პროფკავშირები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაეხმაროს გერმანიაში გაფიცულ ქართველ მძღოლებს

© photo: Sputnik / Stringerსატვირთოები ავტოსადგომზე
სატვირთოები ავტოსადგომზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2023
გამოწერა
ქართველი მძღოლები გერმანიაში მარტის შუა რიცხვებიდან გაიფიცნენ და ხელფასების გადახდას ითხოვენ.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. ქართველი მძღოლები, რომლებიც გერმანიაში პოლონური კომპანიის მეშვეობით დასაქმდნენ, ითხოვენ არა ხელფასების გაზრდას, არამედ მის გადახდას, - ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქართველი მძღოლები გერმანიაში მარტის შუა რიცხვებიდან გაიფიცნენ და ხელფასების გადახდას ითხოვენ. ზოგიერთი მათგანი მთელი თვის განმავლობაში დასვენების გარეშე მუშაობდა. როგორც მძღოლებმა ქართულ მედიას ადრე განუცხადეს, ორი თვეა ხელფასი არ აუღიათ, პროტესტის გამო კი მათ ემუქრებიან.
„არსებობს პოლონური კომპანია, რომლის მთავარი ოფისიც კრაკოვში მდებარეობს და ამ კომპანიაში უამრავი მძღოლია დასაქმებული. აქედან, 200-მდე ადამიანი ახლაც გაფიცულია და ღამეებს ავტომობილებში ათენებს. ჩემი ევროპელი პარტნიორების გაკვირვებას იწვევს ის, რომ მძღოლები გაფიცულები არიან არა ხელფასების გაზრდის, არამედ ხელფასების გადახდის მოთხოვნით“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
პეტრიაშვილის განცხადებით, მძღოლების შრომის პირობები ირღვევა, სახელმწიფომ კი ამის გამოსწორებისა და პროცესების საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ გადასაწყვეტად უფრო ეფექტურად უნდა ეხმარებოდეს უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.
„ამ მომენტში გაფიცულები არიან ფრანკფურტში, თუმცა პოლონურ კომპანიაში დასაქმებულ მძღოლებს სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, იტალიაში, იგივე მდგომარეობა აქვთ“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის თქმით, მათ მიმართეს როგორც პოლონეთის, ისე გერმანიის პროფკავშირებს, ასევე, ტრანსპორტის საერთაშორისო ფედერაციას.
ლეგალური დასაქმება უცხოეთში: რამდენი მოქალაქე წავიდა სამუშაოდ 2022 წელს >>
გერმანიის პროფკავშირების იურისტებმა აღმოაჩინეს, რომ მძღოლები არა მხოლოდ თავიანთ საქმეზე, არამედ ტვირთის გადაზიდვაზეც პასუხისმგებლები არიან. პროფკავშირების ჩართულობის შემდეგ დამსაქმებელი შეშინდა და მძღოლებს ხელფასების გადახდასთან დაკავშირებით ზეპირი პირობა მისცა, აღნიშნა პეტრიაშვილმა.
„ჩვენ ამ საქმეში ჩართულები ვართ და მას ბოლომდე მივიყვანთ, რათა პროცესები საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყდეს. თუ ერთ ორგანიზაციას შეუძლია, რომ თავისი ურთიერთობები ეფექტურად გამოიყენოს, წარმოვიდგინოთ, რამდენად ეფექტურად დაეხმარებოდა სახელმწიფო ქართველ ემიგრანტებს, თუ კანონმდებლობაში მიგრაციის შესახებ გარკვეული შეზღუდვები იქნებოდა“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
გარდა ამისა, პროფკავშირს დახმარებისთვის ქართველმა სტუდენტებმაც მიმართეს - გერმანიაში სამუშაოდ წასულმა 16-მა გოგონამ. გოგონების თქმით, საკონდიტრო ქარხანაში მუშაობის დაწყების ნაცვლად, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული, ისინი BMW-ს ქარხანაში დაასაქმეს.
ნიურნბერგის ნაცვლად წაიყვანეს რეგენსბურგში და დღემდე არ მიუციათ ხელმოწერილი შრომითი ხელშეკრულებების ასლები. გოგონებს სიმძიმეების აწევა მოუწიათ, რის შედეგადაც ერთ-ერთის ჯანმრთელობა ძლიერ შეირყა.
ლეგალური სამუშაო უცხოეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის: სად შეიძლება გამგზავრება? >>
პეტრიაშვილის თქმით, სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს კერძო კომპანიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ ასაქმებენ.
იმავდროულად, საქართველო გეგმავს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რათა დაარეგულიროს ამ კომპანიების საქმიანობა. პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. ცვლილებები შუამავალ კომპანიებს სავალდებულო და უფასო სერტიფიკაციის გავლას ავალდებულებს.
ყველა ახალი ამბავი
0