ლეგალური სამუშაო უცხოეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის: სად შეიძლება გამგზავრება?

© photo: Sputnikრიყის პარკში
რიყის პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაოდ ლეგალურად გაგზავნის გადაწყვეტილება უმუშევრობის მაღალი დონის გამო მიიღო.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. მიმდინარე წელს გერმანიაში ლეგალურ სამუშაოზე საქართველოს 132 მოქალაქე გაემგზავრა, ისრაელში კი წლის ბოლომდე 1.000 მოქალაქე გაემგზავრება, ნათქვამია მთავრობის ანგარიშში 2021-2022 წლებში პროგრამის შესრულების შესახებ.

2021 წლის 1 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საზღვარგარეთ ლეგალურად გამგზავრება სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე. დასაქმებისთვის მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ სპეციალურ ვებ-საიტზე.

მთავრობის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს გერმანიაში სამუშაოდ გაემგზავრა 308 მოქალაქე, 2022 წელს – 132 მოქალაქე (1 მაისის მდგომარეობით).
რაც შეეხება ისრაელს, 2021 წლის ბოლოსთვის შემუშავდა ხანდაზმულთა მოვლის ახალი კურსი, რომლის გავლის შემდეგაც ისრაელში სამუშაოდ 2022 წლის ბოლომდე გამგზავრებას საქართველოს ათასი მოქალაქე შეძლებს.
გარდა ამისა, საქართველომ უკვე დაასრულა მოლაპარაკებები საფრანგეთთან საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების თაობაზე, რომლის თანახმად, საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში დაიწყება საპილოტო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის მიღებას და სეზონური სამუშაოს დაწყებას საქართველოს 100 მოქალაქე შეძლებს.
საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა ასევე შეთანხმებას ბულგარეთში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალურად დასაქმების შესახებ, ხოლო მოლაპარაკებებს აწარმოებს პორტუგალიასთან, ესპანეთთან, ჩეხეთთან, ხორვატიასთან, კვიპროსთან, უნგრეთთან, ფინეთთან, საბერძნეთთან და ბელგიასთან.
სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეების ლეგალურ სამუშაოზე გაგზავნის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა და საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობის არარსებობის გამო მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0