რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეროვნული ბანკი, ანუ გაძვირდება თუ არა ლარი?

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
ინფლაციის არსებული ნიშნული და მოსალოდნელი წნეხი – ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით გამოიტანს ვერდიქტს კობა გვენეტაძის უწყება. როგორი იქნება ის – მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება, შერბილდება თუ დარჩება უცვლელი? რა მოლოდინია საფინანსო წრეებში?
წინამდებარე სტატიის სახელდებად დასმულ კითხვაზე პასუხს 26 ოქტომბერს მივიღებთ, როდესაც საქართველოს ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი შეიკრიბება და, წესით, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის გაზრდის ან შემცირების გადაწყვეტილებას მიიღებს.
კი, მაგრამ რატომ, მესამე ვარიანტიც ხომ არის – შეუძლია უცვლელი დატოვოს? − სავარაუდოდ, მიმანიშნებს საკითხში კარგად გარკვეული მკითხველი და მართალიც იქნება. ბოლო პერიოდის გამოცდილება ხომ სწორედ მკითხველის მოსაზრებას ამყარებს. ასეა, 11 მაისიდან მოყოლებული, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ოთხჯერ შეიკრიბა და რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი ოთხჯერვე უცვლელი, 11 პროცენტის ნიშნულზე დატოვა. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა ბოლოს 0,5 პროცენტით მიმდინარე წლის 30 მარტს გაამკაცრა.
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2022
რა არის და რა იქნება ხვალ?.. ანუ ფინანსური და ეკონომიკური გათვლები...
საინტერესოა ბოლო სამი წლის გამოცდილება, ანუ როგორ იცვლებოდა რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, როდესაც მსოფლიო და მათ შორის საქართველოც ეკონომიკურმა რეცესიამ მოიცვა. 2020 წელს ქვეყანა რეფინანსირების განაკვეთის 9-პროცენტიან ნიშნულზე შეხვდა. ეს მაჩვენებელი აპრილის თვემდე არ შეცვლილა. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ჯერ „ლოკდაუნისა“ და შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, რეფინანსირების განაკვეთი აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჯამურად 1 პროცენტით შემცირდა და 8 პროცენტს გაუტოლდა.
მონეტარული პოლიტიკა უცვლელი დარჩა მომდევნო წლის თებერვლის ჩათვლით.
2021 წლის 17 მარტიდან კი ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივად გამკაცრება დაიწყო, რაც გეომეტრიული პროგრესიით მზარდმა ინფლაციამ განაპირობა. თუ თებერვალში ინფლაციის მაჩვენებელი 3,6 პროცენტი იყო, მარტში უკვე 7,2 პროცენტი გახდა. კობა გვენეტაძის უწყების გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი ჯერ 0,5 პროცენტით 8,5 პროცენტამდე, აპრილში კი დამატებით 1 პროცენტით 9,5 პროცენტამდე გაიზარდა. ივნისში მაჩვენებელი უცვლელი დარჩა, აგვისტოში კი 0,5 პროცენტით ჯერ 10 პროცენტამდე და გასული წლის ბოლოს, დეკემბერში ისევ 0,5 პროცენტით, 10,5 პროცენტამდე გაიზარდა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
რამდენია ინფლაცია? ანუ გაძვირებული ცხოვრება ციფრებში
ხაზგასმით უნდა ითქვას, ეროვნული ბანკის ამ მცდელობის მიუხედავად, ინფლაცია წლის განმავლობაში იზრდებოდა და უკვე ივნისში ორნიშნა მაჩვენებელს, 11,9 პროცენტს გაუტოლდა. აქვე დავძენ, რომ გასული წლის დეკემბერში ინფლაციამ 13,9 პროცენტი შეადგინა. სიტყვა რომ აღარ გამიგრძელდეს, მოკლედ ვიტყვი, ინფლაციური პროცესის მოსათოკად ეროვნული ბანკის ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს საფინანსო სფეროს ექსპერტთა და ანალიტიკოსთა შეფასებები. ანალიტიკური წრეების წარმომადგენელთა თქმით, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რომ არა, გასულ წელსა და მიმდინარე წლის განმავლობაში ინფლაციის დონე უფრო მაღალი იქნებოდა. ასე რომ, უპრიანი იქნება დავასკვნათ, კობა გვენეტაძის უწყებამ ინფლაცია ვერ აღმოფხვრა, თუმცა მისი ტემპი შეანელა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, მიმდინარე წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი მხოლოდ ერთხელ, მარტში 0,5 პროცენტით 11 პროცენტამდე გაიზარდა. დროა ვცადოთ და მთავარ კითხვას გავცეთ პასუხი. როგორი იქნება კობა გვენეტაძის უწყების ვერდიქტი? რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ახლაც გადაწყვეტილების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ინფლაციური პროცესი და მასთან დაკავშირებული რისკები იქნება.
რიგი ბანკთან, ქუთაისი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
რამდენით და რატომ გაძვირდა სესხები საქართველოში?
მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა, კობა გვენეტაძის უწყებამ განმარტა, რომ ინფლაციური წნეხი როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში საკმაოდ მაღალია. რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის ფონზე რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების ჯაჭვების დამატებითმა რღვევამ მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა. თუმცა, ბოლო დროს საერთაშორისო ბაზრებზე პოზიტიური ტენდენციაც შეინიშნება. ნავთობის ფასი და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება შემცირებას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, სურსათის საერთაშორისო ინდექსი აგვისტოს თვეში 1,9 პროცენტით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია ადგილობრივ ბაზარსაც გადაეცეს და ინფლაციის დინამიკაზე დადებითად აისახოს. ითქვა, რომ აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ შემცირების ტენდენცია შეინარჩუნა, რაც ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
ინფლაციის უფრო სწრაფ შემცირებას დაკრედიტების შედარებით მაღალი ზრდის ტემპი აფერხებს, რისი ძირითადი მიზეზი სამომხმარებლო და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებია. შესაბამისად, ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, სხვა ინსტრუმენტებიც აამოქმედა, რაც სესხების ზრდის ტემპს უკვე დაეტყო. სამომხმარებლო დაკრედიტების კლების ტენდენცია მომავალში გაძლიერდება.
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
რა ხდება საპენსიო ფონდში?
კობა გვენეტაძის უწყებაში ივარაუდეს, რომ აღნიშნული ფაქტორებისა და ბოლო დროს ლარის გამყარებული ეფექტური გაცვლითი კურსის გავლენით მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება, ხოლო მიზნობრივ მაჩვენებელს მომავალი წლის შუა პერიოდიდან მიუახლოვდება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ინფლაციური პროცესების სამომავალო ტენდენცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. დასკვნის სახით კი ითქვა, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამდე, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები არ შერბილდება. მაშინ ეროვნულმა ბანკმა არც მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება გამორიცხა – რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა და ფასებზეც დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა.
რა შეიცვალა მას შემდეგ? დაკვირვებული მკითხველი ადვილად შენიშნავდა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი კვლავაც ძალაშია, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი, აგვისტოსთან შედარებით, წლიურ ჭრილში 0,6 პროცენტით გაიზარდა. ასე რომ, ინფლაციის შენელების ტემპმა კი არ მოიკლო, არამედ მოიმატა. რაც შეეხება მოლოდინებს, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი კვლავინდებულად ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ინფლაცია დაახლოებით არსებულ დონეს შეინარჩუნებს, მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიკლებს, ხოლო საშემოდგომოდ მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. შეგახსენებთ, მთავრობამ მომავალი წლისთვის ინფლაციის შესაძლო დონედ ბიუჯეტში 6 პროცენტი განსაზღვრა.
გაუარესდა ადგილობრივი ანალიტიკური წრეების წარმომადგენელთა პროგნოზი. თუ სექტემბრის დასაწყისში საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალი“ მიმდინარე წლის ბოლოს ინფლაციის 7,4 პროცენტამდე შემცირებას პროგნოზირებდა, ოქტომბრის მეორე ნახევრისთვის ეს მაჩვენებელი 9,4 პროცენტამდე გაიზარდა. კიდევ უფრო გაუარესდა აზიის განვითარების ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი გაზაფხულზე ვარაუდობდა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს 7 პროცენტი, ხოლო მომავალ წელს 4 პროცენტი იქნებოდა, ახლა კი, მისი პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლოს 11 პროცენტი, მომავალ წელს კი 4 პროცენტი იქნება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
რა გაძვირდა ყველაზე მეტად და რამდენით, ანუ ინფლაცია კონკრეტულ ციფრებში
არსებული ვითარების გათვალისწინებით, როდესაც ინფლაცია ზრდის ტემპს ინარჩუნებს და პროგნოზებიც ინფლაციური წნეხის მოსალოდნელ მატებაზე კეთდება, მაღალი ალბათობით, სულ ცოტა, ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის შერბილების იმედი არ უნდა გვქონდეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ორი მხარე აქვს. ის, ერთი მხრივ, ინფლაციის მოთოკვას უწყობს ხელს, ხოლო მეორე მხრივ, უკვე გაცემულ სესხებსა და მომავალში გასაცემ საკრედიტო რესურსსაც აძვირებს, რაც, სხვა ტიპის კრედიტების გარდა, მომხმარებელთა მოთხოვნას ბიზნეს-სესხებზეც ამცირებს. საბოლოოდ ეს ეკონომიკურ აქტივობაზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, ახლა, როცა მთავრობისთვის ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპის შენარჩუნება პრიორიტეტული ამოცანაა, საეჭვოა, კობა გვენეტაძის უწყებამ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს. ასე რომ, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების, ანუ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის მოლოდინიც არ უნდა გვქონდეს.
სხვა რა ვარიანტი არსებობს? ის, რაზეც წინამდებარე სტატიის დასაწყისში მკითხველმა მიმანიშნა. შესაძლოა, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ უცვლელად დატოვოს. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი მოვლენათა სწორედ ამგვარი სცენარით განვითარებას ვარაუდობს.
„ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის ან შემცირების მოლოდინი არ გვაქვს. სავარაუდოდ, ის არსებულ ნიშნულზე დარჩება. დღეს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობა არ არის. ეროვნული ბანკის ღონისძიებების შედეგად საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი შემცირებისკენ არის მიმართული და მას ინფლაციის მაჩვენებელზე ნეგატიური ეფექტი ვერ ექნება“, − აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილეთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კობა გვენეტაძის უწყება, ამ კითხვაზე პასუხს 26 ოქტომბერს მივიღებთ. სავარაუდოდ, მეც იმ დროისთვის დაგიბრუნდებით...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0