ვოლსკი: სააკაშვილი უნდა მოხვდეს იმ პირთა სიაში, ვინც ადამიანების წამებაში მონაწილეობდა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
გამოწერა
დეპუტატი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა ქვეყანაში სადისტური მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებაში მისი პრეზიდენტობის დროს.
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავად იმსახურებს იმ პირთა სიაში ყოფნას, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების წამებაში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და მოკვდინებაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
მანამდე სააკაშვილმა წერილი მისწერა Heritage Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს უილიამ ბრაუდერს და სთხოვა, არ დაელოდონ მის სიკვდილს და „დაეხმარონ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში“. საპასუხოდ ბრაუდერმა მოითხოვა დოკუმენტების ჩამონათვალი იმ პირთა სიით, ვინც აფერხებს მის მკურნალობას, ასევე დამნაშავეა მის მოწამვლასა და წამებაში. ბრაუდერმა აღუთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა ამას ყურადღება მიაქციონ.

„სააკაშვილი ასეთი უსაზღვრო მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო წამებაში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და, მათ შორის, მოკვდინებაში“, – განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება, მის მიმართ მსგავსი ინსინუაციების გამოგონება გაგრძელდება.
„დღეს არ არის პირველი დღე, როდესაც ჩვენ გვესმის სხვადასხვა ფანდი და პიარნაბიჯი, რითაც საზოგადოების ყურადღება უნდათ მიიპყრონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატის თქმით, მსგავსი დამოკიდებულება კონკრეტული პიროვნების მიმართ, რომელიც „დღეს აქვს შექმნილი თაღლითების პიარჯგუფს“, გარკვეულ ანალიზს მოითხოვს.

„არის თუ არა იგი დამნაშავე? აშკარად დამნაშავეა. არის თუ არა დამნაშავე არა მარტო იმ მუხლებით, რომლებიც მის მიმართ არის წაყენებული, არამედ, ზოგადად, სადისტური მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებისთვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობისთვის? იგი დამნაშავეა. სწორედ ეს რეალობა რომ გადაიფაროს, ახლა „მაგნიტსკის სიის“ შექმნის საკითხი მოიგონეს“, – აღნიშნა მან.

ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩართო, რომელთაგან ორი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს, რაც ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია.
გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.
ესაა სპეცოპერაცია პატიმარ სააკაშვილის დასახსნელად - დეპუტატი>>>
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დისკრედიტაცია.
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.

დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0