„ქართული ოცნება“: ევროკავშირის 12 პირობა ივნისის ბოლომდე შესრულდება

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2023
გამოწერა
პოლარიზაცია პრობლემური მომენტია, პოლარიზაცია რეფორმებით ვერ დასრულდება, დეპოლარიზაციას ოპოზიციაში რადიკალიზმის შემცირება სჭირდება, განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა.
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკომისიის 12 პუნქტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის არის საჭირო, ივნისის ბოლომდე შესრულდება.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება და ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. იმედი გვაქვს, ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, სამართლიანი იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
მისი თქმით, შარშან ევროპული საბჭომ ქართული საზოგადოებისთვის გულდასაწყვეტი გადაწყვეტილება მიიღო.
„იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კობახიძემ.
გერმანიის კანცლერი: გერმანია კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსგან რეფორმებს ელის >>
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ხელისუფლება მუდმივად უზიარებს ინფორმაციას პარტნიორებს რეფორმების განხორციელების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყველაზე პრობლემური პუნქტი კვლავ პოლარიზაციაა.
„რა თქმა უნდა, პოლარიზაცია არის პრობლემური პუნქტი, პოლარიზაცია რეფორმებით ვერ დასრულდება, პოლარიზაციას ოპოზიციაში რადიკალიზმის შემცირება სჭირდება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება. რაც შეეხება იმ პუნქტებს, რაზეც ჩვენ პასუხისმგებლობა გვეკისრება, ეს არის რეფორმები, თანამდებობის პირთა არჩევა, ჩვენ ყველა შესაბამისი პუნქტი სათანადოდ შევასრულეთ ან ივნისის ბოლომდე შევასრულებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
ჰერჩინსკი: საქართველომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად წლის ბოლომდე პროგრესი უნდა აჩვენოს >>
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0