საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლის აქცენტები:ოპოზიციის და „ოცნების“ რეაქცია

© AFP 2024 / SEBASTIEN BOZON ევროპარლამენტი
ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2023
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი 13 წლის განმავლობაში პირველად წარდგა ევროპარლამენტში, მანამდე კი, 2010 წელს, ევროპარლამენტარებს მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში განსხვავებულად შეფასდა - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსგან“ განსხვავებით, ოპოზიციაში უკმაყოფილო დარჩნენ სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლის სიმკვეთრით.
ოთხშაბათს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ისტორიულად დაიმსახურა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, და ამ სტატუსისთვის რეკომენდაციების შესრულება მის ევროპულ ფესვებთან დაბრუნებას ნიშნავს.
ამასთან პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ბევრი რამ გააკეთა სტატუსის მისაღებად, მათ შორის რეფორმების თვალსაზრისით.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა პროევროპულ ღირებულებებს ემხრობა.
ზურაბიშვილი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის ევროპის ნაწილად აღიარებაა >>
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
ზურაბიშვილი ამტკიცებდა, რომ ეს გამოსვლა 18 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ სტრასბურგში წასვლა მთავრობის მხრიდან ვიზიტზე თანხმობის ხელოვნური გაჭიანურების გამო გადაიდო. ამის საპასუხოდ მთავრობამ ზურაბიშვილს სიცრუეში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ თანხმობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვის დღესვე გაიცა.
მანამდე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლისას მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევაში. პრეზიდენტის თქმით, 2021 წლიდან დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში ვერ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი.
პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის კიდევ ერთხელ მოსმენის მოლოდინის მიუხედავად, მაგრამ ახლა უკვე მაღალი ტრიბუნიდან, ზურაბიშვილის გამოსვლამ ამჯერად „ქართული ოცნების“ დადებითი შეფასება, ხოლო ოპოზიციის ნაწილის მხრიდან თავშეკავებული კრიტიკა დაიმსახურა.

ოპოზიციის კრიტიკა

პრეზიდენტის გამოსვლა გააკრიტიკა ლევან ბეჟაშვილმა, საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომელმაც ზურაბიშვილს პოლიტიკური კომენტატორის როლიდან გამოსვლა ურჩია.
„როცა პრემიერ-მინისტრი და უმრავლესობის ლიდერები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ და პრაქტიკულად, ქვეყნის საგარეო კურსს ცვლიან, პრეზიდენტი ბევრად უფრო მწვავე უნდა იყოს… პოლიტიკური კომენტატორის როლიდან უნდა გამოვიდეს და აქტიური მოქმედებები განახორციელოს კონსტიტუციური უფლებამოსილებების ფარგლებში, რათა პოლიტიკური ბალანსი ევროპის სასარგებლოდ აღადგინოს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
„ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი პოლიტიკა“ – ღარიბაშვილმა მოლდოვაში განცხადება გააკეთა >>
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის გამოსვლის აქცენტები სწორად იყო დაყენებული, პრეზიდენტმა მაინც ბოლომდე არ თქვა სიმართლე, მიიჩნევს ოპოზიციონერი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე (პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“).
„სალომე ზურაბიშვილი მიეჩვია „ნახევარ სიმართლით" ლაპარაკს. ვიღაცებს ეს მოსწონთ და უკრავენ ტაშს, მე არ მომწონს, როცა პრეზიდენტი „ნახევარ სიმართლეს" საუბრობს... კი, რამდენიმე სწორი აქცენტი ჰქონდა, ვაღიარებ, მაგრამ რამე შეიცვალა? – არაფერი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
იმავდროულად, ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატი ჰერმან საბო თვლის, რომ კარგი იქნებოდა პრეზიდენტისგან მეტი „კონკრეტიკა“ მოესმინათ.
„ქალბატონი პრეზიდენტისგან უფრო კარგი სანახავი იქნებოდა მეტი კონკრეტიკა, რა პრობლემებს ხედავს, როგორ წარმოუდგენია ამ პრობლემების გამოსწორება… მაგრამ მან გადაწყვიტა მაღალი ტრიბუნიდან უფრო შემრიგებლური ტონი ჰქონოდა და ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვანი საკითხისთვის, რომ ქართველი ერისთვის… ევროპა როგორც სტრატეგიული არჩევანი, შეუცვლელია“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

„ქართული ოცნების“ შეფასება

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რის მიტანასაც ევროპელ კოლეგებამდე საქართველოს ხელისუფლება ბოლო პერიოდში ცდილობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გვქონდეს ევროკავშირთან დაახლოების წინსვლა, წინსვლა (არა მხოლოდ) მიიღოს სტატუსი, არამედ გაიხსნას მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისში მოიწვია >>
მისი თქმით, საქართველო ყველა კუთხით იმსახურებს იყოს ევროკავშირთან დაახლოების იმავე ეტაპზე, რომელზეც ახლა სხვა კანდიდატი ქვეყნები არიან.
„ასე რომ, ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე და სინამდვილეში, დღეს ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ ხედავს ის საკუთარ მომავალს ამ რეგიონში, როგორ ხედავს საკუთარ მომავალს საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყველა მაღალი თანამდებობის პირმა უნდა გამოიყენოს საერთაშორისო პლატფორმები იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
„გულწრფელად ვამბობ, თუ ვინმე იმსახურებდა აღნიშნული სტატუსის მიღებას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ ყველა კომპონენტში, ყველანაირი თვალსაზრისით, წინ ვართ ყველა იმ ქვეყანაზე, ვისაც მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. დაგვიწესეს 12 პუნქტიანი გეგმა? კი ბატონო, მზად ვართ, ვასრულებთ ამ გეგმას“, - განაცხადა კალაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.

რას ამბობენ ევროპაში

ამასთან ერთად, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
„ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. რეფორმები უნდა გატარდეს. მე მჯერა საქართველოს და ქართველი ხალხის გზის და პერსპექტივის“, - აღნიშნა მეცოლამ.
საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა. ერთადერთი, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, რეფორმების გაგრძელებაა, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.
„ევროპამ გადადგა ნაბიჯი, ახლა საქართველომ მუშაობა უნდა განაგრძოს“, - განაცხადა ბორელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია. მისი თქმით, ევროკავშირს ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაფართოების პროცესში ზომების განხორციელება. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს თვეებში გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა მკაფიო არჩევანის გასაკეთებლად.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
ყველა ახალი ამბავი
0