რომან გოცირიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

© photo: Sputnik / Stringerრომან გოცირიძე
რომან გოცირიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2023
გამოწერა
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა რომან გოცირიძემ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები – გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა", – დაწერა გოცირიძემ სოციალურ ქსელში.

ამასთან, მან წარმატებები უსურვა ყოფილ მმართველ პარტიას და მის მხარდამჭერებს.
„მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის, ნდობისა და კეთილი ურთიერთობებისთვის", – აღნიშნა გოცირიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. სწორედ ხაბეიშვილმა გაიმარჯვა შიდაპარტიულ არჩევნებში და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მელია შეცვალა.
პარლამენტი შეფერხების გარეშე იმუშავებს - პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტზე>>>
„ნაცმოძრაობის" ახალ ლიდერად ხაბეიშვილი 6 თებერვალს აირჩიეს. უკვე 9 თებერვალს პარტიამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. სააკაშვილს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები „ნაცმოძრაობის“ ლიდერად ხაბეიშვილის არჩევას პარტიის დასასრულს უწოდებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანას 2004-2012 წლებში მართავდა.
ყველა ახალი ამბავი
0