„ეს „ნაცმოძრაობის“ სისუსტის შედეგია“ - კობახიძე საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტაზე

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2023
გამოწერა
თებერვლის დასაწყისში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შურისძიებაში დაადანაშაულა და პარლამენტში მუშაობაზე უარი თქვა.
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არათანმიმდევრულობა მათი სისუსტის შედეგია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 თებერვალს პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა და სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. დღეს, 22 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ პარტია წყვეტს ბოიკოტს და მონაწილეობას მიიღებს კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ განხილვაში.

„რეალურად რა მოხდა. მათ გამოაცხადეს ბოიკოტი, ამის შემდეგ პარტია და, შესაბამისად, ფრაქცია დატოვა რომან გოცირიძემ, და მიხვდნენ, რომ ბოიკოტი კიდევ უფრო ხელს უწყობს მათ დაშლას“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

კობახიძის აზრით, ამის გამო მათ კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს არათანმიმდევრულობა და ბოიკოტზე უარის თქმა გადაწყვიტეს.
„ეს არათანმიმდევრულობა არის თავიდან ბოლომდე მათი სისუსტის შედეგი. კარგია, რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, რაც უფრო მეტად აჩვენებს, მათ შორის საკუთარ მხარდამჭერებს, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალაა, მით უკეთესი“, – განაცხადა კობახიძემ.
რომან გოცირიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს>>
პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი „ნაცმოძრაობამ" მალევე გამოუცხადა მას შემდეგ, რაც პარტიის ახალ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს. კობახიძის თქმით, ახლა არავინ არაფერს ეკითხება ხაბეიშვილს, რადგან ის ფორმალური თავმჯდომარეა, სინამდვილეში პარტიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მართავენ.
„ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს ამ პარტიაში. არც ხაბეიშვილის სიტყვა და არც მისი რეპუტაცია არავის აინტერესებს“, – აღნიშნა კობახიძემ.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობას“ კეზერაშვილი აფინანსებს და აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი გავლენიანი პოლიტიკოსი ახლა ოლიგარქია.
ხაბეიშვილმა პარტია გაამარგინალა - „ქართული ოცნების“ ლიდერი>>
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეარხი „ფორმულა“ დააარსა. ეს ერთ-ერთია სამი ახალი ტელეკომპანიიდან, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკვეთრად აკრიტიკებენ. მმართველი პარტია მათ „ნაცმოძრაობის“ პრეს-სამსახურს უწოდებს.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
რაც შეეხება მერაბიშვილს, „ქართული ოცნების" ლიდერები მას 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის ხუთ სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.
პარლამენტი შეფერხების გარეშე იმუშავებს - პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტზე>>
თებერვლის შუა რიცხვებში, „ნაცმოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ, მერაბიშვილმა პირველი ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე.
პარტიის ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ე.წ. ბანაკის წარმომადგენლები მერაბიშვილსა და კეზერაშვილს იმაში ადანაშაულებენ, რომ მათ „ნაცმოძრაობის“ არაფორმალურად მართვა სურთ.
უფრო მეტიც, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელმა გიორგი რურუამ განაცხადა, რომ არის ეჭვები ვანო მერაბიშვილის კავშირებზე რუსულ სპეცსამსახურებთან. როგორც რურუამ აღნიშნა, მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აწყობს.
მმართველი პარტია უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის“ დაშლას აანონსებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ეს პარტია პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.
ბოლო დროს „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 5%-მდე შემცირდა. სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი 3%-ის ფარგლებში მერყეობს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0