სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი გვაქვს - კობახიძე კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებზე

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2023
გამოწერა
ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა ოთხი საკითხი, რომელთა მიხედვითაც ევროკომისიას სურს იხილოს პროგრესი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მცირე საბაბიც კი არ დარჩეს და იმედოვნებს, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, განუცხადა ჟურნალისტებს ბრიფინგზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველო ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის დეკემბერში ელოდება. ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.

„ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც რადიკალურ ოპოზიციას გამოაცლის ხელოვნურ საბაბს ქვეყანაში რადიკალიზმის გასაღვივებლად და თვისობრივად შეამცირებს ე.წ. პოლარიზაციას, რომლის შენარჩუნება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესებში შეიძლება შედიოდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ისაუბრა წინა კვირაში ევროკომისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე, სადაც გამოიკვეთა ოთხი საკითხი, რომელთა მიხედვითაც ევროკომისიას სურს იხილოს პროგრესი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოთხოვნებს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს. „ამაზე შევჯერდით დღეს უმრავლესობის სხდომაზე“, – აღნიშნა მან.
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე განიხილებოდა დამატებითი შესწორებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში.
50/50-ზე: კობახიძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები შეაფასა >>

„კონსულტაციების გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე შეიმუშავა შესაბამისი კანონპროექტი, რომლის ინიცირება მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება და ის გაეგზავნება ვენეციის კომისიას. ესეც იყო ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა, რასაც ასევე სრულად ვპასუხობთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე, მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხს ეხება. პარლამენტი ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილავს და მიიღებს.
ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, მიმდინარე კვირის ბოლომდე კანონპროექტი ვენეციის კომისიასაც გადაეგზავნება.
„ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ..." - ბორელმა საქართველოს მიმართა>>>
ასევე მიმდინარე კვირის ბოლომდე ვენეციის კომისიას გადაეგზავნება კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტი 19 სექტემბერს მესამე და საბოლოო მოსმენით ჩააგდებს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც ეყრდნობა ე.წ. პერსონალურ მიდგომას, და კვირის ბოლომდე სამოქმედო გეგმის პროექტს ვენეციის კომისიას გაუგზავნის.
კობახიძის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს საექსპერტო ჯგუფ Moneyval-ის რეკომენდაციით უახლოეს დროში დამტკიცდება ეროვნული რისკების შეფასების დოკუმენტი ფულის გათეთრების შესახებ.
დეოლიგარქიზაციის დაძლევა - საქართველოს მთავრობის გეგმა ევროკავშირის პირობის შესასრულებლად >>
აგრეთვე მომზადდება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის პირველადი პროექტი.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ყველა ახალი ამბავი
0