ტრაგედია შოვში: გომელაურს პარლამენტში ელოდებიან

© photo: Sputnik / Stringerვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2023
გამოწერა
დეპუტატებს მინისტრთან შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში წარდგება და ამომწურავ პასუხებს გასცემს ოპოზიციის კითხვებს შოვში მომხდარი ტრაგედიის თაობაზე, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილმა.
მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისვლას ითხოვს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ინტერპელაცია არის ფორმატი, რომლის დროსაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს დეპუტატთა ჯგუფის შეკითხვებს, რომელიც, სულ მცირე, შვიდ კაცს ითვლის.

„რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციაზე მოვა და ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოებას ხელისუფლებისგან კითხვებზე ამომწურავი პასუხები უკვე აქვს და კითხვებთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ არის", – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ შოვში სტიქიური უბედურების დროს ვერტმფრენებს ღამით ადამიანების ძებნა არ უნდა შეეწყვიტათ, ამასთან, ისინი ადგილზე დაგვიანებით ჩაფრინდნენ. ისინი ასევე მოითხოვენ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.
კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელიც გამოიძიებდა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს, გამოავლენდა პასუხისმგებელ პირებს, ასევე იმას, შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება და სახელმწიფო უწყებების უკეთ მოქმედება, ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", პარტია „ლელო საქართველოსთვის" და პარტია „ხალხისთვის".
ჩვენი მიზანი სიმართლის დადგენაა - გახარიას პარტია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე>>
კომისიის შექმნის წინააღმდეგია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". „ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია შოვის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას აპირებს.
ბოლო მონაცემებით, მეწყრის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად შვიდი ადამიანი ითვლება. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს. საქმეს საქართველოს პროკურატურა იძიებს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
უსაფუძვლო და უადგილოა: „ქართული ოცნება" შოვის ტრაგედიაზე კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს>>
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
რა მოხდა შოვში? ოპოზიციის ნაწილი კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს>>
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
ყველა ახალი ამბავი
0