პაპუაშვილი: USAID-მა იცოდა, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგები სწორი არ იყო

  - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2023
გამოწერა
პაპუაშვილის განცხადებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დღემდე არ გაუკეთებია განცხადება, თუ რატომ მალავდა ამ ინფორმაციას.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საპარლამენტო არჩევნებიდან მე-40 დღეს, მას შემდეგ, რაც პარლამენტი შეიკრიბა, აღიარა, რომ შედეგები, რომელიც მათ გამოაცხადეს, სწორი არ იყო, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, USAID-მა (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო), რომელიც ISFED-ის დონორია, სამი კვირით ადრე იცოდა, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგები სწორი არ იყო, მაგრამ დღემდე არ გაუკეთებია განმარტება, რატომ უმალავდნენ ამას საქართველოს მოსახლეობას.

„დღემდე არ მოგვისმენია განმარტება USAID-ს მხრიდან, რატომ უმალავდნენ ქართულ საზოგადოებას, პარტნიორს – საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტს. მაშინ, როდესაც ქუჩაში იმართებოდა დემონსტრაციები სწორედ ამ კამპანიაზე დაფუძნებით. დღემდე ამაზე პასუხი არ არის და გაურბიან პასუხს. ჩვენ ვხედავდით, რომ ხმის პარალელური დათვლის ეს ყალბი რიცხვები გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ISFED 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის (PVT) მეშვეობით ცესკოს პარალელურად აწარმოებდა. „სამართლიანი არჩევნების“ შიდა აუდიტმა გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.
კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ISFED-მა განაცხადა, რომ ამის შედეგად საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, რაც გავლენას არ მოახდენდა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. მოგვიანებით ISFED-ის მიერ ხმების დათვლის შესწორებული შედეგები ძალიან დაუახლოვდა ცესკოს მიერ გამოცხადებულ შემაჯამებელ მონაცემებს – თითოეული საარჩევნო სუბიექტის შემთხვევაში ცდომილება 1%-ზე ნაკლები იყო.
მანამდე ოპოზიცია ISFED-ის მონაცემების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ მან კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი ადგილების მიღება შეძლო.
მოგვიანებით მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლების მიწვევაზე უარი თქვა.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 1995 წელს დაარსდა საარჩევნო პროცესებზე სამოქალაქო მონიტორინგის მიზნით. დაარსების მომენტიდან დღემდე „სამართლიანი არჩევნები“ საქართველოში ჩატარებულ 20-ზე მეტ არჩევნებში მონაწილეობდა დამკვირვებლის სტატუსით.
ყველა ახალი ამბავი
0