ზურაბიშვილი ცდილობს ერთგვარი წაუგებელი თამაში ითამაშოს - ირაკლი კობახიძე იმპიჩმენტზე

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2023
გამოწერა
მმართველი პარტიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობის უარი პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით დასაბუთებულია როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ერთი მხრივ, ხელს უშლის ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, მეორე მხრივ კი, სტატუსის მიღების შემთხვევაში სურს ამით ქულები დაიწეროს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
პარასკევს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც იგი ევროპულ ტურნეში გაემგზავრა მთავრობის თანხმობის გარეშე, რასაც კონსტიტუცია მოითხოვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ზურაბიშვილის ვიზიტის მიზანია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის მოსაპოვებლად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა.

„სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ითამაშოს ერთგვარი წაუგებელი თამაში. ერთი მხრივ, მან იცის, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და სურს მოვლენების ამგვარი შესაძლო განვითარებიდან ქულები თავად დაიწეროს. მეორე მხრივ კი, ის ეცდება, რამდენადაც შესაძლებელია, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას შეუშალოს ხელი“, – განაცხადა კობახიძე ბრიფინგზე.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც უცხოეთში მთავრობის უარის მიუხედავად გაემგზავრა, ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია.
„საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში.

„კონსტიტუციის ტექსტი მისი არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის მინიმალურ სივრცესაც კი არ ტოვებს“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.

კობახიძის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საქართველოს მთავრობისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომლებიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება.
„კერძოდ, მისი პოზიციაა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მეტიც, მისი განცხადების თანახმად, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ახლაც მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც ნიშნავს, რომ, მისი აზრით, საქართველო კანდიდატის სტატუსს არც ახლა იმსახურებს“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს>>>
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„ამგვარი დამოკიდებულების (ზურაბიშვილის საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხისადმი) ფონზე აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი ევროპული ვიზიტი კონტრპროდუქტიულია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით და პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საქართველოს მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის უარი „პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით დასაბუთებულია როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“.
„ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს – ეს არის იმპიჩმენტი.
კობახიძის თქმით, პარტია აცნობიერებს, რომ იმპიჩმენტის მიღწევა არარეალური იქნება, რადგანაც საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე გერმანიაში გამგზავრებით დაიწყო, სადაც 31 აგვისტოს თავის გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა შეხვედრა.
ჰქონდა თუ არა უფლება: საქართველოში აქტიურად განიხილავენ ზურაბიშვილის ვიზიტს გერმანიაში>>>
საქართველოს პრეზიდენტი 2023 წლის შემოდგომაზე გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიასა და დანიაში ჩასვლას გეგმავდა, დეკემბერში – ჩეხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში. მთავრობამ მას ყველა ვიზიტზე უარი უთხრა.
საქართველო მოლოდინის რეჟიმში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.
ვოლსკი: ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად>>>
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
გარდა ამისა, როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია.
„ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის ურთიერთობა
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.
პეტრე მამრაძე: საქართველოს პრეზიდენტის ვოიაჟი ევროპაში კერძო პირის ვიზიტია>>>
ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კიდევ გაუარესდა.
2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია“, რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0