ღარიბაშვილმა ბაქოს სამიტზე შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2023
გამოწერა
თანამედროვე გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო–ლოგისტიკური ცენტრის როლი, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. „შუა დერეფანი" ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა ხდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მთავრობის მეთაურთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
ღარიბაშვილი ბაქოში საპატიო სტუმრის სახით მონაწილეობს ეკონომიკურ ფორუმში „გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“ (SPECA).
„აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, თანამედროვე გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო–ლოგისტიკური ცენტრის როლი, რაც ხელს უწყობს სატრანსპორტო–ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას.
პრემიერმა აღნიშნა, რომ „შუა დერეფანი“ ევრაზიის კონტინენტზე პოზიციონირდება, როგორც ტვირთებისა და ნახშირწყალბადების რესურსების მიწოდებისთვის ყველაზე სწრაფი, ეკონომიური და საიმედო არხი.
ღარიბაშვილი ალიევს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერებმა>>
„ამიტომ აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კორიდორში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და ყურადღებას ვამახვილებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
შუა დერეფანი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.
საქართველო და ყაზახეთი „შუა დერეფნის" განვითარებაზე შეთანხმდნენ>>
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
„დაკავშირებადობა პრიორიტეტულია“
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობისთვის „დაკავშირებადობის“ ხელშეწყობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
„საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელ რეგიონში“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მსხვილმასშტაბიან პროექტებში, რათა ხელი შეუწყოს რეგიონულ ვაჭრობას, და ბოლო წლებში ინვესტიციები განხორციელდა ქვეყნის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაში, ასევე, ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებაში.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტზე.
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ ახალი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არის ახალი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. საბოლოო ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სიმძლავრე იქნება 100 მილიონი ტონა წელიწადში“, – განაცხადა მან.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის - დავითაშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე>>
როგორც ნოემბრის დასაწყისში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის მარტ-აპრილში დაიწყება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა, რომელიც გამოვლინდება არაუგვიანეს 2024 წლის იანვრისა.
ენერგოკაბელი ევროპაში
სიტყვის გამოსვლისასღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა მნიშვნელოვან პროექტზე – შავი ზღვის ფსკერზე ენერგოკაბელის გაყვანაზე საქართველოდან ევროპაში.
„ვფიქრობთ, ეს პროექტი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ ევროპისთვისაც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
შავ ზღვაში ენერგოკაბელის გაყვანა: სპეციალისტები პროექტის ფინანსურ ნაწილს სწავლობენ>>
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
რკინიგზის განვითარება
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც 2024 წელს დასრულდება, წლიურ გამტარუნარიანობას გააორმაგებს.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2018-2022), საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაზრდილია 48%-ით. 2024 წლის ბოლოს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 მილიონი ტონა წელიწადში“, – განაცხადა პრემიერმა.
საუბარია ძირითადი სარკინიგზო მაგისტრალის „თბილისი–მახინჯაურის" მოდერნიზაციის პროექტზე. პროექტი 2012 წელს დაიწყო. ის ითვალისწინებს ახალი 38-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას და არსებული 23-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას. პროექტის ღირებულება 248 მლნ შვეიცარიული ფრანკია, საიდანაც 239 მილიონი უკვე ათვისებულია.
გარდა ამისა, როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველო აქტიურად მუშაობს აზერბაიჯანთან ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება.
საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2024 წელს დასრულდება>>
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა გახსნილია აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტაჯიკეთში ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა მეთაურების მეხუთე საკონსულტაციო შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციას განახორციელებს, რათა ტვირთგადაზიდვების გაზრდილი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ალიევის თქმით, 2024 წელს ტვირთნაკადი ამ გზით 1–დან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. გზის საერთო სიგრძეა 826 კილომეტრი.
ყველა ახალი ამბავი
0