რატომ აქვს სააკაშვილს დემენცია და სხვა დაავადებები: მხარეების არგუმენტები

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
გამოწერა
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ფსიქოტროპულ საშუალებებს და ალკოჰოლს იღებდა.
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დემენციითა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობითაა ავად, განაცხადა სასამართლოში კიდევ ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა, ნევროლოგმა შაჰინ ემანუელ ლაჰანიმ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხი. ადვოკატები, ნათესავები და თანამებრძოლები დიდი ხანია საუბრობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.
ლაჰანი, რომელიც ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში ასწავლის და კემბრიჯის ჰოსპიტალში მუშაობს, სასამართლო სხდომას დისტანციურად დაესწრო დაცვის მოწმის სტატუსით. წინა სხდომებზე დაიკითხნენ ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი.
ლაჰანიმ გამოიკვლია სააკაშვილი და 2022 წლის 19 ოქტომბერს საექსპერტო დასკვნა გაავრცელა. იგი მუშაობდა წამების, ძალადობისა და სტრესული ზემოქმედების ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ საექსპერტო ჯგუფთან და მოწვეულ ამერიკელ ექსპერტებთან ერთად.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ის სერიოზულად არის ავად. მას აწუხებს სხვადასხვა დისფუნქცია, მათ შორის, ეს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემის. ყველაზე მძიმე დიაგნოზია დაუზუსტებელი დემენცია, კრუნჩხვები, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რის გამოც მას სიარული უჭირს“, – განაცხადა ლაჰანიმ სასამართლოზე.

მისი თქმით, სააკაშვილს აქვს ზურგის ტვინის კომპრესია, კუნთოვანი მასის მოცულობის არსებითი შემცირება, დისტალური სენსორული პოლინეიროპათია, ტემპერატურისა და წნევის სწრაფი ცვლილება, ემართება კრუნჩხვები და შეტევები.
კრუნჩხვების მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციური დაავადებები. ასევე შეიძლება იყოს ტოქსიკოლოგიური მიზეზები ან თავის ტვინის დაზიანება.
გარდა ამისა, სააკაშვილს სერიოზული პოსტტავმული სტრესული აშლილობა აქვს. დიაგნოზის დასმამდე, ექსპერტის თქმით, მან ჩაატარა მონრეალის კოგნიტური ტესტი.
ადვოკატის სიტყვებით, 17 მაისს ტომოგრაფიამ აჩვენა თავის ტვინში თეთრი ნივთიერების შემცირება, 28 ნოემბერს კი დაისვა დემენციის დიაგნოზი.
ლაჰანიმ აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტის გამოკვლევა დაგვიანებით ჩატარდა და მკურნალობა შორს იყო თანამედროვე მეთოდებისგან. ამასთან, აღსანიშნავია პოლიფორმაცია, ანუ დაინიშნა მრავალი არასაჭირო მედიკამენტი.
მტკიცებულების სახით სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ გორის სამხედო ჰოსპიტალში მკურნალობის 40 დღის განმავლობაში ყოფილ პრეზიდენტს 30 სხვადასხვა მედიკამენტი მისცეს. მოგვიანებით, როდესაც ის სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, იგი 15-17 სხვადასხვა დასახელების წამალს იღებდა.
ლაჰანიმ ხაზი გაუსვა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების თანახმად, პოლიფორმაციად ითვლება რისკის ჯგუფის პაციენტების მიერ ხუთი და მეტი მედიკამენტის მიღება.
იმ პრეპარატებს შორის, რომლებითაც სააკაშვილს მკურნალობდნენ, აღმოჩნდა ამერიკის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოს (FDA) მიერ არალიცენზირებული შვიდი საკვები პროდუქტი და მედიკამენტი.
ასეთი წამლები, ექსპერტის თქმით, არ არის უსაფრთხო და ინტოქსიკაციის გამომწვევიც კი შეიძლება გახდეს.
ლაჰანიმ გააკრიტიკა ადგილობრივი მედპერსონალიც იმის გამო, რომ მოწამლვის ეჭვის გაჩენის შემდეგ, მით უფრო, რომ ეჭვი მძიმე ლითონებზე იყო, მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზი გაკეთდა. ამ შემთხვევაში არსებითია ისიც, რა დრო გავიდა მოწამლვის შემდეგ.
მისი თქმით, ეს ტოქსიკური ნივთიერებები სწრაფად იშლება სისხლში, მაგრამ გროვდება კუნთებში, ცხიმოვან ქსოვილებში, ფრჩხილებსა და თმებში.
„მკურნალი ექიმი რომ ვიყო, ავიღებდი შარდის ანალიზს, ჩავატარებდი სხვადასხვა ბიოფსიას – თმების, ფრჩხილების და ცხიმოვანი ქსოვილების“, – განაცხადა ლაჰანიმ.
სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის კითხვას, წარმოადგენს თუ არა ჩამოთვლილი დაავადებები დაბრკოლებას სასჯელის მოსახდელად, ექსპერტმა დადებითად უპასუხა.

„როგორც ნევროპათოლოგი, ვთვლი, რომ მისი სერიოზული დაავადებები არის ხელის შემშლელი ფაქტორები სასჯელის მოხდისთვის“, – განაცხადა ექსპერტმა.

მისი სიტყვებით, ციხეში მოხვედრამდე სააკაშვილი სრულებით ჯანმრთელი იყო ნევროლოგიის თვალსაზრისით. ინტელექტუალური ფუნქციები სათანადოდ იყო წარმოდგენილი და მას შეეძლო ადამიანებთან სრულფასოვნად ურთიერთობა. დაკავების შემდეგ დაიწყო მისი შესაძლებლობების მკვეთრი რეგრესი.
ამაზე, მისი თქმით, მიუთითებს სააკაშვილის საქმეში დაცული სამედიცინო მასალები, ასევე დასკვნები, რომლებიც მან პაციენტის გამოკვლევის დროს გააკეთა.
„მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნის სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა კრუნჩხვებს და კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლია მიგვიყვანოს უცაბედ სიკვდილამდე, თუ არ არის ნამკურნალები სწორად“, – განაცხადა ლაჰანიმ.
მან სააკაშვილის მკურნალობას საქართველოში არაადეკვატური უწოდა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სრულყოფილ მკურნალობას ადგილი არ აქვს. ამის გამო ვურჩევთ, რომ პაციენტი გადაყვანილ იქნას შეერთებულ შტატებში ან დასავლეთ ევროპაში, სადაც ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა“, – განაცხადა ლაჰანიმ.

საქმის მასალების თანახმად, სააკაშვილმა შვიდჯერ დაკარგა გონება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებიც სასამართლოში მოპასუხე მხარედ გამოდიან, ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ექიმებმა ეს ჩანაწერები თავად პაციენტის სიტყვებზე დაყრდნობით გააკეთეს. არც ადგილობრივ ექიმებს, არც მოწვეულ ექსპერტებს, ეს არ უნახავთ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთმელიძემ ლაჰანის, რომელიც ამტკიცებს, რომ სააკაშვილი დაპატიმრებამდე ჯანმრთელი იყო, ჰკითხა, რამდენი განსხვავებული დიაგნოზი დაუსვეს მას 2021 წლამდე.
ურთმელიძის სიტყვებით, 3-4 წლის ასაკში სააკაშვილმა მენინგოენცეფალიტი გადაიტანა. 2012-2013 წლებში ტრავმები მიიღო საქართველოსა და თურქეთში ავარიების შედეგად. 2017 წელს გაიკეთა გასტროექტომია მესამე ხარისხის პათოლოგიური რეზისტენტული სიმსუქნის სამკურნალოდ. 2018 წელს მკურნალობდა გასტროდუოდენიტს.
2018 წელს სააკაშვილს დაუსვეს ქრონიკური პროსტატიტის დიაგნოზი. 2018 წელს – ინსომნიის დიაგნოზი. 2020 წელს კორონავირუსის გადატანის შემდეგ პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, 2021 წელს კი – შფოთვითი დეპრესია, რის გამოც დაკავებისას არაერთ ფსიქოტროპულ პრეპარატს სვამდა. სიმპტომებს შორის 2021 წელს ჰქონდა გულის პალპიტაცია, რაც, სამედიცინო ჩანაწერის თანახმად, მას დიდი ხანია აწუხებს, აღნიშნა ურთმელიძემ.
ამის საპასუხოდ ლაჰანიმ აღნიშნა, რომ „ადამიანი, რომელსაც დეპრესია აქვს, შეიძლება იყოს ჯანმრთელი“. მან განმარტა, რომ საუბარია დეპრესიაზე, რომელიც ექვემდებარება კორექტირებას და არა იმ დაავადებაზე, რომელიც სუიციდურ მიდრეკილებებს იწვევს.
ურთმელიძე დაინტერესდა ასევე, იცოდა თუ არა ლაჰანიმ, რომ სააკაშვილი სვამდა ფსიქოტროპულ პრეპარატებს და ალკოჰოლს, მათ შორის, ორ ბოთლამდე კონიაკს. როგორც მან თავად უამბო ექიმებს, იგი ვერ ახერხებდა შფოთვისგან გათავისუფლებას და დასამშვიდებლად სპირტიან სასმელს სვამდა.
ლაჰანის თქმით, სამედიცინო თვალსაზრისით, ფსიქოტროპული წამლების მიღება დიდი ოდენობით ალკოჰოლთან ერთად არ არის ნორმალური. მაგრამ ვერაფერს განსაკუთრებულს და ცუდს ალკოჰოლის მიღების ფაქტში ვერ ხედავს, თუ ეს ნორმის ფარგლებში ხდება. სწორედ ამ მიზეზით არ უხსენებია მას ეს ფაქტი თავის დასკვნაში.
სააკაშვილს სასამართლოს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია. მან უარი თქვა და განაცხადა, რომ თავს ცუდად გრძნობდა.
მომდევნო სხდომა 11 იანვარსაა დანიშნული.
ყველა ახალი ამბავი
0