სააკაშვილის დიაგნოზების სია ფართოვდება - ნობელის ლაურეატმა სასამართლოზე ჩვენება მისცა

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი მიტინგი სასამართლოსთან
სააკაშვილის მხარდამჭერი მიტინგი სასამართლოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების ერთ-ერთი პირველი კითხვა იყო, მიიღო თუ არა ჯეიმს კობიმ ნობელის პრემია სამედიცინო დარგში.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ მიუღია ადეკვატური მკურნალობა პატიმრობის პერიოდში, ის გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, განაცხადა ამერიკელმა ქირურგმა-ორთოპედმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯეიმს კობიმ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ჯეიმს კობი მეხუთე ამერიკელი ექსპერტია, რომელიც სასამართლოში დაცვის მხარის მოწმის სტატუსით გამოკითხეს. ის პროცესში დისტანციურად ჩაერთო.
თავად სააკაშვილმა სასამართლო სხდომაში მონაწილეობა კვლავ არ მიიღო. მსჯავრდებულმა უარი თქვა ონლაინ-ჩართვაზე, ხოლო მკურნალმა ექიმმა სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა, განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ.
სხდომის დაწყებისთანავე ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა მოუწოდა სასამართლოს, სასწრაფოდ მიიღოს ზომები საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ „საგანგაშო განცხადებასთან“ დაკავშირებით, სადაც სააკაშვილის დაგეგმილ მკვლელობაზეა საუბარი.
კერძოდ, „ხალხის ძალა“ ამტკიცებს, რომ სააკაშვილის თანამებრძოლები ყველაფერს გააკეთებენ მის გასათავისუფლებლად და გააგრძელებენ ხელისუფლების დაშანტაჟებას, მაგრამ თუ მიზანს ვერ მიაღწევენ, რჩება „გეგმა „ბ“ – მოიშორონ სააკაშვილი, როგორც ოქროს მოწმე. ამის შესახებ მათ ორშაბათს განაცხადეს.
ამერიკელი ექსპერტი სააკაშვილზე: არსებობს კუჭის კიბოს განვითარების საფრთხე >>
გელბახიანმა სასამართლოს მოუწოდა, მიმართოს ყველა სამართალდამცველ უწყებას, რათა პირველ რიგში დადგინდეს, საიდან აქვს ასეთი ინფორმაცია „ხალხის ძალას“ და, მეორე, უზრუნველყოს სააკაშვილის სიცოცხლის უსაფრთხოება.
ამის შესახებ ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარემ უკვე შეატყობინა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
„ქართულ საზოგადოებასაც და უცხოელ დიპლომატებსაც უკვე დაეგზავნა მიმართვის წერილები, რომ თანადგომა გამოხატონ, რათა აღიკვეთოს ასეთი დაანონსებული მკვლელობები საქართველოში და, მით უმეტეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
როგორც მოსამართლემ, თავის მხრივ, აღნიშნა, აბსოლუტურად ეთანხმება იმას, რომ თუ არსებობს საშიშროება, სახელმწიფო ვალდებულია აღკვეთოს მსგავსი რამ.
„ხალხის ძალა": უნდათ სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება >>
სასამართლო სხდომაზე მოწმის გამოკითხვამდე ასევე განიხილებოდა პროცედურების ხანგრძლივობის საკითხი. ადვოკატებმა კვლავ განაცხადეს, რომ მოწმეების დაკითხვა არ შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ და ამიტომ ეს პროცესი დროში უნდა შეიზღუდოს.
მოსამართლემ შეახსენა მათ, რომ ამაზე ადრეც იყო საუბარი, მაგრამ თავად დაცვის მხარე მაინც საათების განმავლობაში კითხავდა მოწმეებს.

ექსპერტის დასკვნა

ამერიკელი ექსპერტის თქმით, მან სააკაშვილი 2022 წლის 8 ოქტომბერს გასინჯა და რენტგენისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგებს გაეცნო, რის შემდეგაც დაუსვა დიაგნოზი: მარცხენა მხრის სახსრის ართრიტი და დისლოკაცია; მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ართრიტი; კისრის მალთაშუა დისკის დაზიანება, რადიკულოპათია (ნევროლოგიური სინდრომი) და ზურგის სტენოზი.
კობი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს კისერი დაუზიანდა რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს. მისი თქმით, ის „უცნაურ მდგომარეობაში“ გადაჰყავდათ.
საუბარია 2021 წლის 8 ნოემბრის მოვლენებზე, როდესაც სააკაშვილის შიმშილობის მე-40 დღე იყო. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი უარს ამბობს მანქანიდან გადმოსვლაზე, მაგრამ ის იქიდან ძალით გადმოჰყავთ და საავადმყოფოში შეჰყავთ. მოგვიანებით ექს-პრეზიდენტმა თქვა, რომ ციხიდან მოტყუებით გამოიყვანეს, მულტიდისციპლინურ კლინიკაში გადაყვანას დაჰპირდნენ, მაგრამ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში.
სააკაშვილი მოწამლეს თუ ანალიზები ნორმაშია? ამერიკელი ტოქსიკოლოგის ჩვენება >>
ამერიკელმა ექსპერტმა ასევე ივარაუდა, რომ დაზიანებები, რომლებიც სააკაშვილს აქვს, შესაძლოა მიღებული იყოს კრუნჩხვების და შეტევების დროს, რომლებიც მას რამდენჯერმე დაემართა.
კობიმ ასევე სხვა დაავადებების წარმოშობის შესაძლო მიზეზები დაასახელა.
„კვლევებმა აჩვენა, რომ ართრიტი არის მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში. აღმოჩენილი ართრიტები შეიძლება იყოს შედეგი ტოქსიკური ზემოქმედების. ვერცხლისწყალი ის ელემენტია, რომელიც იწვევს სახსრების დაზიანებას“, – განაცხადა კობიმ სასამართლოზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჰყავს ნანახი უამრავი პაციენტი, რომელთაც ელექტროშოკერის ზემოქმედების შედეგად მხრის სახსრის დისლოკაცია განუვითარდათ.
„კვლევისას (სააკაშვილის) არ მინახავს, რომ დაზიანება უშუალოდ ელექტროშოკერის მიერ იყო გამოწვეული, თუმცა ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში ნანახი მაქვს, რომ ელექტროშოკის გამოყენების დროს, მათ შორის წამების შემდეგ, პაციენტებს ამ ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ“, – განაცხადა ჯეიმს კობმა.
ამერიკელი ექსპერტი აცხადებს, რომ სააკაშვილს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მდგომარეობა გაუარესდება და ის პრაქტიკულად გადაადგილებას ვერ შეძლებს.
ვინ დგას სააკაშვილის შესახებ პოლონეთის სეიმის რეზოლუციის უკან >>
ამასთან, კობიმ დადებითი პასუხი გასცა ადვოკატის კითხვას, ხელს უშლის თუ არა ჩამოთვლილი დაავადებები სასჯელის მოხდას.
„ეს იმიტომ, რომ მას ყოველდღე აწუხებს ძლიერი ტკივილი კისრის არეში, სადაც არის ზეწოლა ზურგის ნერვზე და, შესაბამისად, სისუსტე მატულობს“, – თქვა კობიმ.
ექსპერტის თქმით, სააკაშვილს არ უკეთებენ ტკივილგამაყუჩებლებს, არამედ მხოლოდ „ვალიუმის“ (დამამშვიდებელი) ინექციები უკეთდება.
კობიმ, სხვა ამერიკელი ექსპერტების მსგავსად, განაცხადა, რომ პაციენტის მიმართ არ ჩატარებულა ადეკვატური დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რის შედეგადაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
როდესაც სიტყვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს გადაეცა, ერთ-ერთი პირველი კითხვა იყო, მიიღო თუ არა კობიმ ნობელის პრემია სამედიცინო დარგში.
ექსპერტმა განმარტა, რომ ეს იყო პრემია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიისთვის, რომელიც მიენიჭა ექსპერტთა ჯგუფს, მათ შორის მას, როგორც ორთოპედსა და ეპიდემიოლოგს.
რატომ აქვს სააკაშვილს დემენცია და სხვა დაავადებები: მხარეების არგუმენტები >>
გარდა ამისა, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა კობის ჰკითხეს, იცოდა თუ არა მან, რომ ელექტროშოკი ამოღებულია პენიტენციურ სისტემაში გამოყენებული მოწყობილობების სიიდან ათზე მეტი წლის წინ. ექსპერტის თქმით, მან არ იცოდა, რა ხდებოდა საქართველოს ციხეებში, მაგრამ სააკაშვილის მსგავსი დაზიანებები ნანახი აქვს მათზე, ვის მიმართაც ელექტროშოკერი გამოიყენეს.
ამერიკელმა ექსპერტმა ასევე არ გამორიცხა, რომ მხრის სახსრის დისლოკაცია სპონტანურად მომხდარიყო. ამასთან, კობიმ უარყოფითი პასუხი გასცა კითხვაზე, დაადგინა თუ არა მან დიაგნოზის დასმის დროს, როდის მიიღო სააკაშვილმა ეს ტრავმა.
იმავდროულად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მალხაზ ურთმელიძის თქმით, ბოლო MRI-კვლევას მხრის სახსრის დისლოკაცია არ გამოუვლენია.
ამასთან, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ექსპერტს კითხვა დაუსვა, შესაძლებელია თუ არა ამოვარდნილობის შემთხვევაში სამედიცინო აპარატურის გადმოგდება ან ადამიანისთვის ხელის დარტყმა, რაზეც ჯეიმს კობიმ აღნიშნა, რომ ამ დროს მოძრაობა შეზღუდულია.
სააკაშვილმა ბინა კიევის ცენტრში იასკოსთან საერთო შვილს გადაუფორმა - ტელევიზია >>
შემდეგ კობის ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მას სააკაშვილის ციხის საავადმყოფოს პალატაში გადაყვანის ვიდეო. ექსპერტმა განაცხადა, რომ ვიდეო ნანახი აქვს და არ შეუძლია იმის მტკიცება, რომ ტრავმა მიღებულია ერთი ციხიდან სხვა ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას.

დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0