შავი დღე აშშ-ის მხრიდან საქართველოს დახმარების ისტორიაში: USAID-სგან განმარტებას ელოდებიან

CC0 / US Embassy / USAID Funded Samaritan'sაშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2023
გამოწერა
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ელოდება განმარტებებს, თუ რატომ გამოიყენება ამერიკელი ხალხის ფული რევოლუციური პროცესების დასაგეგმად, სხვა ქვეყანაში არეულობისა და ძალადობის პროვოცირებისთვის ხალხის მოსამზადებლად, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ორშაბათს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის მოწვევით 25 სექტემბერს საქართველოში ჩამოსული სერბეთის სამი მოქალაქის, ორგანიზაცია CANVAS-ის წევრების ვიზიტის რეალური მიზანი იყო ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება, რომლებიც ქვეყანაში რევოლუციური პროცესების ძირითადი ბირთვი უნდა გახდეს.

„ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, როდესაც ვხედავთ, რომ, როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, მოხდეს ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართულია ამერიკელი ხალხის ფული. ამიტომაც მნიშვნელოვანია შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს USAID-ს მხრიდან, რომელიც უკვე მერამდენედ ეხვევა ასეთ სკანდალში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს პირველმა პირმა ასევე გაიხსენა, რომ საქართველოს ხელისუფლებას USAID-სგან ჯერაც არ მიუღია ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ უმალავდნენ საზოგადოებას ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED), რომლის დონორებიც თავად არიან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არასწორი მონაცემები გამოაქვეყნა.

„დღემდე არ გაუკეთებია ამაზე კომენტარი და განმარტება USAID-ს წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები ყალბი იყო. ისინი ხედავდნენ, რომ ეს ყალბი პარალელური დათვლის შედეგები არეულობის საფუძველი გახდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საუბარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლის არასწორ შედეგებზე. მოგვიანებით, ISFED-მა შეცდომა საჯაროდ აღიარა, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კი თანამდებობა დატოვა. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ორგანიზაცია დაკავებული იყო შედეგების გაყალბებით და მიზანმიმართულად ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„გააკეთონ განმარტებები, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის და გადასახადის გადამხდელების ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის ჯგუფების მომზადებისთვის, რომელთაც არეულობა უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება მოახდინონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამერიკული მხარისგან განმარტებების მიღების აუცილებლობაზე განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც.

„რა თქმა უნდა, დაგვჭირდება განმარტებების მიღება ამასთან დაკავშირებით – რატომ დაფინანსდა USAID-ს მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ს დაფინანსება. ჩვენ დაგვჭირდება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან განმარტებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

სუსმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგეგმება დესტაბილიზაცია და არეულობები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით. უწყების ცნობით, საქართველოში არეულობები დაიგეგმა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
USAID-ს მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები საქართველოში რევოლუციას გეგმავდნენ>>>
2 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი საქართველოში 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ.
სუსის ინფორმაციით, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან. სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკის და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას.
ისინი არიან ორგანიზაცია „კანვასის“ (CANVAS) მმართველი რგოლი, გარდა ამისა, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.
აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის მიზეზად დასახელდა კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგის ჩატარება „სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ მიმართულებით, თუმცა გამოძიებამ აჩვენა, რომ მათი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ ყოფილა.
პროვოკაციების რისკი იზრდება - „ოცნებაში" აქციების ჩატარების გამკაცრების მიზეზი დაასახელეს>>>
უწყების ცნობით, 2023 წლის 26-29 სექტემბერის პერიოდში ერთ-ერთ სასტუმროში მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლების, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფის გადამზადება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.
უწყების ინფორმაციით, USAID-ს მიერ დაფინანსებული კონფერენცია 26-29 სექტემბერს ორგანიზებული იყო „CANVAS-საქართველოსა" და East-West Management Institute-ის მიერ. ოთხდღიან ტრენინგში მონაწილეობდნენ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები.
სუსის ცნობით, სერბეთის მოქალაქეებმა ჯგუფს ჩაუტარეს სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ.
ასევე როგორ უნდა მოაწყონ გზებზე პიკეტები და შექმნან ხელოვნური „საცობები“, ადმინისტრაციული შენობების წინ მოაწყონ კარვები, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, როგორი ძალადობრივი პასუხი უნდა გასცენ მათ კანონიერ მოთხოვნებზე. აგრეთვე მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და ამ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე.
ასევე ტრენინგი ეხებოდა აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებს, როგორ უნდა შეიჭრან პარლამენტის შენობაში, გათიშონ მაუწყებლობის სადგურები და ხელში აიღონ ძალაუფლება. სერბეთის მოქალაქეებმა ტრენინგების დროს შედარებითი ანალიზისთვის მოიყვანეს სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი.
ყველა სამაგალითოდ დაისჯება - პრემიერი სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ>>>
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 29 სექტემბერს ადვოკატების და თარჯიმნების თანდასწრებით გამოკითხეს. გამოკითხის დროს ისინი შეეცადნენ შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი – მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს და აგრეთვე რიგ დეტალებში ურთიერთგამომრიცხავიც არის.
სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 30 სექტემბერს გაემგზავრნენ საქართველოდან ბელგრადის მიმართულებით.
სუსმა აღნიშნული პირების მიმართ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი წარმოადგინა, რომლის განსაიდუმლოება მოხდა პროკურორის მიერ, საქმეზე მზარდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
უწყების ინფორმაციით, USAID-ს მიერ დაფინანსებული კონფერენცია 26-29 სექტემბერს ორგანიზებული იყო „CANVAS-საქართველოსა" და East-West Management Institute-ის მიერ. ოთხდღიან ტრენინგში მონაწილეობდნენ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები.
ყველა ახალი ამბავი
0