უხელმძღვანელებს თუ არა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას"

© photo: Sputnik / Stringerნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2023
გამოწერა
გვარამია იმედოვნებს, რომ მეტი აღარ მოუწევს თავისი პოზიციის გამოხატვა ამ საკითხთან დაკავშირებით.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" ექს-გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ არანაირი კავშირი არა აქვს და არც უნდა, რომ ჰქონდეს იმასთან, რაც მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" (ენმ) ხდება.
ამის თაობაზე გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომ მან შეიძლება ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ჩაანაცვლოს ამ თანამდებობაზე. თავად ხაბეიშვილმა უფრო ადრე განაცხადა, რომ მას მანდატი 2025 წლამდე აქვს. ამავე დროს, ბოლო დღე-ღამეში ტიგი რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და „ნაცმოძრაობის" დეპუტატებმა საკრებულოებში ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდეს.
„მეგობრებო, რამდენიმე ადამიანმა საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ჩემი დანიშვნის შესახებ. საჯაროდვე მინდა დავაფიქსირო, რომ არცერთი ეს განცხადება არ გამოხატავს ჩემს პოზიციას. „ნაცმოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც ვაპირებ, მქონდეს", - დაწერა გვარამიამ.
მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ აღარ მოუწევს თავისი პოზიციის გამოხატვა ამ საკითხზე.
„მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნულ კონტექსტში ჩემი სახელის გამოყენებისგან, რადგან ეს არც რეალობასთანაა ახლოს და აღრმავებს ისედაც უმძიმეს დაძაბულობას, ასევე დამაზიანებელია პირადად ჩემთვის", - დაწერა გვარამიამ.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
ერთიანობის მანიფესტი: სააკაშვილის გეგმა ჩავარდა>>
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
გვარამიას შესახებ
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სხვადასხვა წელს გვარამიას მთავარი პროკურორის მოადგილის, იუსტიციის მინისტრისა და განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა.
რატომ აიძულეს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალება - ირაკლი კობახიძის განმარტება>>
2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი2"-სთვის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როდესაც მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
2022 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. შემდეგ ადვოკატებმა საჩივარი შეიტანეს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც გვარამიას საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საჩივარი დაუშვებლად ცნო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა" ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2"-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
კობახიძე: ნიკა გვარამიას შეწყალებამ პოლარიზაცია გააძლიერა>>
ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ.
შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.
გვარამიამ ციხის დატოვებისთანავე განაცხადა, რომ აღარ იქნება „მთავარი არხის" ხელმძღვანელი. უკვე სექტემბერში მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას.
ყველა ახალი ამბავი
0