„ქოლ-ცენტრების" საქმე - პროკურატურამ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარმოადგინა

© photo: Sputnikსაქართველოს პროკურატურა - სიმბოლიკა
საქართველოს პროკურატურა - სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2023
გამოწერა
თაღლითური ქოლ-ცენტრებისგან მიყენებულმა ზარალმა რამდენიმე მილიონი ევრო შეადგინა, განაცხადეს პროკურატურაში.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 11 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლებთან ერთად 23 ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, საქართველოში თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოსავლენად მასშტაბური ღონისძიებები ჩაატარა, განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.
საქართველოში 2023 წლის ივლისში შვეიცარიულ მხარესთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა ტრანსნაციონალური თაღლითური ე.წ. ქოლ-ცენტრების და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც საქართველოს გარდა არაერთ, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც მოქმედებდნენ.
ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ასეულობით ვებ-გვერდის გამოყენებით ქმნიდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ.
ორგანიზებული ჯგუფის სამიზნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის ძირითადად შვეიცარიის და გერმანიის მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, ზიანი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს.
თბილისში დანაშაულებრივი „ქოლ-ცენტრი" გამოავლინეს>>
საქართველოში ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე „ქოლ-ცენტრის", ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებული იქნა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ-მოძრავ ქონებებს, საბანკო ანგარიშებს და მათზე განთავსებულ ფულად თანხებს.
ბოლო წლებში, საქართველოს პროკურატურაში, ტრანსნაციონალური, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად, პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ათეულობით ფიზიკური და რამდენიმე იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ.
ამავდროულად, საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების ორგანიზატორების მხილების მიზნით.
ქოლ-ცენტრების" საქმე
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" დიდი ხანია აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი „ქოლ-ცენტრების" უკან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში ამის თაობაზე ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ს სიუჟეტი გავრცელდა.
ირაკლი კობახიძე: თავდაცვის ექს-მინისტრი პენსიონერებს ძარცვავს და ოპოზიციას აფინანსებს>>
ბრიტანული ტელეკომპანიის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ, დავით კეზერაშვილი დგას.
„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კეზერაშვილი აფინანსებს მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". „ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს კეზერაშვილი ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელი იყო.
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დანაშაულებრივ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური „კრიშავს". მათი თქმით, არ შეიძლება, რომ სპეცსამსახურებს არ შეემჩნიათ საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობა დედაქალაქში.
საქართველოს პროკურატურის მონაცემები
საუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ.
ტოქსიკური და სარისკო - დეპუტატი ქართულ პოლიტიკაში კეზერაშვილის მონაწილეობაზე>>
საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საგამოძიებო ორგანოებმა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითები სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ათავსებდნენ რეკლამას მომგებიანი ინვესტირების შესახებ. ხოლო ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ურეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ფულს კი, ვინც თანხმობას აცხადებდა ინვესტირებაზე, თაღლითები ითვისებდნენ.
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება 2021 წელს დაიწყო.
საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით.
შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
კეზერაშვილმა ВВС-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა>>
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0