რა ხდება საპენსიო ფონდში?

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
გამართლდა თუ არა ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის ნეგატიური გათვლები და პესიმისტური ვარაუდები, რამდენია საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები, როგორია საინვესტიციო პორტფელის სტრუქტურა და რა სიახლეა მოსალოდნელი საპენსიო სისტემაში?
წინამდებარე სტატიის სათაურის გაცნობის შემდეგ მკითხველი შესაძლოა ჩამეძიოს − ხომ მშვიდობაა? საპასუხოდ მივუგებ, თუ ამ რეპლიკას ამთავითვე ვუპასუხე, ინტერესი დაიკარგება. ასე რომ, თხრობას წინასწარ გაწერილი სქემით მივყვები. ისე, უნდა ითქვას, დასმულ შეკითხვას საფუძველი ნამდვილად ჰქონდა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ბოლოს მედიასაშუალებებში საპენსიო ფონდის საქმიანობის შესახებ ექსპერტ-ანალიტიკოსთა კრიტიკული შეფასებები გაისმა. ითქვა, რომ უწყება, მისი რეალური შემოსავლების შემცირების გამო, რაც გლობალურმა ინფლაციურმა პროცესმა განაპირობა, არ არის გამორიცხული, წლის ბოლოს წაგებაზეც გავიდეს. სხვათა შორის, კრიტიკოსთა შორის საპენსიო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძეც იყო.
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
რა გაძვირდა ყველაზე მეტად და რამდენით, ანუ ინფლაცია კონკრეტულ ციფრებში
„მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიით შექმნილმა გარემომ, რასაც ევროპაში სერიოზული გეოპოლიტიკური გართულებები დაემატა, მნიშვნელოვნად გაზარდა რისკები და საგრძნობლად შეაფერხა ლოჯისტიკური პროცესები. ამან კი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში მაღალი ინფლაცია გამოიწვია. სავარუდოდ, მაღალი ინფლაციური გარემო წლის ბოლომდე და შეიძლება მას შემდეგაც დარჩეს. ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები უარყოფითი იქნება“, − წერდა ლევან სურგულაძე ივნისის ბოლოს.
გავრცელებული მოსაზრებების საპასუხოდ საპენსიო სააგენტოს უფროსმა, საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ დაადასტურა, რომ ინფლაცია საპენსიო ფონდის მთავარი გამოწვევაა და რომ უწყების მიზანია რეალურმა ამონაგებმა ინფლაციის მაჩვენებელს აჯობოს. მანვე არ უარყო, რომ წლის პირველ ნახევარში საპენსიო ფონდის რეალური მოგება მნიშვნელოვნად შემცირდა და არ გამორიცხა უახლოესი თვეების განმავლობაში საპენსიო ფონდის წაგებაზე გასვლა.
საინტერესოა, რამდენად გამართლდა გამოთქმული ვარაუდები? ამ კონტექსტში ურიგო არ იქნება, გადავხედოთ საპენსიო სააგენტოს ივლისი-აგვისტოს სტატისტიკურ მონაცემებს.
საფულე - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
როგორი შემოდგომა ექნება ლარს?
ივლისი − საპენსიო ფონდის ამონაგები 36,19 პროცენტი იყო, ხოლო რეალურმა ამონაგებმა, ინფლაციის გათვალისწინებით, 0,96 პროცენტი შეადგინა. საპენსიო სააგენტომ მიმდინარე წლის მარტიდან ამერიკული დოლარის შესყიდვა დაიწყო. 31 ივლისის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 18,2 პროცენტი განთავსებული იყო ამერიკულ დოლარში, ხოლო 81,8 პროცენტი ეროვნულ ვალუტაში. საანგარიშო პერიოდის საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურებოდა: 5,0 პროცენტი განთავსებული იყო მიმდინარე ანგარიშებზე; 8,4 პროცენტი − ქვეყნის სახაზინო ობლიგაციებში; 7,7 პროცენტი − ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციებში; 9,4 პროცენტი − გლობალურ აქციებში; 0,9 პროცენტი − ევროობლიგაციებში და ბოლოს, სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში − 68,6 პროცენტი.
მიმდინარე წლის ივლისში საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2,514 მილიარდი ლარი შეადგინა. მათ შორის: საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 346 მილიონი ლარი იყო.
ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
რა იხეირეს კომერციულმა ბანკებმა?
აგვისტო − საპენსიო ფონდის ამონაგებმა 37,67 პროცენტი შეადგინა. რეალური ამონაგები ინფლაციის გათვალისწინებით 1,92 პროცენტი იყო. 31 აგვისტოს მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 18,9 პროცენტი განთავსებული იყო ამერიკულ დოლარში, ხოლო 81,1 პროცენტი ლარში. საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი კი ასე გამოიყურებოდა: 6,5 პროცენტი განთავსებული იყო მიმდინარე ანგარიშებზე; 8,9 პროცენტი − ქვეყნის სახაზინო ობლიგაციებში 8,7 პროცენტი − ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციებში, ხოლო 9,0 პროცენტი − გლობალურ აქციებში; 1 პროცენტი − ევროობლიგაციებში; სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში განთავსებული იყო 65,9 პროცენტი.
მიმდინარე წლის 7 სექტემბრის მონაცემებით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2,62 მილიარდი ლარი შეადგინა. მათ შორის: საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 374 მილიონი ლარი იყო.
ორი თვის სტატისტიკური მონაცემების შედარების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საპენსიო ფონდის როგორც ამონაგები, ისე (ინფლაციის გათვალისწინებით) წმინდა ამონაგებიც უმნიშვნელოდ, თუმცა მზარდია. ამგვარად შეგვიძლია შევაფასოთ საინვესტიციო პორტფელის ცალკეული პარამეტრებიც. ასე რომ, დინამიკა პოზიტიურია. არ არის საკამათო, გლობალური ინფლაციური პროცესები რომ არა, საპენსიო ფონდის რეალური ამონაგების მოცულობა ბევრად თუ არა, კიდევ მცირედით მაინც, მეტი იქნებოდა. თუმცა, როგორც საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე აცხადებს, უწყებას ორნიშნა ინფლაციის პირობებშიც შეეძლო უკეთეს შედეგზე გასულიყო. კი, მაგრამ, რა იყო საამისოდ საჭირო? − ჩამეძიება მკითხველი და საპასუხოდ ასპარეზს მოსაზრების ავტორს დავუთმობ.
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
რას შეცვლის ეროვნული ბანკის ვერდიქტი, ანუ მედლის ორი მხარე
„დოლარის შესყიდვა სწორ დროს რომ დაეწყოთ, საპენსიო ფონდის ღირებულება ახლა ასი მილიონი ლარით მეტი იქნებოდა. დოლარის შესყიდვა უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. ის მარტში შეიძინეს, როდესაც მისი ღირებულება 3,40 ლარის ნიშნულზე იყო. როგორც მოვლენათა განვითარებამ გვიჩვენა, მომდევნო პერიოდში ლარი გამყარდა. ლოგიკურია, რომ მომგებიანია და ამდენად სასურველია დოლარის იაფად შეძენა“, − აცხადებს ლევან სურგულაძე.
მისი თქმით, ძვირად შესყიდული დოლარებით საერთაშორისო ინდექსის ფასიანი ქაღალდების გარკვეული ნაწილი შეიძინეს. ეს ინდექსი, მართალია, ძალიან კარგად დივერსიფიცირებულია არასისტემური რისკების მიმართ, მაგრამ მოწყვლადია გლობალური სისტემური რისკების მიმართ, რაც დღეს სახეზე გვაქვს. სავარაუდოდ, უკვე შეძენის მომენტშივე არსებული გლობალური სისტემური რისკები გათვალისწინებული არ იყო და ეს შეძენაც არასწორ დროს განხორციელდა, რაც ფონდის მიმდინარე მაჩვენებლებზეც ნეგატიურად აისახა.
„ერთ-ერთი ძირითადი პრობლემური საკითხია ის, რომ საპენსიო სააგენტოს არ გააჩნია დამოუკიდებელი რისკების კონტროლის სტრუქტურა, არ გააჩნია შესაბამისი რისკების გაზომვის და აგრეგირების რაოდენობრივი მეთოდოლოგიები. საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ ერთი ვერტიკალის, საინვესტიციო სამსახურის მიერ, ყოველგვარი დამოუკიდებელი კონტროლის გარეშე. ეს კი არანაირ საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება“, − აცხადებს ლევან სურგულაძე და იქვე დასძენს, რომ საპენსიო სააგენტოს მიერ გაცხადებული, „ინფლაციის დამარცხებაზე“ ორიენტირებული საინვესტიციო პოლიტიკა საპენსიო ფონდის მონაწილეების საუკეთესო ინტერესების შესაბამისი არ არის.
ამით წერტილის დასმას ვაპირებდი, როდესაც მასმედიის საშუალებებით შევიტყვე, რომ ეკონომიკის სამინისტრო მიმდინარე საშემოდგომო სესიის ფარგლებში პარლამენტში „კერძო ნებაყოფლობითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის შეტანას გეგმავს. მთავრობაში იმედოვნებენ, რომ განახლებული საკანონმდებლო ჩარჩო დამსაქმებლებს, აქტივების მმართველ კომპანიებს და სადაზღვევო კომპანიებს საშუალებას მისცემს, მოქალაქეების კონკრეტული სეგმენტისთვის კონკურენტუნარიანი საპენსიო პროდუქტი შექმნან.
საქართველოს დროშა ძველი თბილისის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
რა გზავნილი მიიღო საქართველომ უცხოეთიდან?
ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ მესამე სვეტის საპენსიო სქემა სახელმწიფო სავალდებულო საპენსიო სისტემის პარალელურად იმოქმედებს. იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე სახელმწიფო საპენსიო სისტემაში სავალდებულო წესით არიან ჩართული, სისტემიდან გამოსვლის უფლება არც კერძო საპენსიო სქემაში ჩართვის შემდეგ ექნებათ.
საგულისხმოა, რომ მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს, დამატებით დანაზოგი შექმნას, ამას კერძო საპენსიო სისტემის საშუალებით შეძლებს და თანაც ისე, რომ საბაზისო სახელმწიფო და დაგროვებითი პენსიის ნაწილი ამ შემთხვევაშიც რჩება და არ უქმდება. სახელმწიფო საპენსიო სისტემაში დაგროვილი აქტივების კერძოში გადატანის შესაძლებლობა კი არ იქნება. და, კიდევ, ხელფასის ის ნაწილი, რომელსაც მოქალაქე კერძო საპენსიო სისტემაში გადაიტანს, საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.
ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, ქვეყანაში საპენსიო სისტემის რეფორმა გრძელდება და ერთმანეთის პარალელურად სამი მოდელი იმუშავებს − საბაზისო სახელმწიფო, დაგროვებითი და კერძო. არჩევანი? ის ფაქტობრივად არ არის. ჩამოთვლილი სამიდან პირველი გარდაუვალია, მეორე მოსახლეობის უმრავლესობისთვის სავალდებულო და მხოლოდ კერძო საპენსიო სისტემა დაელოდება ყოველი ინდივიდის ვერდიქტს. და, მაინც, შეიტანოთ თუ არა? მოგახსენებთ, უნდა შეიტანოთ იქ, საიდანაც შემდეგ გამოიტანთ!..
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0