როგორ შევხვდეთ ახალ, 2024 წელს: რა უყვარს ხის მწვანე დრაკონს და როგორ მოვაწონოთ მას თავი
13:05 25.12.2023 (განახლებულია: 13:20 25.12.2023)
CC BY 2.0 / ianpreston / Green Dragonმწვანე დრაკონი
გამოწერა
როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რა ჩავიცვათ, რომელი კერძები მოვამზადოთ, რა ვაჩუქოთ და რა – არა, რა გააბრაზებს წლის მფარველს – ასტროლოგების რჩევები.
აღმოსავლური, ანუ ჩინური ჰოროსკოპი 12 ცხოველისგან შედგება და თითოეული სიმბოლო გარკვეულ წელს უკავშირდება. თითოეულ ცხოველს თავისი დახასიათება აქვს. ცხოველის თვისებებს ბუნების ელემენტები ავსებს – შეფერილობა და სტიქიასთან დაკავშირებული მდგომარეობა.
2024 ხის მწვანე დრაკონის წელია. წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
ჩინურ ფილოსოფიაში დრაკონი საპატიო მითოლოგიური არსებაა, რომელშიც შერწყმულია ზრდის, განვითარებისა და ჰარმონიის ენერგია. ის განასახიერებს ძალას, სიბრძნეს, კეთილშობილებას.
ხის მწვანე დრაკონი ცვლილებების, ახალი ეპოქის მაუწყებელია. ამბიციური, თავისებური ზნის, კაშკაშა და მძლეთამძლე ცხოველი მფარველობს იმას, ვისაც არ ეშინია რისკის, თამამად იყენებს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის მიცემულ შანსს. დრაკონი უხვად არიგებს საჩუქრებს, იღბალს, ეხმარება ადამიანებს, რომლებიც თავს არ ზოგავენ დასახული მიზნების მისაღწევად.
ჩინურ მითოლოგიაში დრაკონი ცეცხლისა და ბობოქარი ზნის სიმბოლოა, თუმცა, მწვანე ფერი და ხის სტიქია მის მგზნებარე ნატურას ერთგვარად „ათვინიერებს“. დრაკონი აფასებს არა მხოლოდ დღესასწაულებს, ზეიმს, მხიარულებას, არამედ ჰარმონიას, აღმშენებლობას, სტაბილურობას.
როგორ შევხვდეთ ახალ წელს სწორად, რა ჩავიცვათ, რომელი კერძები მოვამზადოთ, რომ მითოლოგიური მფარველი კმაყოფილი დარჩეს – ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ.
სიმბოლოს რამდენიმე სახასიათო თვისება აქვს:
მიუხედავად დრაკონის სიძლიერისა, ის საკმაოდ მშვიდობისმოყვარეა. ასეთ მფარველს მოუთმენლად ელოდებიან. მას მოაქვს საინტერესო მოვლენები, ცვლილებები, ადამიანებს ენერგიას ანიჭებს, რაც, თავის მხრივ, სირთულეების გადალახვაში ეხმარება მათ.
დრაკონი კეთილდღეობასა და წარმატებას განასახიერებს. მწვანე ფერი ახალი წლის მასპინძელს მოქნილობას, დიპლომატიურობას, სიმშვიდესა და ნებისმიერ ვითარებაზე მორგების ოსტატობას ანიჭებს.
ხის სტიქია დრაკონული „სულის“ შემოქმედებით მხარეზე მიუთითებს, მის დამოუკიდებლობასა და სამყაროს შეცნობის სურვილს აღნიშნავს. არა მხოლოდ აღმოსავლურ, არამედ დასავლურ კულტურაშიც ხე სიცოცხლის, აღორძინების საყრდენად მოიაზრება.
ასევე დრაკონს უყვარს ყველაფერი მისტიკური, იდუმალი, ამიტომ ამ სიმბოლოს ყოველთვის ნაკიანი წელიწადი „ხვდება“.
ამგვარად, როგორ შევხვდეთ 2024 წელს მისი მფარველის ხასიათის გათვალისწინებით:
მხიარულება, ხმაური, სტუმრები – ეს მისასალმებელია;
თამამად შეიძლება გრანდიოზული იდეების ჩაფიქრება, გეგმების დაწყობა. თუმცა აფერა, საეჭვო საწარმოები – ამას ტაბუ ადევს. წლის მფარველი ვერ იტანს ტყუილს.
დრაკონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს. ის აფასებს მტკიცე ოჯახურ ურთიერთობებს, ურთიერთდახმარებას, ტრადიციებს. ამიტომ კარგი იქნება ზეიმის ოჯახში აღნიშვნა, შერიგება მასთან, ვისთანაც უთანხმოება გქონდათ.
არ ღირს ბრწყინვალე დეკორის დავიწყება, რომელიც ასე მოსწონს 2024 წლის მფარველ არსებას.
სად და როგორ შევხვდეთ ახალ 2024 წელს
მითოლოგიური მფარველი ცენტრალური ფიგურაა. მას უყვარს ყურადღება, მხიარულება. მისი მიზანია, იყოს მთავარი მოქმედი გმირი საზეიმო სუფრასთან და ყველას ყურადღებას იპყრობდეს.
ამიტომ ჯობია, ახალ წელს ხმაურიან კომპანიაში შეხვდეთ, მაგრამ აუცილებლად – ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან.
ჩაიცვით კაშკაშა სამოსი. ზეიმის, დღესასწაულისა და ბრწყინვალების ხაზგასმა – მთავარი კოზირებია.
რა სამოსით შევხვდეთ დრაკონის წელს
საახალწლო ტანსაცმელსა და აღკაზულობას სერიოზული დამოკიდებულება ესაჭიროება. აქ უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ ფერი, არამე ასევე სამოსის სტილი, ვარცხნილობა და მაკიაჟიც კი.
ფერთა პალიტრა:
დაივიწყეთ მკაცრი და პირქუში ტონები. მფარველ ცხოველს მდიდრული ფერები მოსწონს:
მწვანე თავისი მრავალფეროვანი ტონებით: ხასხასა, ზურმუხტისფერი, მალაქიტისფერი, სალათისფერი.
ოქროსფერი
წითელი
რომელ ფერში არ უნდა შევხვდეთ ახალ წელს – ესაა ყავისფერი, თეთრი და შავი.
სამოსიდან შეიძლება შეარჩიოთ ხავერდის კაბა, გაშლილი, ფართო ქვედა ბოლო კროპ–ტოპით, შარვლის კოსტიუმი მბრწყინავი ჟაკეტით. მამაკაცებისთვის სასურველია პირდაპირი შარვალი ჯემპერით, კლასიკური კოსტიუმი, ჯინსი ბამბის პერანგით ერთ ფერში.
დრაკონი არისტოკრატია, ამიტომ ვერ იტანს ზედმეტ სინთეტიკას.
აქცენტები ზოდიაქოს ნიშნებისთვის:
ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს სტილისტები ურჩევენ, ტანსაცმელში შეიტანონ თუნდაც ერთი წითელი სამოსი, ან გაიკეთონ გულსაბნევი ხასხასა წითელი ყვავილით – ეს წლის მასპინძელს მოეწონება.
ჰაერის ნიშნებმა საახალწლო სახე ჭარბი აქსესუარებით არ უნდა დაამძიმონ. დრაკონს უყვარს ფუფუნება, მაგრამ კეთილშობილური. თუმცა, თამამად შეიძლება საოჯახო ძვირფასეულობის გაკეთება – ანუ იმისთვის, რომ გაიბრწყინოთ.
მიწის სტიქიის ნიშნებმა აქცენტი ფერზე უნდა გააკეთონ. მწვანე და ოქროსფერი – ეს ფერების ის შერწყმაა, რომელიც აუცილებლად უნდა დომინირებდეს თქვენ საახალწლო ჩაცმულობაში.
წყლის სტიქიის ნიშნებისთვის აუცილებელია მომენტია სამოსი მბრწყინავი ელემენტებით – საინტერესო ნაქარგობით, ბისერებით, მძივებით.
ვარცხნილობა და მაკიაჟი
დრაკონი აფასებს „მოვლილ“ ადამიანებს: ლამაზი კულულები, მსუბუქი ტალღოვანი თმა, მაღლა აწეული თმა, ე.წ. კუდი... შეგიძლიათ დაამატოთ ოქროსფერ ტონებში თმის სამაგრი.
თმის გადატვირთვა დეკორით არ ღირს.
რაც შეეხება მაკიაჟს, შეიძლება რამდენიმე ტრენდი აღინიშნოს: სხვადასხვა კაშკაშა ფერის „ისრები“, თვალის ბრჭყვიალა ჩრდილები, ტუჩის მკაფიო კონტური, ბრონზერი „რუმიანის“ ნაცვლად.
სახლის საახალწლო დეკორი
დრაკონს უყვარს ნივთები, რომლებიც ბრწყინავს, კაშკაშა ფერები. თამამად მორთეთ სახლი გირლანდებით, სხვადასხვა ფერის ნათურებით, ჩინური ფანრებით.
სახლის მოსართავები საკუთარი ხელითაც შეიძლება გააკეთოთ ჩვეულებრივი ფოლგის, ფერადი ქაღალდებისა და მუყაოსგან. ფერებიდან უნდა დომინირებდეს წითელი და ოქროსფერი.
ტექსტილი უნდა ერწყმოდეს ინტერიერს და შეესაბამებოდეს ახალი წლის სიმბოლიკას.
სუფრა შეგიძლიათ მორთოთ წითელი სანთლებით, დრაკონის ფიგურებით, ფანრებით.
მინიშნებები, ჩვეულებები დრაკონის წლისთვის: რისი გაკეთება შეიძლება, რისი – არა
გწამთ მინიშნებებისა თუ არა – პირადი არჩევანია. თუმცა, ასტროლოგები და ეზოტერიკოსები გირჩევენ, ყური დაუგდოთ ხალხურ რჩევებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ცრურწმენები, როგორც წესი, საკმაოდ სასარგებლოა. თანაც, ცხოვრებაში კეთილდღეობისა და იღბლის მოზიდვა არასდროს არაა ზედმეტი.
საგნები, რომლებიც ბედნიერებას მოიტანს
წლის მფარველი დააფასებს, თუ სახლში ნაძვს ქოთნით მიიტანთ, ან დეკორატიულ სახლის რომელიმე ხეს, ანუ სასურველია, ხეების გარემოცვაში იყოთ.
თუ ამას ვერ მოახერხებთ, იღბალს მოგიტანთ თუნდაც ტყის, ხეების (ან ერთი ხის მაინც) სურათი ან ფოტო.
სასურველია, ხეს მძლავრი და ფართო გვირგვინი ჰქონდეს – ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო ენერგიის სიმბოლო.
დადებით ენერგეტიკას შეგმატებთ დრაკონის გამოსახულების სათამაშოები, მცირე ქანდაკებები, კალენდარი დრაკონის ფოტოთი და ა.შ.
რისი გაკეთება არ შეიძლება
არის რამდენიმე რამ, რაც ახალი წლის მასპინძელს გააღიზიანებს. კერძოდ:
არ შეიძლება სხვისი სამოსის ჩაცმა.
არ შეიძლება ლანძღვა–გინება, რაც გინდა გაბრაზებული და ნაწყენი იყოთ ვინმეზე.
დაულაგებელი სახლი იღბალს წაგართმევთ, ამიტომ შეხვდით ახალ წელს სისუფთავეში და კარგი განწყობით.
დრაკონს ასევე გაანაწყენებს მოტოვებული ვალები.
რჩევა: ასტროლოგები არ გირჩევენ, ახალი წლის ღამეს სანთლები და ცეცხლთან დაკავშირებული საგნები აჩუქოთ. ეს სტიქია მასპინძლის პრივილეგიაა და მისი გამოყენების უფლება, დრაკონის გარდა, არავის აქვს.
საჩუქრის შერჩევა
ჩინური ცრურწმენებით, დრაკონს გააბრაზებს შემდეგი საჩუქრები:
სურათი ცეცხლის გამოსახულებით
საათი – იზიდავს უბედურებას
სარკე – იმქვეყნიურ სამყაროში შესასვლელი
საფულე – იღბლის დაკარგვა
ნებისმიერი საგანი ციფრით „4“ – სიცოცხლის გზის დასასრულის სიმბოლოა
ქოლგა – პარტნიორთან განშორების ნიშანი
დანა – იღბალს განდევნის
მწვანე ფერის თავსაბურავი – ასოცირდება კუსთან, რომელიც წინსვლას, საქმეებს აფერხებს.
საჩუქრები, რომლებიც მისაღებია, კეთილდღეობას მოუტანს საჩუქრის მიმღებს: დრაკონის მცირე ქანდაკება, დეკორატიული ხეები, ოქროს საიუველირო ნაწარმი.
რა მოვამზადოთ ახალი წლის სუფრისთვის – მთავარი მენიუ
დრაკონი გურმანია. მას უყვარს ნატურალური, ახალი პროდუქტები. ამიტომ მენიუში შეიტანეთ ხორცის კერძები: რულეტები, შემწვარი ხორცი ბოსტნეულით, ქაბაბი, შემწვარი ქათამი, ინდაური.
სუფრას დაამშვენებს ასევე ხორციანი ღვეზელი, კოტლეტი, ნამცხვრები, ბოსტნეულის სალათები.
არასასურველია კონსერვანტები და ნახევარფაბრიკატები, სამაგიეროდ, დრაკონი დააფასებს კერძებს წითელი მწარე წიწაკით, პაპრიკით, სუნელებით.
სუფრა უნდა იყოს უხვი და მრავალფეროვანი.
იმისდა მიუხედავად, სად შეხვდებით ახალ წელს, მთავარია, შეხვდით მას კარგ კომპანიაში და დადებითი განწყობით.