საქართველოში პოლონეთის სეიმის რეზოლუციას ეხმაურებიან

© Ministry of Justice of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2023
გამოწერა
დეპუტატმა მოუწოდა არ გააკეთონ ნაჩქარევი შეფასებები ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ შეფასებებს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისკენ მოუწოდებს. სეიმი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელონ ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებით, რომელთა თანახმადაც, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება უმაღლესი ღირებულებაა.
„ჩემი მოწოდებაა ყველას საპასუხოდ, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს, ნუ იჩქარებენ და შეეცადონ, მეტი ფაქტი, ინფორმაცია გაიგონ. ამ შემთხვევაში, ლობისტური კომპანიების მიერ გავრცელებულ ტენდენციურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნუ გააკეთებენ ნაჩქარევ შეფასებებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის როგორც მსჯავრდებულის ყველა უფლება დაცულია, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის გამო გაუარესდა, რომ ის ექიმების რეკომენდაციებს არ ასრულებს.

ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩართო, რომელთაგან ორი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს, რაც ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია.
გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.
პირველი ვიცე-სპიკერი: სააკაშვილის საქმის მოსამართლეზე ზეწოლას ახდენენ >>
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დიკრედიტაცია.
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.

დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0