იმპორტჩანაცვლება პრიორიტეტულია – მინისტრის მოადგილე ელექტროენერგიის მოხმარებაზე

© photo: Sputnik / Andranik GhazaryanЛиния электропередач
Линия электропередач - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2023
გამოწერა
ამჟამად საქართველოს ელექტროსისტემის დადგენილი სიმძლავრე 4.596 მგვტ–ს შეადგენს.
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ჩვენი ამოცანაა მინიმუმამდე დავიყვანოთ მოთხოვნის ზრდის იმპორტის ხარჯზე დაკმაყოფილების აუცილებლობა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ზრდადი მოხმარების ფონზე აუცილებელია ამ სექტორის განვითარება. მთავრობის გეგმაშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
„ქვეყნის ადგილობრივი გენერაციის ძირითადი წყარო ჰიდროელექტროსადგურებია. მათგან ძირითადი დატვირთვა მარეგულირებელ ჰესებზე მოდის და მთლიანი კალათის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, მინიმუმამდე დავიყვანოთ მოთხოვნის ზრდის იმპორტის ხარჯზე დაკმაყოფილების აუცილებლობა“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მიქაუტაძე მონაწილეობდა სემინარის მუშაობაში, რომელიც საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის, რეფორმებს, გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს შეეხებოდა. სემინარში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკულ სექტორში მონაწილე სხვა მხარეების წარმომადგენლები.
სიტყვით გამოსვლისას მიქაუტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებულ მდგომარეობაზე. მისი თქმით, ქვეყნის ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4.596 მგვტ-ია.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება დარგში ინვესტიციების მოზიდვაზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. კერძოდ, კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რათა ინვესტორები ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორით დაინტერესდნენ.
რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება?>>
„ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ 2012 წლიდან ექსპლუატაციაში შევიდა 66 ელექტროსადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით – 1.211 მგვტ. მათი ჯამური წლიური გენერაციაა დაახლოებით 6.326 მგვტ/სთ, ხოლო ჯამურმა ინვესტიციამ დაახლოებით 1.901 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მისი თქმით, საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კონკურენციისა და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლის მიზანს განახლებადი ენერგიების ათვისებისათვის ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.
მხარდაჭერის სქემის ფარგლებში იგეგმება მომდევნო სამ წელიწადში აუქციონების გამოცხადება, ჯამში, 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობაზე.
მინისტრი: საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის განსაკუთრებული პოტენციალი აქვს>>
გარდა ამისა, სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დღიდან 15 წლის განმავლობაში ფასებს შორის სხვაობის ე.წ. CFD–ს შეთანხმების მიხედვით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
პირველი აუქციონი 300 მეგავატ სიმძლავრეზე მიმდინარე წლის 10 თებერვალს იყო გამოცხადებული და წარმოდგენილი იყო 78 წინადადება.
აუქციონის მიმართ დაინტერესება ინვესტორების მხრიდან იყო ძალიან მაღალი, ვინაიდან პირველი აუქციონის გამოცხადებულ 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე წარმოდგენილი იყო 900 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის განცხადებები (300 მგვტ განაწილდა შემდეგნაირად: 150 მგვტ ჰესებზე, 70-70 მგვტ ქარისა და მზის ელექტროსადგურებზე და 10 მგვტ ენერგიის განახლებად წყაროებზე მომუშავე სხვა ელექტროსადგურებზე).
„მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლა“ - რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს მთავრობა>>
აუქციონზე გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც საქართველოში 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ.
ელექტროგენერაციის ეს 27 სადგური ამოქმედების შემდეგ ჯამურად შეძლებს ყოველწლიურად 1.1407 მლრდ კვტ/სთ ენერგიის გამომუშავებას, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტებში განხორციელდება, ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მთავრობა მეორე აუქციონის გამოცხადებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.
ენერგოკაბელი
მიქაუტაძემ სიტყვის გამოსვლისას ასევე გაამახვილა ყურადღება მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე.
ენერგოდამოუკიდებლობა, როგორც პრიორიტეტი - საქართველოში ადგილობრივი გენერაცია გაგრძელდება>>
აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას ითვალისწინებს. ამ ხაზის მეშვეობით ელექტროენერგია საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ევროპას მიეწოდება.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
საქართველოდან ევროპაში ენერგოკაბელის გაყვანა - პრემიერმა დეტალებზე გაეროში ისაუბრა>>
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
მზარდი მოთხოვნა
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები>>
მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველომ არა მარტო დააკმაყოფილა ქვეყნის მოთხოვნილება, არამედ ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განახორციელა.
ESCO–ს ცნობით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ექსპორტი გაიზარდა 51,2%-ით და 1,5 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. ექსპორტირებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი – 1,3 მლრდ კვტ/სთ, მთელი ექსპორტის 88,8% თურქეთში გაიტანეს.
საანგარიშო პერიოდში საქართველომ ელექტროენერგია ექსპორტზე ასევე გაიტანა აზერბაიჯანში – 86,17 მლნ კვტ/სთ, სომხეთში – 78,46 მლნ კვტ/სთ და რუსეთში – 0,18 მლნ კვტ/სთ.
მიმდინარე წლის იანვარ–სექტემბერში საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია დაახლოებით 11,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 1,9%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის იანვარ-სექტემბერში. ამავე პერიოდში ელექტროენერგიისმოხმარება, 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7,6%-ით შემცირდა და 10,3 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0