რევოლუცია, ქაოსი, დესტაბილიზაცია - „ქართული ოცნების“ რეაქცია „გირჩის“ ლიდერის განცხადებაზე

© photo: Sputnik / Stringerზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2023
გამოწერა
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოში რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა არ გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და თავად დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი გივი მიქანაძე ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს რადიკალებს უწოდებენ. ჯაფარიძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრია, განაცხადა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი პასუხი ნაკლებად სავარაუდოა. მისი თქმით, დასავლეთისკენ სვლის გაგრძელების ერთადერთი გზა ხელისუფლების შეცვლაა.
„ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგია, როგორმე ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს მიაჩნიათ ერთადერთ გამოსავლად, იქნებ როგორმე ხელისუფლებაში დასაბრუნებლად“, - განაცხადა მიქანაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში.
ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, რომ ქვეყანამ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში არ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი; ისინი საერთოდ არ ფიქრობენ საქართველოს პროგრესზე, საზოგადოების კეთილდღეობაზე და იმ ევროინტეგრაციაზე, რომელსაც თითქოს მხარს უჭერენ, აღნიშნა მიქანაძემ.
„ქართული ოცნება“: ევროკავშირის 12 პირობა ივნისის ბოლომდე შესრულდება >>
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დაინტერესებულია იმით, რომ ქვეყანაში ქაოსი იყოს.
„მათი ამოცანაა ქაოსი, დესტაბილიზაცია, ხალხი შეცდომებში შეიყვანონ და ამით რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწერონ და მღვრიე წყალში ჰგონიათ, რომ რევოლუციას მოახდენენ. ვერ ეღირსებიან, ქართული საზოგადოება, ამ ხელმოცარულებს მხარს არასდროს დაუჭერს და არასდროს მოიყვანს ხელისუფლებაში", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ჯაფარიძის განცხადებას მმართველი პარტიის გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა.
„მათი ოცნებაა ხელისუფლების ცვლილება, თუმცა მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა კარგად იცის, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და როგორ იმოქმედოს 2024 წლის არჩევნებზე“, - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, ბევრის ინტერესშია ქვეყანაში არეულობისა და რევოლუციის მოწყობა.
„სამწუხაროა, რომ არასამართლიანი და პოლიტიკით გაჯერებული გადაწყვეტილება იყო კანდიდატის სტატუსზე უარი და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ გამოეყენებინათ ქვეყნის შიგნით არეულობისთვის, დაპირისპირებისთვის. რევოლუციის მცდელობაც იყო, მაგრამ მერწმუნეთ, არავის არაფერი არ გამოუვა“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დღეს „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
„ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკას ატარებს და რომელშიც ჩვენი ქვეყნის, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებია გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს.
დეპუტატი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარისთვის არგუმენტი არ არსებობს >>
„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები ათობით კანონში შევიდა. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამას წინათ განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0