
გარდა ამისა, ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ საპატრიარქოს განცხადების ტექსტი შეთანხმებულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.
„საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა, განვმარტო, რომ საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე განცხადება როცა იდება, ეს განცხადება, ტექსტი ყოველთვის შეთანხმებულია კათოლიკოს-პატრიარქთან. ყველა ადამიანი, ვინც ცდილობს, ამ ფაქტს გვერდი აუაროს იმის გამო, რომ ესა თუ ის განცხადება მის პოზიციას არ ემთხვევა, ცილი დასწამოს ვინმეს, საპატრიარქოს თანამშრომელს ან საპატრიარქოს დაქვემდებარებულ რომელიმე სამსახურს, ეკლესიის მტრების წისქვილზე ასხამს წყალს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, მთავარი საკითხი არის ხატის შექმნის დროს კანონიკის დარღვევა.
კანონი რელიგიური გრძნობების შელახვის შესახებ მკაცრი უნდა იყოს – დეპუტატი >>
„საქმე ისაა, რომ სტალინის გამოსახულება, რომელიც ხატის აშიაზე იყო, სტალინის ძალიან პატარა ფიგურა, ეს არის წმინდა მატრონას ცხოვრების ერთ-ერთ აღწერაში და არ არის შესული კანონიკურ ტექსტში, რომელიც მიიღო რუსეთის სინოდმა. ამიტომაც ამ სიუჟეტის გამოტანა ხატზე სწორი არ იყო“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენი ეკლესიის გარშემო მუდმივად არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ნებისმიერი შემთხვევა დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ, განმარტა მან.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი
შეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.
წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
ინაშვილი: საპატრიარქოს მოწოდებას უნდა დავემორჩილოთ >>
სამშაბათს, 9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.
ამასობაში, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.
აღუწერელი და აუხსნელია - ანრი ოხანაშვილი ხატთან დაკავშირებულ ინციდენტზე >>
ამასობაში ხატის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სულ უფრო მძაფრდებოდა. ოთხშაბათს, 10 იანვარს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ყველა იმ პირის მკაცრ დასჯას ითხოვდნენ, ვინც ხატების შეურაცხყოფას გაბედავდა. უფრო მეტიც, მათ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსეს.
პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
ყველა ახალი ამბავი
0