რა იცვლება ქართულ ციხეებში 1–ლი იანვრიდან

© Ministry of Justice of Georgiaახალი ციხე სოფელ ლაითუში
ახალი ციხე სოფელ ლაითუში - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2023
გამოწერა
სიახლეების წყალობით პატიმრების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა პატიმრობის შესახებ განახლებული კოდექსი, რომელსაც ექნება სახელწოდება „პენიტენციური კოდექსი“ – ის 2024 წლის 1–ლი იანვრიდან ითვალისწინებს სიახლეებს პატიმრებისთვის, რომლებიც სასჯელს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის იხდიან.
განახლებული კოდექსი ითვალისწინებს თავად სასჯელის აღსრულების სისტემის რეფორმას და შეეხება როგორც თანამშრომლებს, ისე პატიმრებს.
კერძოდ, უქმდება სამსახურის სპეციალურ და სამოქალაქო სამსახურებად დაყოფა. პენიტენციური სისტემის სპეციალური ქვედანაყოფებისთვის არსებული შეღავათები ციხეების ყველა თანამშრომელზე გავრცელდება. ეს ეხება როგორც სახელმწიფო უზრუნველყოფასა და კომპენსაციებს, ისე დაზღვევას, განათლებისა და წოდებების მოთხოვნებს.
ამასთან, ყველა თანამშრომლისთვის იმოქმედებს ერთნაირი წესები, რაც ეხება საპროტესტო აქციებში, წინასაარჩევნო კამპანიებში მონაწილეობას, პოლიტიკურ აქტიურობას და ა.შ.
სასჯელაღსრულების სისტემის ყველა თანამშრომლის ხელფასი დაირიცხება თანამდებობის, წოდებისა და მუშაობის ხანგრძლივობის მიხედვით. დანარჩენი სიახლეები შეეხება უშუალოდ ციხეებსა და პატიმრობის წესებს.
მდგომარეობა ქართულ ციხეებში: ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პროგრესია>>

კერძოდ, საქართველოში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის ერთიანი რეესტრები შეიქმნება და ციხეში შესულ თითოეულ ადამიანს შესაბამის რეესტრში შეიყვანენ, სადაც შევა მისი თითების ანაბეჭდი, ფოტო, ასევე სიტყვიერი პორტრეტი.
ასევე ყველა ციხეში აკრძალული იქნება ადრე ნასამართლევი პირებისა და პირველად დაპატიმრებულების ერთად განთავსება. პირველად დაპატიმრებულები პატიმრობის ვადას სხვა პატიმრებისგან ცალკე მოიხდიან ისევე, როგორც ადრე არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლად აღიარებულები და ისინი, ვისაც სამსახურის ან წარსულის გამო საფრთხე ემუქრება, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები და კრიმინალური ავტორიტეტები.
საქართველოს ყველა ციხეში 2026 წლისთვის თითოეულ პატიმარზე გათვალისწინებული იქნება აუცილებელი 4 კვადრატული მეტრი 3-ის ნაცვლად, როგორც ეს დღეს მოქმედ კანონმდებლობაშია გაწერილი. ასევე დარჩება ციხეების ადმინისტრაციების მხრიდან განსაკუთრებული პირობების შექმნის ვალდებულება ორსულების, შშმ პირებისა და საპენსიო ასაკის პატიმრებისთვის.
რეფორმებმა წარმატება მოიტანა - პრემიერი ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე>>
გარდა ამისა, ყველა ციხეში იქნება სპეციალური ოთახები კამერებისა და მოსასმენი სისტემების გარეშე, სადაც პატიმრები შეძლებენ შეხვედრას სახალხო დამცველთან ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წარმომადგენლებთან. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება შეხვედრების უსაფრთხოება.
აკრძალული იქნება პატიმრების თვალთვალი ციხეების საერთო საშხაპეებსა და ტუალეტებში. გამონაკლისი იქნება შემთხვევები, როდესაც სახეზეა თვითმკვლელობის ან თავის დაზიანების რისკი პატიმრის მხრიდან.
ასევე პატიმრების წინააღმდეგ დახურულ სივრცეებში აღარ გამოიყენებენ ცრემლსადენ გაზს, მისი გამოყენება აიკრძალება უკვე დაკავებული პატიმრების წინააღმდეგ.
სიახლეები ციხეებში
პატიმრებისთვის დაწესდება პაემნების ახალი წესები. 2025 წლიდან ხანგრძლივი პაემნის უფლება ექნება ყველა პატიმარს, გარდა სამარტოო საკანში მყოფი და სამ თვეზე ნაკლებ დროში შემოსული პატიმრებისა.
პატიმრებს, რომლებიც სასჯელს იხდიან განსაკუთრებული რისკის პატიმრებისთვის განკუთვნილ ციხეში, წელიწადში ორჯერ ოჯახის წევრებთან ვიდეოპაემნის უფლება ექნებათ. პატიმრებს ასევე ექნებათ უფლება, ერთი სახის პაემანი მეორეზე გაცვალონ. ყველა პაემანი უფასო იქნება.
ამავე დროს ვიდეოპაემნების რაოდენობა ჩვეულებრივი პატიმრებისთვის გაიზრდება – 10 დღეში ერთხელ ვიდეოპაემნის სახით. ხანგრძლივობა იქნება მაქსიმუმ 15 წუთი. ამჟამად ვადებსა და დროს თითოეული ციხე თვითონ საზღვრავს.
ლოკოკინების ფერმა, მაღაზია და საცხობი - რა სიახლეები არის ქართულ ციხეებში>>
სიახლე შეეხება სატელეფონო ზარებსაც: ციხეების მიერ დადგენილი ამჟამინდელი მაქსიმალური ლიმიტები მინიმალურად იქნება აღიარებული. პატიმრები ასევე შეძლებენ დარეკვას და მიმოწერას პატიმარ ნათესავებთან.
ამასთან, პატიმრების ნათესავებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ უარი თქვან წერილების, გზავნილებისა და ზარების მიღებაზე ციხეებიდან. ამ დროისათვის კანონით ასეთი უფლებით მხოლოდ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები სარგებლობენ.
კიდევ ერთი სიახლე პატიმრებისთვის იქნება ტელევიზორის ან რადიომიმღების თავისუფლად შეძენის უფლება ციხის მაღაზიაში.
ამჟამად ამისთვის ციხის უფროსის ნებართვაა საჭირო. თუმცა, მსჯავრდებულს შეიძლება ჩამოერთვას ნივთი, თუ ის ხელს უშლის თანამესაკნეებს. მის ტელევიზორს ან რადიომიმღებს ნათესავებს გადასცემენ.
ყველაფერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად - სოფელ ლაითურში ახალი ციხე გაიხსნა>>
კანონში ოფიციალურად გაჩნდება სრულწლოვანი პატიმრების სამჯერადი კვების უზრუნველყოფის ვალდებულება, რომელიც ამჟამად იუსტიციის მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული.
კანონში ასევე გაჩნდა პატიმრების სასმელი წყლით, შხაპით კვირაში ორჯერ და პარიკმახერის მომსახურებით (მინიმუმ თვეში ერთხელ) უზრუნველყოფის ვალდებულება. პატიმრის გადაპარსვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით და ჰიგიენის კონკრეტული მოხოვნების გამო. პატიმრები ასევე მიიღებენ უფლებას, იყვნენ სუფთა ჰაერზე მინიმუმ ერთი საათი.
საჭიროების შემთხვევაში პატიმრებს უზრუნველყოფენ ტანსაცმლით, გეხსაცმლითა და პირადი ნივთებით, საწოლის სუფთა თეთრეულით, ასევე სამუშაო ტანსაცმლით.
ასევე შეიცვლება პატიმრების განთავსების ვადა თავისუფლებაზე გასვლის მოსამზადებელ ციხეში. ახლა ყველა პატიმარი, მათ შორის ქალებიც, იქ გათავისუფლებამდე ერთი წლით ადრე გადავა. თუ ადმინისტრაცია სპეცტანსაცმლის ტარებას დააწესებს, ის ადამიანურ ღირსებას უნდა შეესაბამებოდეს.
ქართულ ციხეებში პატიმრებს შესაძლოა შინაური ცხოველების ყოლის უფლება მისცენ>>
ასევე ყველა პატიმარი, გარდა განსაკუთრებული რისკის ციხეში მყოფისა, მიიღებს ციხეში უმაღლესი განათლების მიღების უფლებას. ის შეიძლება იყოს წერილობითი (უმაღლესი სასწავლებელი გზავნის სასწავლო ლიტერატურის სიას დამოუკიდებლად შესწავლისა და გამოცდების ჩაბარებისთვის) ან დისტანციური (ონლაინ, კომპიუტერის მეშვეობით).
გათავისუფლების შემდეგ პატიმრებს ზედამხედველობას გაუწევს პრობაციის ბიურო, რომელიც ინფორმაციას მიიღებს პატიმრის ადგილმდებარეობის, მისი შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0