ორმხრივად მომგებიანი პროექტი - დავითაშვილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაყვანაზე
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველოსა და ევროკავშირს შორის პირველი ენერგეტიკული დიალოგი

გამოწერა
მაღალი დონის პირველი ენერგეტიკული დიალოგის დაწყებას წინ უძღოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ენერგეტიკული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ენერგოპოლიტიკის დახვეწის მიმართულებით.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონთან თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ.
გასულ კვირაში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტარტი აიღო პირველმა ენერგეტიკულმა დიალოგმა, რომლის ფარგლებშიც შედგა დავითაშვილ-სიმსონის შეხვედრა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, კავშირების განვითარებაზე, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე თუ დაგეგმილ რეფორმებზე, ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო მსხვილ, მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს.
„ეს არის ურთიერთსასარგებლო, ურთიერთხელსაყრელი პროექტი. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მჭიდრო მოკავშირეები და პარტნიორები ვართ ამ პროექტის განხორციელების კუთხით. ეს პროექტი არის დამატებითი ენერგოუსაფრთხოება ევროპისთვის და, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შესაძლებლობები საქართველოსთვის, ქართული ენერგოსისტემისთვის", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგანაც წყალქვეშა კაბელი - ეს არის საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ურთიერთკავშირის სიმბოლო.
„ევროკავშირის ენერგეტიკულ ქსელთან საქართველოს უშუალო ჩართულობით, ეს კაბელი არა მხოლოდ აამაღლებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და მრავალფეროვნებას, არამედ გახდება განახლებადი ენერგიის მიმოცვლის არხი და ჩვენი რეგიონისთვის უფრო მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, რეფორმების რეალიზაციის პროცესში საქართველო მუდმივად იღებს ტექნიკურ დახმარებას ევროპელი მეგობრებისგან, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი დაგვეხმარება რეფორმების გზაზე გვქონდეს მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება უკვე მიღწეულ შედეგებს, დავითაშვილის თქმით, საქართველომ ბევრ სფეროში უკვე დააახლოვა თავისი კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან, მათ შორის ენერგოეფექტურობის სფეროში და დანერგა ენერგოეფექტურობის ეტიკეტირების ახალი სისტემა, რომელიც ეტაპობრივად ინერგება.
„თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით, სადაც ასევე მივაღწევთ პროგრესს მჭიდრო დიალოგის გზით. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ ინსტიტუციურ მექანიზმებსა და გაუმჯობესებაზე, რომლებშიც გადაცემისა და გენერაციის ფუნქციები მკაფიოდ იქნება გამიჯნული. ეს მას უფრო პროგნოზირებადს გახდის და უფრო სამართლიან თამაშის წესებს გააჩენს ენერგოსისტემაში“, - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილის ევროკომისართან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკულ დიალოგის დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწყვეტი ეტაპის გათვალისწინებით.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ახლა საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით გადამწყვეტი ეტაპია არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სფეროშიც.
მაღალი დონის პირველი ენერგეტიკული დიალოგის დაწყებას წინ უძღოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ენერგეტიკული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ენერგოპოლიტიკის, ასევე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დახვეწის მიმართულებით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკის სექტორში მაღალი დონის დიალოგი რეგულარულად, ყოველწლიურად გაიმართება - მომავალში შეხვედრა ბრიუსელში ჩატარდება.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რომ ევროკომისრის ვიზიტი დაემთხვა ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
„ეს არის რეკომენდაცია, რომელიც კომისიამ გასცა და იმედი მაქვს, რომ წევრი-ქვეყნების ლიდერები დეკემბრის შეხვედრაზე დაამტკიცებენ ამ გადაწყვეტილებას და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რაც ჩვენ დავიმსახურეთ და ვიმსახურებთ ჩვენი რეფორმებითა და მონდომებით", - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ სტატუსის მოპოვება ახალ პასუხისმგებლობებს აკისრებს საქართველოს და ქვეყანა იწყებს ახალ გზას ევროინტეგრაციის პროცესში, როცა სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების კუთხით მეტის გაკეთებაა საჭირო.
ინვესტიციები ევროკავშირიდან
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მთავრობა ევროპული ინვესტიციების მოსაზიდად ბევრ რამეს აკეთებს.
მისი თქმით, 2022 წელს ევროპა საქართველოს მთავარი ინვესტორი იყო, ამასთან ევროკავშირის ინვესტიციებმა ინვესტივიების საერთო მოცულობის 49% შეადგინა.
„გასულ წელს ჩვენ გვქონდა პირდაპირი ინვესტიციების რეკორდული მოცულობა, რომელმაც 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა. წელს ვხედავთ, რომ ტენდენციები ძალზე პოზიტიურია და გასული წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, დიდი ზრდაა", - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრი ელოდება ინვესტიციების ზრდას, მათ შორის, ენერგეტიკულ სექტორში.
ენერგეტიკის სფეროში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ვიცე-პრემიერმა ევროკომისართან განიხილა განახლებადი ენერგიის სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი სქემა - CFD მექანიზმი.
განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით დაინერგა განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
პირველ აუქციონზე გაიმარჯვა 27-მა კომპანიამ, რომლებმაც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი უნდა განახორციელონ.
27 ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება დაახლოებით 1,1 მლრდ კვტ/სთ ენერგიის გამომუშავება ყოველწლიურად, ხოლო ამ პროექტებში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა ჯამურად 400 მლნ დოლარს გადააჭარბებს.
განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
„ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს იქნება კარგი სტიმული, მათ შორის ევროპელი ინვესტორებისთვის. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ჩვენ დავუახლოვდებით ევროპულ ბაზარს, რასაკვირველია დიდი მოტივაციაა ევროპული ენერგოკომპანიებისთვის საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით, რადგანაც ეს არის პროგნოზირებადი გარემო, სადაც თამაშის წესები ნათელია“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, წამყვანი ევროპული ენერგეტიკული კომპანიები მჭიდრო დიალოგს აწარმოებენ საქართველოსთან ქვეყანაში მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელების თაობაზე, რომელთა შესახებაც, როგორც დავითაშვილმა დასძინა, დაწვრილებით მოგვიანებით ისაუბრებს.
ინვესტიციები საქართველოში
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2023 წლის პირველ ნახევარში 10,8%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1,1 მლრდ დოლარამდე შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მილიონი დოლარი შეადგინა.
2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ ლიდერები გახდნენ ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ჩინეთი, ნიდერლანდი და აშშ.
რაც შეეხება 2022 წელს, ინვესტიციების მოცულობამ, დაზუსტებული მონაცემებით, 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 67,5%-ით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემებს.