კალაძე: „სანქციებით ვერ შემაშინებთ"

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2023
გამოწერა
საქართველოს რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ სანქცირებულ პირთა სია, შესაძლოა, გაიზარდოს.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მას სანქციებით ვერ შეაშინებენ.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ, იყვნენ რა სასამართლოების თავმჯდომარეები და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ბოროტად ისარგებლეს თავიანთი უფლებამოსილებით და ამით შეარყიეს კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.
საქართველოს რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ სანქცირებულ პირთა სია, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება. 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მივიღე და ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იქიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა ქვეყანაში", – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მას ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში უდარდელი ცხოვრება ჰქონდა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება სამშობლოს სიყვარულით და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მიიღო.

„ეს ნაბიჯი გადავდგი და არ ვნანობ. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დღესაც მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს”, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე წარსულში თბილისის „დინამოს“, კიევის „დინამოს“, იტალიური „მილანისა“ და „ჯენოას“ ფეხბურთელი იყო.
საფეხბურთო კარიერის პარალელურად კალაძე ბიზნესით დაკავდა. 2007 წელს დააარსა საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი“, 2008 წელს კი „საქართველოს პროგრეს ბანკის“ სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა. იმავე წელს მან გახსნა საქველმოქმედო ფონდი „კალა ფონდი".
2010 წელს კალაძე „მილანიდან" მეორე იტალიურ კლუბ „ჯენოაში" გადავიდა, სადაც საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე (2012 წელს) თამაშობდა.
2011 წელს კალაძე პოლიტიკით დაინტერესდა. ის ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა. 2012 წელს კალაძემ თავის მშობლიურ ქალაქ სამტრედიაში არჩევნები მოიგო და საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. იმავე წელს დაიკავა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის პოსტი.
იგი 2017 წლიდან დღემდე თბილისი მერის პოსტს იკავებს. აღნიშნული თანამდებობა მეორე ვადით კალაძემ 2021 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შედეგად დაიკავა.
სანქცირებული მოსამართლეები
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. როგორც ადრე საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო სანქციების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.
აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება: კელი დეგნანმა მიზეზი განმარტა>>>
ლევან მურუსიძე არის ყველაზე სკანდალურად ცნობილი მოსამართლე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გახმაურებულ საქმეებზე განაჩენების გამოტანის გამო. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ უკანონო არაფერი ჩაუდენია და საქმეების განხილვისას ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლების პირობებში მოქმედი კანონებით და სხვა გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა.
უკვე „ქართული ოცნების“ მმართველობისას ლევან მურუსიძემ გააგრძელა კარიერა და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მას „სასამართლო კლანის“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ, რომელიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის დავალებებს ასრულებს პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ.
მიხეილ ჩინჩალაძე, როგორც მოსამართლე, არ მონაწილეობდა გახმაურებულ საქმეებში, თუმცა ოპოზიციამ ის სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის შუამავლობაში არაერთხელ დაადანაშაულა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მსჯავრდებულმა სოსო გოგაშვილმა ჩინჩალაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის დამკვეთი უწოდა კონკრეტულ საქმეებზე.
ვალერიან ცერცვაძეს, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელს, უკავშირდება ისტორია, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოს მიუკერძოებლობა ორ კერძო კომპანიას iTechnic-სა და iPlus-ს შორის არსებულ დავაში. მოსამართლის ახლობლები iTechnic-ის მფლობელები აღმოჩნდნენ, რომლის სასარგებლოდაც დასრულდა დავა.
ირაკლი შენგელიას სახელი ნეპოტიზმის ფაქტს უკავშირდება. მისმა მეუღლემ, დამ და დისშვილმა მისი დანიშვნის შემდეგ დაიწყეს მუშაობა სასამართლო სისტემაში. გარდა ამისა, მან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა თავისი სიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას.
ყველა ახალი ამბავი
0