სანქციები თუ შეზღუდვები - ელჩმა მოსამართლეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება დააზუსტა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2023
გამოწერა
აშშ-ის გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ეფუძნება საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციებს, განმარტა კელი დეგნანმა.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას განმარტა, რომ ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ დაწესდა სავიზო შეზღუდვები და არა სანქციები.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ, იყვნენ რა სასამართლოების თავმჯდომარეები და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ბოროტად ისარგებლეს თავიანთი უფლებამოსილებით და ამით შეარყიეს კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.
„სამ მოსამართლეს და ერთ ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია: ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა და ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ ტერმინი „სანქცია“, ალბათ, აქ არ გამოიყენება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრისას საუბარი ასევე იყო იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების უკან იდგა.
კალაძე: „სანქციებით ვერ შემაშინებთ">>
„ელჩმა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია ძირითადად საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. როგორც ჩანს, არაფერი რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ არსებობს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარტნიორები ასე არ იქცევიან.
„მართალია, თვითონ გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ სავიზო შეზღუდვას, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი მოსამართლეების მიმართ პიროვნული შეტევა, მათთვის, როგორც კორუმპირებული მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება. პარტნიორები ასე არ იქცევიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„პასუხი არ არის“, - „ქართული ოცნების“ დეპუტატი აშშ-ის ელჩის განმარტებით უკმაყოფილოა>>
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. როგორც ადრე საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო სანქციების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება: კელი დეგნანმა მიზეზი განმარტა>>
მოსამართლეები, რომლებსაც სანქციები შეეხო
ლევან მურუსიძე არის ყველაზე სკანდალურად ცნობილი მოსამართლე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გახმაურებულ საქმეებზე განაჩენების გამოტანის გამო. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ უკანონო არაფერი ჩაუდენია, საქმეების განხილვისას ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლების პირობებში მოქმედი კანონებით და სხვა გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა.
უკვე „ქართული ოცნების“ მმართველობისას ლევან მურუსიძემ გააგრძელა კარიერა და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მას „სასამართლო კლანის“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ, რომელიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის დავალებებს ასრულებს პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ.
აშშ–ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2023
„მტკიცებულებების გარეშე“ - „ხალხის ძალა“ მოსამართლეების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებზე
მიხეილ ჩინჩალაძე, როგორც მოსამართლე, არ მონაწილეობდა გახმაურებულ საქმეებში, თუმცა ოპოზიციამ ის სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის შუამავლობაში არაერთხელ დაადანაშაულა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მსჯავრდებულმა სოსო გოგაშვილმა ჩინჩალაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის დამკვეთი უწოდა კონკრეტულ საქმეებზე.
ვალერიან ცერცვაძეს, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელს, უკავშირდება ისტორია, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოს მიუკერძოებლობა ორ კერძო კომპანიას iTechnic-სა და iPlus-ს შორის არსებულ დავაში. მოსამართლის ახლობლები iTechnic-ის მფლობელები აღმოჩნდნენ, რომლის სასარგებლოდაც დასრულდა დავა.
სუსი: შესაძლოა, სანქციები აშშ-ის მოქალაქის საქართველოში არშემოშვებას უკავშირდებოდეს>>
ირაკლი შენგელიას სახელი ნეპოტიზმის ფაქტს უკავშირდება. მისმა მეუღლემ, დამ და დისშვილმა მუშაობა სასამართლო სისტემაში მისი დანიშვნის შემდეგ დაიწყეს. გარდა ამისა, მან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა თავისი სიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას.
ყველა ახალი ამბავი
0