ღარიბაშვილი ალიევს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერებმა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი და ილჰამ ალიევი
ირაკლი ღარიბაშვილი და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2023
გამოწერა
აღინიშნა, რომ მომავალში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი გახდება.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ალიევმა ღარიბაშვილი „განჯელიკის" სამთავრობო რეზიდენციაში მიიღო.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებზე და აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია“,-ნათქვამია პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მხარეებმა განიხილეს ქვეყანათა სტრატეგიული თანამშრომლობის - ვაჭრობა-ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა - საკითხები, ამავდროულად საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მნიშვნელოვანი პროექტები: შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების, გზების გაფართოებას, მშენებლობა-განვითარებას; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც მთავრობის მეთაურის თქმით, უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა>>>
აღინიშნა, რომ სამომავლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის მასშტაბური პროექტის შემუშავების საკითხს.
„მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან ძალიან მალე გააფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ღარიბაშვილი ბაქოში SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საპატიო სტუმრის სტატუსით აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირადი მოწვევით გაემგზავრა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს, როგორებიცაა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, გაზსადენი TANAP, ბაქო–ჯეიჰანის და ბაქო–სუფსის ნავთობსადენები.
აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.
ყველა ახალი ამბავი
0