„ხალხის ძალა": უნდათ სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
„ხალხის ძალა“ ხელისუფლებას მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები ყველაფერს გააკეთებენ მის გასათავისუფლებლად და გააგრძელებენ ხელისუფლების დაშანტაჟებას, მაგრამ თუ მიზანს ვერ მიაღწევენ, რჩება „გეგმა „ბ“ – მოიშორონ სააკაშვილი, როგორც ოქროს მოწმე, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა - სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. მანამდე მათ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და ამასთან პარტია, რომელსაც ბევრ რამეში მხარს უჭერენ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ექს-პრეზიდენტის პატრონები“ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ სააკაშვილის შესაძლო სიკვდილს ციხეში საქართველოს მომავლის განსაზღვრა შეუძლია. განცხადების ავტორების აზრით, ეს გზავნილი ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი თავის პატრონებს კონკრეტული თემებით აშანტაჟებს.
კერძოდ, სააკაშვილი იმუქრება, რომ არა მხოლოდ ყველაფერს იტყვის 2008 წლის ომთან დაკავშირებით, არამედ გამოაქვეყნებს მტკიცებულებებსაც. იგივე ეხება სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციას რევოლუციის ორგანიზების მიზნით.

„ასეთ პირობებში, ბუნებრივია, პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ და ხელისუფლების დაშანტაჟებასაც გააგრძელებენ. თუმცა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ლოგიკურად რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება“, – ნათქვამია განცხადებაში.

წერილის ავტორების აზრით, სააკაშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში „პატრონები ორ კურდღელს დაიჭერენ“. პირველ რიგში, ისინი მოიშორებენ ოქროს მოწმეს.
„მეორე და მთავარი, სააკაშვილის სიკვდილს ხელისუფლებას დააბრალებენ და ამ საბაბით ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობას შეეცდებიან, რისი საბოლოო მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
აქედან გამომდინარე, „ხალხის ძალა“ მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, რათა სააკაშვილის პატრონებს არ მიეცეთ თავიანთი არცერთი გეგმის განხორციელების საშუალება.
საქართველოში პოლონეთის სეიმის რეზოლუციას ეხმაურებიან>>
საქართველოს ხელისუფლება ქართული ოპოზიციის ნაწილს, მათ შორის, სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ სისტემატურად ადანაშაულებს იმაში, რომ მათ ქვეყნის ომში ჩართვა უნდათ. ამასთან, საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტი სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. ამ ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი გათავისუფლების ან პატიმრობის გადადების საკითხი განიხილება.
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩართო, რომელთაგან ოთხი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი და ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
მათი დიაგნოზების თანახმად, სააკაშვილს აქვს დაავადებების გრძელი სია, მათ შორის მძიმე მეტალების ორგანიზმში მოხვედრით გამოწვეული პროგრესირებადი დემენცია. გარდა ამისა, არსებობს კუჭის კიბოს განვითარების რისკი.
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
დეპუტატი: სააკაშვილს პარტიული მიზნებისთვის იყენებენ
ექიმებმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.
ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დისკრედიტაცია.
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0