რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება?

© photo: Sputnik / Stringerენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
გამოწერა
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალური განვითარება საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესის ქვაკუთხედია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ თბილისში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ენერგეტიკის სექტორში ბიზნეს-კავშირების ხელშეწყობის საკითხებს მიეძღვნა.
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით დაინერგა განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.

„საქართველოში არსებული უხვი განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალური განვითარება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესის ქვაკუთხედია. მეტიც, მწვანე ენერგიები არის მიზნების მიღწევის საშუალება კლიმატის ცვლილების გავლენის შერბილების თვალსაზრისით", – განაცხადა მიქაუტაძემ.

მისი თქმით, 2023 წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობა დაახლოებით 118 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულებას ელოდება, რაც საერთო ჯამში ყოველწლიურად 540 გვტ/სთ-ზე მეტად გაზრდის ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავებას.
„მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლა“ - რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს მთავრობა>>>
როგორც მიქაუტაძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტების განხორციელება ნიშნავს არა მხოლოდ ენერგეტიკული პარამეტრების გაუმჯობესებას, არამედ ქვეყანაში მილიონობით ლარის უცხოურ ინვესტიციას და ასობით დროებით თუ მუდმივად დასაქმებულ ადამიანს.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სიმძლავრის აუქციონზე, რომელიც უკვე გაიმართა და ინვესტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი თქმით, მხარდაჭერის სქემა, ე.წ. „სხვაობის კონტრაქტი" (CFD) – კარგი არგუმენტია ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებისა და თანამშრომლობისთვის და დაეხმარება პოტენციურ ინვესტორებს დაფინანსების მოსაზიდად.
განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
გარდა ამისა, მიქაუტაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მასშტაბურ ენერგეტიკულ პროექტზე – შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელზე, რომელიც მიზნად ისახავს კავკასიასა და ევროპას შორის რეგიონული კავშირისა და ელექტროენერგიის გაცვლის შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის სფეროში.
აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას ითვალისწინებს.
მინისტრი: საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის განსაკუთრებული პოტენციალი აქვს>>>
ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტზე 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. კაბელი აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვებს შეუწყობს ხელს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0