ენერგოდამოუკიდებლობა, როგორც პრიორიტეტი - საქართველოში ადგილობრივი გენერაცია გაგრძელდება

© Pixabay / Bru-nOნათურები
ნათურები - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2022
გამოწერა
საქართველოში 2022 წლის ცხრა თვეში 11 მილიარდამდე კვტ/სთ გამომუშავდა, რაც გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით მაქსიმუმია.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარების წასახალისებლად მხარდაჭერის ხარისხობრივად ახალი მექანიზმები საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადად აჩვენა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, რაც საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებებია.

„იმისათვის, რომ შემცირდეს ენერგოდამოკიდებულება მეზობელი ქვეყნების რესურსებზე, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც შეთანხმდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მშენებლობის წახალისებას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელი ენერგეტიკის სფეროში რიგი პარამეტრების მიხედვით რეკორდულია. 2022 წლის ცხრა თვეში საქართველოში გამომუშავდა თითქმის 11 მლრდ კვტ/სთ, რაც გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით მაქსიმუმია.
„ეს მაჩვენებელი 23%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 15%-ით – 2018 წლისას, როდესაც გამომუშავების მაქსიმუმი დაფიქსირდა. ამასთან, საქართველომ ექსპორტზე გაიტანა 990 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც ასევე რეკორდულია ბოლო ათწლეულის განმავლობაში“, – განაცხადა მინისტრმა.
გარდა ამისა, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ინვესტორებთან ენერგეტიკულ სფეროში ხელი მოეწერა 63 მემორანდუმს, რაც წლიური დაანგარიშებით ადგილობრივ გენერაციას 1,6 მლრდ კვტ-სთ-ს დაუმატებს. აღნიშნული ინვესტიციების ფარგლებში აშენდება 26 ჰიდროელექტროსადგური, 7 ქარის ელექტროსადგური და 30 მზის ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 454 მგვტ-ს შეადგენს.
ლევან დავითაშვილი: „ნამახვანჰესი" სტრატეგიულ პროექტად რჩება>>
დავითაშვილის განცხადებით, ასევე ძალზე მნიშვნელოვანია „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი“, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს.
თუ პროექტი განხორციელდა, 1000 მგვტ სიმძლავრის 1.195 კმ სიგრძის კაბელი საქართველოს დააკავშირებს აღმოსავლეთ ბალკანეთთან, რაც სამხრეთ კავკასიასა და ევროპას საშუალებას მისცემს, გამოიყენოს გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობები და განახორციელოს ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
„რა თქმა უნდა, ეს პროექტი, ეროვნული მნიშვნელობის გარდა, არის რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგოუსაფრთხოების პროექტი და მასში მნიშვნელოვნად იქნებიან ჩართული როგორც ევროკავშირი, ასევე აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის გახსნა ისევ გადაიდო>>
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენერგეტიკული რესურსების მიწოდების წყაროების უზრუნველყოფა და მათი დივერსიფიცირება, არამედ საიმედო და კარგად განვითარებული გადამცემი ინფრასტრუქტურის არსებობა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი აირის მიწოდების სფეროში.
დავითაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიცირებით შემუშავებული და დამტკიცებული ქვეყნის ათწლიანი განვითარების ხედვის ფარგლებში ორივე სექტორისთვის შემუშავებულია გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმები, რომელთა მიზანია საქართველოში ეკონომიკურად მდგრადი, საიმედო და ეფექტური ინფრასტრუქტურის განვითარება.
საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა - ექსპერტი მიზეზებზე საუბრობს>>
„აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების პროგრამა. თითქმის დასრულდა 2019-2021 წლების გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები და დაიწყო 2022-2024 წლების გეგმის განხორციელება. გეგმის ფარგლებში დამატებით 244 დასახლებული პუნქტის 39.698 ოჯახს მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში. გეგმის დასრულების შემდეგ საქართველოს მოსახლეობის (თბილისის ჩათვლით) დაახლოებით 93 პროცენტს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპასა და მსოფლიოში", – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0