რა ეტაპზეა ახალი ჰესების მშენებლობის პროექტი? მინისტრის განმარტება

© Parliament of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
გამოწერა
მინისტრის თქმით, , ჰიდროენერგეტიკის განვითარება მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ონისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში 30 მლნ დოლარის ღირებულების ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება, ნათქვამია მთავრობისადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. კერძოდ, უწყების ცნობით, ონის მუნიციპალიტეტში 11,8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური აშენდება, ხოლო ჩხოროწყუს ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ იქნება.
„ეს იყო ორი ენერგეტიკული პროექტი, რომელთა განხორციელებაც სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში იგეგმება. ერთი პროექტი არის კვლევების დასრულების ფაზაში და მალე გადავა სამშენებლო ეტაპზე, ხოლო მეორე - კვლევების დაწყების ეტაპზე", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ჰიდროენერგეტიკის განვითარება მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის.
„ამიტომაც ახლა ვმუშაობთ ე.წ. CFD მხარდაჭერის სქემის ფარგლებში მეორე აუქციონის ჩატარებაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საინვესტიციო პროექტები სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იყოს ფასის გარანტიებით, რაც ინვესტორებს მისცემს საშუალებას, უფრო ადვილად შეძლონ ფინანსური რესურსების მობილიზება და პროექტების განხორციელება", - განაცხადა დავითაშვილმა.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით დაინერგა განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
აღმოსავლეთ საქართველოში ხუთი ჰესი აშენდება>>>
პირველ აუქციონზე გაიმარჯვა 27-მა კომპანიამ, რომლებმაც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი უნდა განახორციელონ.
27 ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება დაახლოებით 1,1 მლრდ კვტ/სთ ენერგიის გამომუშავება ყოველწლიურად, ხოლო ამ პროექტებში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა ჯამურად 400 მლნ დოლარს გადააჭარბებს.
განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
„თქვენ იცით, რომ იგეგმება წლის ბოლომდე, 2023 წელს 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრე შევიდეს ექსპლუატაციაში, რაც, ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტო შედეგი იქნება და მომავალ წლებში ჩვენ ამ დინამიკას შევინარჩუნებთ", - აღნიშნა მინისტრმა.
ოქტომბრის ბოლოს მთავრობამ შიდა ქართლის რეგიონში ხუთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დააანონსა, რისთვისაც 167 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
ხუთი პროექტის რეალიზაციისთვის და ელექტროსადგურების ხელშეწყობისთვის უნდა ჩატარდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები.
კვლევების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ახალი ჰესები, რომელთა დადგმული სიმძლავრე 118 მგვტ-ზე მეტი იქნება, აშენდება ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში.
ყველა ახალი ამბავი
0