„მტკიცებულებების გარეშე“ - „ხალხის ძალა“ მოსამართლეების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებზე

© photo: Sputnik / Maxim Blinovაშშ–ის დროშა
აშშ–ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2023
გამოწერა
ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ვერ შეძლო დაეზუსტებინა ოთხი ქართველი მოსამართლის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საფუძვლები, რაც ადასტურებს, რომ დანაშაულის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამერიკელმა დიპლომატმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს სანქცირებული მოსამართლეების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სარწმუნო მტკიცებულებები, და ეს მტკიცებულებები აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია. გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ინფორმაციებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც დიდი ხანია ყველასთვის ხელმისაწვდომია, აღნიშნა ელჩმა.
როგორც „ხალხის ძალის“ განცხადების ავტორები აღნიშნავენ, დიპლომატმა საერთოდ ვერ შეძლო დაეზუსტებინა, რა სახის მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდა სანქციების გამოყენება სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლეების მიმართ სავიზო სანქციები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გამოიყენეს.

„ელჩისგან გავიგეთ, რომ ის სავიზო სანქციის საფუძველს როგორც სამართლდამცველ სტრუქტურებს, ისე ქართულ საზოგადოებას მომავალშიც საგულდაგულოდ დაუმალავს, რაც ასევე იმის დასტურია, რომ სინამდვილეში დანაშაულის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორები კიდევ ერთხელ შეეხნენ აშშ-ის ჩარევას სასამართლო სისტემაში.
„ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. დღევანდელი მგომარეობით, მათ უკვე ჰყავთ რეკრუტირებული 20-მდე აგენტი სასამართლო სისტემაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ სხვა მოსამართლეებზე ზემოქმედებისთვის ისინი აქტიურად იყენებენ ისეთ პრივილეგიებს, როგორიცაა აშშ-ში ვიზიტების შეთავაზება, ტრენინგებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა და ა.შ.
კალაძე: „სანქციებით ვერ შემაშინებთ">>
„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მივიღოთ ქმედითი სამართლებრივი ზომები, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის წინააღმდეგ იქნება მიმართული. აღნიშნულმა სამართლებრივმა ზომებმა ასევე უნდა მოგვცეს საშუალება, გამოვავლინოთ უცხოელი აგენტები სასამართლო სისტემაში და მათ მიმართ სამართლებრივი რეაგირების კონკრეტული ზომები ავამოქმედოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
თუ საქართველო სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, ის მთლიანად დაკარგავს თავის სუვერენიტეტს და დაუბრუნდება 2004-2012 წლების უმძიმეს წარსულს, როდესაც სასამართლო სისტემა სისხლიანი აგენტოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს რეპრესიულ ინსტრუმენტად იყო ქცეული, ნათქვამია განცხადებაში.
„მიგვაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, სასამართლო სისტემაში არცერთი უცხოელი აგენტი აღარ დარჩეს, რისთვისაც სახელმწიფომ ყველა ლეგიტიმური საშუალება უნდა გამოიყენოს. მოსამართლის აგენტობა არის საკუთარი ქვეყნის ღალატის განსაკუთრებული, ერთ-ერთი ყველაზე საშიში გამოვლინება და, ამდენად, ამ მოვლენის მიმართ ხელისუფლების ლოიალურ დამოკიდებულებას ვერავითარი გამართლება ვერ ექნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„პასუხი არ არის“, - „ქართული ოცნების“ დეპუტატი აშშ-ის ელჩის განმარტებით უკმაყოფილოა>>
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ, იყვნენ რა სასამართლოების თავმჯდომარეები და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ბოროტად ისარგებლეს თავიანთი უფლებამოსილებით და ამით შეარყიეს კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. როგორც ადრე საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო სანქციების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.
აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება: კელი დეგნანმა მიზეზი განმარტა>>
ლევან მურუსიძე არის ყველაზე სკანდალურად ცნობილი მოსამართლე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გახმაურებულ საქმეებზე განაჩენების გამოტანის გამო. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ უკანონო არაფერი ჩაუდენია, საქმეების განხილვისას ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლების პირობებში მოქმედი კანონებით და სხვა გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა.
უკვე „ქართული ოცნების“ მმართველობისას ლევან მურუსიძემ გააგრძელა კარიერა და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მას „სასამართლო კლანის“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ, რომელიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის დავალებებს ასრულებს პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ.
მიხეილ ჩინჩალაძე, როგორც მოსამართლე, არ მონაწილეობდა გახმაურებულ საქმეებში, თუმცა ოპოზიციამ ის სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის შუამავლობაში არაერთხელ დაადანაშაულა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მსჯავრდებულმა სოსო გოგაშვილმა ჩინჩალაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის დამკვეთი უწოდა კონკრეტულ საქმეებზე.
სუსი: შესაძლოა, სანქციები აშშ-ის მოქალაქის საქართველოში არშემოშვებას უკავშირდებოდეს>>
ვალერიან ცერცვაძეს, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელს, უკავშირდება ისტორია, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოს მიუკერძოებლობა ორ კერძო კომპანიას iTechnic-სა და iPlus-ს შორის არსებულ დავაში. მოსამართლის ახლობლები iTechnic-ის მფლობელები აღმოჩნდნენ, რომლის სასარგებლოდაც დასრულდა დავა.
ირაკლი შენგელიას სახელი ნეპოტიზმის ფაქტს უკავშირდება. მისმა მეუღლემ, დამ და დისშვილმა მუშაობა სასამართლო სისტემაში მისი დანიშვნის შემდეგ დაიწყეს. გარდა ამისა, მან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა თავისი სიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას.
ყველა ახალი ამბავი
0