კეზერაშვილმა ВВС-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

© AFP 2024 / ANNE-CHRISTINE POUJOULATდავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2023
გამოწერა
თავდაცვის ყოფილ მინისტრს თანხების გაფლანგვისთვის საქართველოში დაუსწრებლად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრმა, ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია ВВС-ს წინააღმდეგ სარჩელი ოფიციალურად შეიტანა ჟურნალისტური გამოძიების გამო, სადაც ლაპარაკია მის კავშირზე დანაშაულებრივ ქოლ-ცენტრებთან.
ВВС ამტკიცებს, რომ ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე „მისტერ ოფშორი" საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან დგას, რომლის მსხვერპლი ევროპელი პენსიონერები გახდნენ. პენსიონერებს ტელეფონით არწმუნებდნენ თითქოსდა მომგებიანი კაპიტალდაბანდების თაობაზე, სინამდვილეში კი მათ ფულს ითვისებდნენ. საუბარია მილიარდ დოლარზე მეტ თანხაზე.

„დღეს მე BBC-ს წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ს სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან „ქოლცენტრებთან" დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან", – ნათქვამია კეზერაშვილის განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს.

„ჩემ წინააღმდეგ იყო და დღემდე გრძელდება შევიწროების, მუქარის და დევნის კამპანია ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან", – ნათქვამია განცხადებაში.

კეზერაშვილმა BBC-ს მხრიდან უპასუხისმგებლობა უწოდა ისეთი სიუჟეტის ეთერში გაშვებას, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო საფუძველი, რომ მისთვის ასეთი სერიოზული ბრალდებები წაეყენებინათ.
„მას შემდეგ, რაც BBC-მ ეს ტყუილები გამოაქვეყნა, ქართული რეჟიმი აგრძელებს ამის პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებას, როგორც მისი ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს, რათა შელახოს ჩემი, როგორც კრიტიკული ტელეარხი "ფორმულის" დამფუძნებლისა და საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამცველის რეპუტაცია", – აღნიშნულია კეზერაშვილის განცხადებაში.
ვინ „კრიშავს" საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრებს? - გომელაური ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს>>
დავით კეზერაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მან საქართველო დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
რაში სჭირდება კეზერაშვილს ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისია - პაპუაშვილის პასუხი>>
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც "მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
საქართველოს პროკურატურის მონაცემები
საუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ.
ევროკავშირის დროშას აფრიალებენ და პენსიონერების ჯიბეში ხელს აფათურებენ - ცაგარეიშვილი>>
საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საგამოძიებო ორგანოებმა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითები სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ათავსებდნენ რეკლამას მომგებიანი ინვესტირების შესახებ. ხოლო ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ურეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ფულს კი, ვინც თანხმობას აცხადებდა ინვესტირებაზე, თაღლითები ითვისებდნენ.
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება 2021 წელს დაიწყო.
საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით.
შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.
ყველა ახალი ამბავი
0