შავ ზღვაში ენერგოკაბელის გაყვანა: სპეციალისტები პროექტის ფინანსურ ნაწილს სწავლობენ

© Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2023
გამოწერა
მინისტრის თქმით, კვლევა წლის ბოლომდე უნდა იყოს მზად და მას მოამზადებს ის კომპანია, რომელიც მსოფლიო ბანკმა შეარჩია.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოდან ევროპაში შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის პროექტი კვლევის სტადიაზეა, რომელიც ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს და ასევე მის მთლიან ღირებულებას ეხება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
„ჩვენს ინტერესებშიც არის, რომ ასეთი ტიპის კვლევა განხორციელებულიყო. მსოფლიო ბანკისგან ვადები რაც გვაქვს, ეს არის მიმდინარე წლის ბოლო, როდესაც უნდა გვქონდეს, როგორც ტექნიკურ ნაწილზე შესაბამისი კვლევა, ასევე ფინანსურ, ხარჯვით ნაწილზეც. [გვეცოდინება] დაახლოებით რა დაჯდება, რა მომგებიანობა ექნება პროექტს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, კვლევა წლის ბოლომდე უნდა იყოს მზად და მას მოამზადებს ის კომპანია, რომელიც მსოფლიო ბანკმა შეარჩია.
„ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორი მსოფლიო ბანკია, რომელსაც ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კომპანია ჰყავს დაქირავებული. წლის ბოლოსთვის, ბოლო ინფორმაციას, შესაბამის კვლევას ველოდებით, თუ რა შედეგი ექნება ამას საქართველოს ეკონომიკისთვის და რა იქნება პროექტის მთლიანი ბიუჯეტი. იცით, რომ ამ პროექტის უტილიზაცია არ მოხდება მხოლოდ საქართველოს და ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე. არსებობს შესაძლებლობა, რომ სხვა ქვეყნებიც საქართველოს გავლით, ამ პროექტს მიუერთდნენ. კვლევა ამ ნაწილსაც მოიცავს“, - განაცხადა ხუციშვილმა.
საქართველოდან ევროპაში ენერგოკაბელის გაყვანა - პრემიერმა დეტალებზე გაეროში ისაუბრა >>
მისი თქმით, წინასწარი გათვლებით, პროექტი საკმაოდ მომგებიანი იქნება.
„ამ პროექტის წინასწარი შედეგები საკმაოდ პოზიტიური იყო. სწორედ ამის შემდგომ, ის ფინანსური მოდელიც ჩამოყალიბდება, რითაც პროექტი განხორციელდება. ბუნებრივია, ამაში ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იქნება ჩართული. პრაქტიკულად, დღეს, მსოფლიოში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ დარჩა, რომელთაც ამ პროექტის დაფინანსების მიმართ ინტერესი არ გამოუხატავთ“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა ქვეყნების და მარეგულირებლების მონაწილეობის შემთხვევაში პროექტის დაფინანსების წყარო შესაძლებელია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი გახდეს.
„შესაძლებელია, ეს ის მოდელი არ იყოს, რომელიც თანხის პირდაპირ ბიუჯეტიდან გადახდას ითვალისწინებს. თუმცა ყველა ასეთი ცვლილება ბიუჯეტში ასახული იქნება“, - განაცხადა ხუციშვილმა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
რა ეტაპზეა შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტი: მინისტრის განმარტება>>
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას.
მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0