დეპუტატებმა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ - შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2023
გამოწერა
მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის ხელმოწერების შეგროვება დააანონსა.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. დეპუტატებს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე გადაწყვეტილების მიღებისას პოლიტიკური პასუხისმგებლობით ხელმძღვანელობა მოუწევთ კონსტიტუციის დამტკიცებული დარღვევის ფონზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის ხელმოწერების შეგროვება დააანონსა. პრეზიდენტი, მიუხედავად მთავრობის უარისა, ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვის წინ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა.

„დადგება საკითხი უკვე ყველა პარლამენტის წევრისა – რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნის შემდეგ ყველამ საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხში მთავარია ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის საკითხი.
„ქართველმა ხალხმა და, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ჩვენ, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას. საქართველოს პრეზიდენტი თუ პატივს არ სცემს ჩვენს კონსტიტუციას და ჩვენ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, მაშინ არავინ არ სცემს პატივს არც ჩვენს კონსტიტუციას და არც ჩვენს სახელმწიფოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი - მიზეზები და ოპოზიციის გადაბირების პერსპექტივები>>
მისი თქმით, კონსტიტუციის დარღვევის გამართლება არაფრით არ შეიძლება.
„რაც შეეხება ამ ვიზიტებს, ვფიქრობ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების თუ სხვების გამოხმაურებებში, არავინ არ უარყოფს, რომ ეს არის აშკარა დარღვევა კონსტიტუციისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. არის მცდელობები, რომ სხვადასხვა მოტივაციით გაამართლონ. არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს. ეს არის ყველაზე ძირეული საკითხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ ოპოზიციის ნაწილი წინააღმდეგ წავა.
შეძლებს თუ არა „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს – ექსპერტის მოსაზრება>>
„რადიკალურ ოპოზიციას რაც შეეხება, მე მგონი, მათ უკვე წინასწარ გააჟღერეს საკუთარი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, მაგრამ ვნახოთ, მოვა მომენტი და ამ მომენტში ექნება ყველას მისაღები გადაწყვეტილება. ვფიქრობ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაც იქნება, საკითხის სიმარტივიდან გამომდინარე, რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა, და ამის პირობაზე თუ ვინმე მიიღებს ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, ესეც მათთვის პოლიტიკურად მძიმე გადაწყვეტილება იქნება, რომ კონსტიტუციის დარღვევას დაარქვან არდარღვევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
იმპიჩმენტის მიზეზი და პროცედურები
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც საზღვარგარეთ ვიზიტებზე მთავრობის უარს ყურადღება არ მიაქცია. უარის მიზეზად ხელისუფლებამ დაასახელა ის, რომ ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
ზურაბიშვილი ცდილობს ერთგვარი წაუგებელი თამაში ითამაშოს - ირაკლი კობახიძე იმპიჩმენტზე>>
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისგან განსხვავებით, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და, შესაბამისად, მისთვის უარის თქმა საზღვარგარეთ ვიზიტებზე ლოგიკურია.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ“.
პრეზიდენტმა კონსტიტუცია არ უნდა დაარღვიოს - პოლიტოლოგი>>
პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, მხოლოდ 84 მანდატი აქვს. ანუ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილს თანამდებობიდან ვერ გადააყენებენ.
„ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის ურთიერთობა
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
ჰქონდა თუ არა უფლება: საქართველოში აქტიურად განიხილავენ ზურაბიშვილის ვიზიტს გერმანიაში>>
გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.
ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კიდევ გაუარესდა.
2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
პეტრე მამრაძე: საქართველოს პრეზიდენტის ვოიაჟი ევროპაში კერძო პირის ვიზიტია>>>
მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია“, რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0