„ხალხის ძალამ“ კელი დეგნანი „ლიბერალ-ფაშისტური“ ორგანიზაციების დაფინანსებაში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Stringerსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2023
გამოწერა
პარტიამ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ბორჯომში „ლიბერალური აკადემიის“ უკვე მეხუთე ბანაკი შეკრიბა, მაგრამ მათმა მოწინააღმდეგეებმა ეს შეკრება ჩაშალეს.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ქვეყანაში ლიბერალ-ფაშისტური ორგანიზაციების მიმართ სიმპათიით არის განწყობილი, რაც გასულ კვირაში მათთვის აღმოჩენილი დახმარებით დადასტურდა, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში, რომელიც პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატებმა დააფუძნეს.
საუბარია პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ სემინარზე, რომელიც ბორჯომში 17 ივნისს საპროტესტო აქციის გამო ჩაიშალა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ არავის მისცემენ უფლებას, ბავშვებსა და სტუდენტებს თავს მოახვიონ ლიბერალური იდეოლოგია, ეკლესიის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და კერძო პირების შეურაცხყოფის ნებას.

„ქალბატონი კელი დეგნანი ვერასოდეს მალავდა მათ მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიებს. თუმცა, რაც მან სამი დღის წინ გააკეთა, ყველაფრის საუკეთესო ლუსტრაცია იყო. დეგნანმა ბორჯომში გაგზავნა ტრანსპორტი და შეშინებული „გირჩელები“ სამოქალაქო აქტივისტებს საელჩოს კუთვნილი მიკროავტობუსებით გამოარიდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტიამ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ბორჯომში „ლიბერალური აკადემიის“ უკვე მეხუთე ბანაკი შეკრიბა, მაგრამ მოწინააღმდეგეებმა ის ჩაშალეს. სემინარის მონაწილეებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ისვრიან მომიტინგეები ქვებს სასტუმროს ეზოში, სადაც უნდა გამართულიყო ღონისძიება, და შეურაცხყოფას აყენებენ ორგანიზატორებს.
იმავე დღეს განცხადება გააკეთა ამ აქციის მომწყობმა კონსერვატიულმა მოძრაობამ „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოძრაობა არასდროს მისცემს ნებას „დესტრუქციულ ძალებს“, ეკლესიის მტრებსა და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მსურველებს, რომ ახალგაზრდობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ განაწყონ.
ეს არანაირი ტრენინგი არ არის ბავშვებისთვის, არამედ ახალგაზრდების მომზადებაა რევოლუციური მიზნებისთვის, რაც დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობის სახით საზღვარგარეთიდან ფინანსდება, აღნიშნულია მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციასა და ოპოზიციურ პოლიტიკოსზე თავდასხმა - ხელისუფლების რეაქცია>>
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ სემინარები საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად არ აღმოჩნდა. უფრო ადრე გამოქვეყნებული ფოტო- და ვიდეომასალების მიხედვით, რომელიც ე.წ. თავისუფალი უიკენდების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, ეს არის ტრენინგი, რომ ახალგაზრდებს, მათ შორის, იარაღთან მოპყრობა ასწავლონ. ამისთვის სემინარებზე მენტორები ჩადიან.
მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ტელეკომპანია „იმედმა“ სკანდალური აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში ფარულად ჩაწერილი აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერები საუბრობენ, რომ ე.წ. თავისუფალი უიკენდები უნდა გადაიქცეს საპროტესტო მოძრაობად და პარტიის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს რევოლუციონერის როლის შესრულება მოუწევს.
უპასუხო კითხვები
„ხალხის ძალამ“, ტრადიციულად, კითხვით მიმართა აშშ-ის ელჩს და თან აღნიშნა, რომ ყველა წინა კითხვა უპასუხოდ რჩება.
„რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას? რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აფინანსებთ და აღვივებთ პოლარიზაციას? რატომ უქმნით ხელოვნურ ბარიერებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას?“ – ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ ასევე დაინტერესდა, რატომ არ ახსოვდა ელჩ დეგნანს მასმედიის თავისუფლება, როდესაც სემინარის ორგანიზატორებმა სამ ტელეკომპანიას გადაღების უფლება არ მისცეს.
რევოლუცია, ქაოსი, დესტაბილიზაცია - „ქართული ოცნების“ რეაქცია „გირჩის“ ლიდერის განცხადებაზე>>
„და, ბოლოს, გვაინტერესებს, რას ელით ხელისუფლებაში დაბრუნებული „ნაცმოძრაობისგან“ ისეთს, რასაც „ქართული ოცნება“ არ გიკეთებთ?“ – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაზუსტებით არაა ცნობილი, ვინ, რისთვის და რა მოცულობით აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს – „გირჩი – მეტი თავისუფლება“ (ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე), „დროა“ (ლიდერი ელენე ხოშტარია), ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილია“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრანკლინი კლუბი“ და სხვა „აგრესიულ და მაპოლარიზებელ ლიბერალ-ფაშისტურ დაჯგუფებებს“.
„შესაბამისად, საზოგადოებამ არც ის იცის, კონკრეტულად ვისგან და რა მოცულობით ფინანსდება რევოლუციური გეგმა, რომელზეც რადიკალური დაჯგუფებები დაუფარავად საუბრობენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
იქვე ნათქვამია, რომ საზოგადოებას ზოგადი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ ვინ უჭერს მხარს ამ ორგანიზაციებს.
სკანდალური შეხვედრა აკერმანთან
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზემოთ ნათქვამმა გაახსენათ ხმები, რომ დეგნანი ესწრებოდა 2022 წლის აპრილში ფართოდ გახმაურებულ შეხვედრას ბაკურიანში „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ (ICNC) დამფუძნებელთან, ამერიკელ ქოუჩთან პიტერ აკერმანთან.
„გირჩის" ლიდერი ახალგაზრდებს სისხლიანი რევოლუციისთვის ამზადებს? მმართველი პარტიის რეაქცია>>
როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, აკერმანი ატარებდა ტრენინგებს ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური ტელევიზიებისთვის რევოლუციების მოწყობის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, პარტიის „ლელო საქართველოსთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის, „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლები.
„ხალხის ძალის“ განცხადებით, ამ შეხვედრას აშშ-ის ელჩი საღამოს შეუერთდა.
„იქნებ, ქართულ საზოგადოებას დასდოთ პატივი და უთხრათ, რატომ ჩახვედით რევკომის შეხვედრაზე ბაკურიანში?“ – ნათქვამია განცხადებაში.
კანონპროექტი შედეგებით
„ხალხის ძალამ“ დეგნანს შეახსენა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მისი შეფასება. კანონპროექტი ამ მოძრაობის წარმომადგენელმა დეპუტატებმა შეიტანეს პარლამენტში და მას დეგნანმა მაშინვე რუსული კანონი უწოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას უხეში ტყუილი აკადრეთ და აგენტების ამერიკული კანონი რუსულ კანონად გამოაცხადეთ, რათა რევოლუციური ფინანსების გამჭვირვალობა აგერიდებინათ თავიდან, ხალხი მაინც ხედავს ყველაფერს“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის ელჩს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში და სახელმწიფოს შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი>>
„ხალხის ძალამ“ აღნიშნა, რომ არა აქვს დეგნანისგან პასუხების მიღების იმედი „ლეგიტიმურ კითხვებზე“, რადგან ის ყოველთვის თავს არიდებდა ამას.
„იმედია, ახალი ელჩი მაინც გაუწევს ანგარიშს ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და შეწყდება ლიბერალ-ფაშისტური რევოლუციის დაფინანსება, რისთვისაც ის თანხები იხარჯება, რომელსაც ცინიკურად საქართველოს დახმარებად ნათლავენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კელი დეგნანის, როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩის უფლებამოსილების ვადა წელს იწურება. მას რობინ დანიგანი შეცვლის. დეგნანი ამერიკულ დიპლომატიურ მისიას 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება სკანდალურ კანონპროექტს, თავდაპირველად ინიცირებული იყო პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. როგორც მისმა ავტორებმა განმარტეს, ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლის წყაროები, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენის მოხდენა.
კობახიძე: პრობლემები აშშ-ის ახალი ელჩის პირობებში მოგვარდება>>
კრიტიკოსებმა ამ კანონპროექტში საქართველოში დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს. მას შემდეგ, რაც კანონპროექტი დაგმეს ხელისუფლების ოპონენტებმა და დასავლეთმა, „ხალხის ძალამ“ ალტერნატივის სახით უფრო მკაცრი კანონპროექტის – უცხოური აგენტების შესახებ ამერიკული კანონის ანალოგის ინიცირება მოახდინა. ამის შემდეგ უკმაყოფილების ტალღა აგორდა – 2023 წლის 7–8 მარტს თბილისის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, რომ უარი ეთქვათ უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე, რომლის წინააღმდეგაც მანამდე გამოვიდნენ ევროკავშირში, ევროპის საბჭოში, გაეროში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი ქვეყნის ლიდერი.
შსს-მ არაერთხელ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, რომ კანონის ფარგლებში ემოქმედათ, მაგრამ, როდესაც პროტესტი აგრესიულ ფორმებს იღებდა, ერთვებოდა სპეცრაზმი, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეები ამტვრევდნენ პარლამენტის შენობის ფანჯრების მინებს, წვავდნენ ავტომობილებს, ისროდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. შედეგად, ხელისუფლებამ უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე უარი თქვა.
ყველა ახალი ამბავი
0