ამერიკელი ექსპერტი სააკაშვილზე: არსებობს კუჭის კიბოს განვითარების საფრთხე

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ არ არსებობს დადასტურებული დიაგნოზი, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. არასწორმა დიაგნოზმა და მკურნალობამ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, არსებობს კუჭის კიბოს განვითარების საფრთხე, განაცხადა ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა სტიუარტ ფინკელმა სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ფინკელი მეოთხე ამერიკელი ექსპერტია, რომელიც სასამართლოში დაცვის მხარის მოწმის სტატუსით გამოკითხეს. ის პროცესში დისტანციურად ჩაერთო.
თავად სააკაშვილს სასამართლო სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია.
სასამართლოს შენობასთან ტრადიციულად შეიკრიბნენ სააკაშვილის თანამებრძოლები და მხარდამჭერები.
დღევანდელი სასამართლო სხდომა დაიწყო იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელთა შუამდგომლობით თარჯიმნის ლევან მეტრეველის გაწვევის მოთხოვნით მისი არაობიექტურობის, კერძოდ, საქმეზე საჯარო განცხადებების გამო.
მოსამართლე გიორგი არევაძემ მხარი დაუჭირა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს იმაში, რომ თარჯიმანი ობიექტურობას უნდა ინარჩუნებდეს და მეტრეველს მოუწოდა, თავი შეიკავოს საჯარო განცხადებებისგან სასამართლო სხდომების მსვლელობისას მაინც. მეტრეველი დათანხმდა შენიშვნას.
თავის მხრივ, სააკაშვილის დაცვამ უკმაყოფილება გამოთქვა პროცესის გაჭიანურების გამო და მოსამართლეს მოწმეთა დასაკითხად დროის ინტერვალის დაწესება სთხოვა – თითო საათი თითოეულისთვის და არა ხუთი-ექვსი საათი, როგორც ეს აქამდე იყო.

„სიტუაცია ექსტრემალურია, მოსალოდნელია უარესი განვითარება“, – აღნიშნა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა.

მოსამართლეს დროის ერთსაათიანი ჩარჩო არ დაუწესებია და მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ პენიტენციურ სამსახურს მოწმეთა დასაკითხად იმდენივე დროს მისცემს, რამდენსაც ადვოკატები მოანდომებდნენ.
როგორც აღმოჩნდა, ადვოკატებს მორიგი ამერიკელი ექსპერტის დასაკითხად დაგეგმილი 30 წუთი არ ეყოთ, პროცესი დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც სიტყვა გადაეცა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს.

დაავადებათა სია და მხარეთა პოზიციები

გასტროენტეროლოგმა სტიუარტ ფინკელმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა 9 ნოემბრისთვის მოამზადა.
ფინკელმა დაადასტურა ადვოკატის მტკიცება იმის თაობაზე, რომ არასწორმა დიაგნოზმა და მკურნალობამ რვა თვის განმავლობაში სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი შედეგები გამოიწვია. ანუ ის დარჩა ადეკვატური მკურნალობის უფლების გარეშე, რადგან არ არსებობდა ალტერნატივა.
ამერიკელი გასტროენტეროლოგის სიტყვებით, სააკაშვილმა დაპატიმრების შემდეგ დაკარგა წონის 47% და ეს დინამიკა გრძელდება. ამ სიტუაციაში, თუ არ დაისმება ზუსტი დიაგნოზი და არ ჩატარდება სათანადო მკურნალობა, სააკაშვილი შეიძლება დაიღუპოს.
ზოგიერთი ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა წონა 120-დან 73 კგ-მდე დაიკლო არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, არამედ ბარიატრიული ოპერაციის შედეგად, რომელიც მან თითქოსდა საქართველოში დაბრუნებამდე რამდენიმე თვით ადრე გაიკეთა.
ადვოკატის კითხვას, აქვს თუ არა მას აღნიშნული ინფორმაცია, ფინკელმა მიუგო, რომ ეს მონაცემები ციხის ადმინისტრაციისა და საავადმყოფოსგან მიღებულ ექს-პრეზიდენტის სამედიცინო საქმეში არ ყოფილა მითითებული. 2022 წლის მაისიდან სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
ამასთან ფინკელმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გაუჩნდა არა ხანგრძლივი შიმშილობის გამო, რომელიც მან დაპატიმრების დღიდან გამოაცხადა, არამედ არასწორი მკურნალობის გამო. შიმშილობა 50 დღეს გაგრძელდა.
ექსპერტის თქმით, სააკაშვილს აღენიშნება მძიმე დაავადებები, რომლებიც სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია. ესენია: კახექსია (ორგანიზმის უკიდურესი გამოფიტვა, რომელსაც ახასიათებს საერთო სისუსტე, წონის და ფიზიოლოგიური პროცესების აქტიურობის მკვეთრი კლება) და მალაბსორბცია (საკვები ნივთიერებების გადამუშავების, ტრანსპორტირების და წვრილ ნაწლავებში შეწოვის ქრონიკული აშლილობა).
ქართული კანონმდებლობის თანახმად, კახექსია ნამდვილად არის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველი, მაგრამ, როგორც სასამართლოზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთმელიძემ განაცხადა, ფინკელის მიერ დასმული დიაგნოზი არ არის გამყარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით.
ამასთან, ფინკელმა სააკაშვილს 11 დაავადების დიაგნოზი დაუსვა, მათ შორის: გასტროეზოფაგური რეფლუქსი; ქრონიკული ეროზიული გასტრიტი; ჰიატუსის თიაქარი; ზედაპირული დუოდენიტი; დისტალური ეზოფაგიტი; თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; დისტალური ეზოფაგიტი; კუჭის ანტრალური ნაწილის პოლიპი; ნაწლავის მეტაპლაზია.
ექსპერტმა განაცხადა, რომ 2022 წლის 13 მარტის სამედიცინო მანიპულაციების დროს საჭირო იყო ბიოფსიის ჩატარება ზუსტი დიაგნოზის დასასმელად და შემდეგ სწორი მკურნალობის დაწყება.
ამის ნაცვლად სააკაშვილს ასმევდნენ ბევრ ისეთ წამალს, რომელმაც მხოლოდ გააუარესა მისი მდგომარეობა. საუბარია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე, ანუ ტკივილგამაყუჩებლებზე. მაგალითად, სააკაშვილისთვის არ შეიძლებოდა „იბუპროფენის“, „კეტოროლაკისა“ და სხვა ისეთი წამლების დანიშვნა, რომლებსაც წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაზიანება შეუძლიათ, აღნიშნა ფინკელმა.
2022 წლის ივლისში სააკაშვილს ჩაუტარდა კუჭის ბიოფსია, რომელმაც, ექსპერტის დასკვნით, აჩვენა სიმსივნის წინარე მდგომარეობა. ეს თითქმის ათჯერ ზრდის კიბოს წარმოქმნის რისკს.

„გაზრდილია კუჭის კიბოს განვითარების რისკი. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს რისკის სრულად შეფასების შესაძლებლობა, რადგან ჩატარდა არაადეკვატური კვლევა“, – აღნიშნა ფინკელმა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ექსპერტის სიტყვებით, საჭიროა ენდოსკოპიური კვლევის ჩატარება და ნაცხის აღება არა მხოლოდ კუჭიდან, არამედ სხვა ორგანოებიდანაც.
სააკაშვილის წონის მკვეთრი კლების მიზეზად ექსპერტმა მალაბსორბცია და კახექსია დაასახელა. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ სააკაშვილი ნორმალურად ვერ იკვებებოდა წამლების გვერდითი მოვლენების გამო.
„ის სვამდა მედიკამენტებს, რომელთა გვერდით მოვლენებს შორისაა გულისრევა, მადის დაკარგვა. მინდა აღვნიშნო ასევე, რომ ის სვამდა წამლებს, რომლებზეც ჰქონდა უკუჩვენება, რომლებიც განეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს“, – განაცხადა ფინკელმა.
მისი სიტყვებით, სააკაშვილის მკურნალმა ექიმებმა იცოდნენ უკუჩვენებების შესახებ, მაგრამ მაინც ასმევდნენ ამ წამლებს. იცოდნენ, რადგან 2022 წლის მარტშიც და ივლისშიც ჩატარდა ენდოსკოპიური კვლევა.

ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩართო, რომელთაგან ორი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს, რაც ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია.
გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.
ვოლსკი: სააკაშვილი უნდა მოხვდეს იმ პირთა სიაში, ვინც ადამიანების წამებაში მონაწილეობდა >>
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დისკრედიტაცია.
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.

დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0