რა იხეირეს კომერციულმა ბანკებმა?

© Pixabay / stevepbბანკის საქმიანობა
ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
გამოწერა
საბანკო სექტორის პირველი შვიდი თვის მონაგარი. შემოსავლები, ხარჯი და წმინდა მოგება. საკრედიტო პორტფელი და საპროცენტო განაკვეთები.
წინამდებარე სტატიაში ჩვენი ქვეყნის საბანკო სექტორის მიღწევებზე გიამბობთ. არახალია, რომ კომერციული ბანკების შემოსავლები და მოგება წლიდან წლამდე მზარდია. უკვე დიდი ხანია არავინ კამათობს, რომ საბანკო საქმე ჩვენში ყველაზე სარფიანი სფეროა. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, ბოლო პერიოდის გლობალური გამოწვევების − ჯერ COVID-19-ის პანდემიისა და შემდეგ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის შედეგები ყველაზე ნაკლებად სწორედ საბანკო სექტორის რენტაბელობაზე აისახა. შეგახსენებთ, რომ 2020 წელსაც კი, როდესაც COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყანა სრულად ჩაიკეტა და ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები დაწესდა, მართალია, კომერციულმა ბანკებმა წლის პირველი კვარტალში ჯამურად 486 მილიონი ლარის ზარალი მიიღეს, მაგრამ წელი 99,2 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს. ისტორიული ექსკურსი შორს წაგვიყვანს, ახლა კი ბოლო მონაცემებს გადავხედოთ.
აგვისტოს თვის მაჩვენებლები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ეროვნული ბანკი ივლისის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს და ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ივლისში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 685,093 მილიონი ლარი შეადგინა. საინტერესოა, როგორია შემოსავლების სტრუქტურა? 479,225 მილიონი ლარი საბანკო სისტემამ საპროცენტო შემოსავლების სახით მიიღო, ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 8,380 მილიონი ლარი შეადგინა. საკონვერსიო ოპერაციებიდან კომერციულმა ბანკებმა 97,962 მილიონი ლარის, ხოლო საკომისიოებიდან და გაწული მომსახურებიდან 53,642 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
რას შეცვლის ეროვნული ბანკის ვერდიქტი, ანუ მედლის ორი მხარე
რა თქმა უნდა, იყო ხარჯიც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აგვისტოს მდგომარეობით, კომერციული ბანკების ხარჯებმა 357,196 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება წმინდა მოგებას, ის ერთ თვეში 133,8 მილიონი ლარით, ხოლო გასული წლის ივლისთან შედარებით 114,5 მილიონი ლარით გაიზარდა და 292,462 მილიონ ლარს შეადგენდა. ურიგო არ იქნება გადავხედოთ, როგორი იყო კომერციული ბანკების მიერ მიღებული წმინდა მოგება მიმდინარე წლის თვეების მიხედვით. საამისოდ კობა გვენეტაძის უწყების მონაცემები მოვიშველიოთ. იანვარი − 212,695 მილიონი ლარი; თებერვალი − 90,610 მილიონი ლარი; მარტი − 110,181 მილიონი ლარი; აპრილი − 109,394 მილიონი ლარი; მაისი − 159,034 მილიონი ლარი; ივნისი − 154,156 მილიონი ლარი.
საბანკო სექტორის პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავაც დაკრედიტება რჩება, თუმცა საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის ივლისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 1,56 მილიარდი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0,41 პროცენტით შემცირდა და მიმდინარე წლის 1 აგვისტოსათვის 42,09 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 254,78 მილიონი ლარით, 1,14 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1,82 მლრდ ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2,03 პროცენტით შემცირდა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
რამდენია წლიური ინფლაცია და როგორია ეროვნული ბანკის რეაქცია?
ეს სტატისტიკური მონაცემები ამყარებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის პოზიციას ბოლო პერიოდში ლარით დაკრედიტებაზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნის თაობაზე. მოგეხსენებათ, ეროვნულ ვალუტაში გაცემული კრედიტების დიდი ნაწილი ე.წ. სამომხმარებლო სესხებზე მოდის, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში მხოლოდ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 190 ათასი საკრედიტო ხელშეკრულებიდან 83.400 სამომხმარებლო ტიპის სესხია. აქვე შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით 15 აგვისტოდან სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა ოთხიდან სამ წლამდე შემცირდა, რამაც, უწყების განმარტებითვე, ხელი უნდა შეუწყოს ლარით დაკრედიტებაზე მოთხოვნის შესუსტებას, ბაზარზე ჭარბი ლარის მიმოქცევას და ინფლაციური წნეხის შერბილებას.
სტატისტიკურ მონაცემებს დავუბრუნდეთ. მიმდინარე წლის 1 აგვისტოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 53,88 პროცენტი შეადგინა, ანუ ეს მაჩვენებელი ერთი თვის განმავლობაში გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0,80 პროცენტით გაიზარდა.
გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მკვეთრად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები იპყრობს. კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაძვირდა იპოთეკური, ავტო და სამომხმარებლო სესხები. საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ ლომბარდულ სესხზე შემცირდა.
საქართველოს დროშა ძველი თბილისის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
რა გზავნილი მიიღო საქართველომ უცხოეთიდან?
როგორ შეიცვალა საანგარიშო პერიოდში შინამეურნეობებისთვის გაცემულ კრედიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი? იპოთეკურ სესხები − 2022 წლის ივლისი 12,48 პროცენტი, 2021 წლის ივლისი − 12,07 პროცენტი; სამომხმარებლო სესხი − 2022 წლის ივლისი 19,25 პროცენტი, 2021 წლის ივლისი − 18,93 პროცენტი; უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი − 2022 წლის ივლისი 13,75 პროცენტი, 2021 წლის ივლისი − 13,19 პროცენტი; არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი − 2022 წლის ივლისი − 21 პროცენტი, 2021 წლის ივლისი − 20,36 პროცენტი; ავტოსესხი − 2022 წლის ივლისი − 23,75 პროცენტი, 2021 წლის ივლისი − 20,88 პროცენტი და, ბოლოს, ლობმარდული სესხი − 2022 წლის ივლისი − 18,37 პროცენტი, 2021 წლის ივლისი − 19,97 პროცენტი. თუ დავაკვირდებით, ადვილად დავასკვნით, რომ საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად, 2,87 პროცენტით ავტოსესხია გაძვირებული.
ზოგადად, მიმდინარე წლის ივლისში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში შემცირდა. კერძოდ, ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 15,9 პროცენტიდან 16,5 პროცენტამდე მოიმატა. ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყველაზე მეტად იურიდიული პირებისთვის ლარში გაცემულ კრედიტებს შეეხო. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, იურიდიული პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 13,2 პროცენტს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის ივლისში ეს მაჩვენებელი უკვე 13,5 პროცენტია. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი 18,2 პროცენტიდან 18,4 პროცენტამდე გაიზარდა. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მიმდინარე წლის ივლისში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 7 პროცენტს შეადგენდა. ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 6,2 პროცენტი იყო. ამასთან, იურიდიული პირებისთვის განაკვეთი 6,5 პროცენტიდან 7,3 პროცენტამდე გაიზარდა, ფიზიკური პირების სესხებზე განაკვეთმა მოიმატა 5,4 პროცენტიდან 6,3 პროცენტამდე.
Обменный пункт - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
სად დაამუხრუჭებს ეროვნული ვალუტა, ანუ სად გადის ლარის შესაძლებლობების ზღვარი
მოგახსენებთ, რომ საკრედიტო რესურსის გაძვირების მიუხედავად, მასზე მოთხოვნაც არის მზარდი. ეს განსაკუთრებით სუბსიდირებულ იპოთეკურ სესხებს ეხება. პროგრამის ამოქმედების დღიდან, გასული წლის 1 სექტემბრიდან 3 ათასზე მეტი იპოთეკური სესხის სუბსიდირება მოხდა. ჯამურმა თანხამ 378,1 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე დროს, საგულისხმოა საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალის“ მონაცემები, რომლის თანახმად, აგვისტოს თვის პირველ ოც დღეში გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა შემცირდა და წლიურმა ცვლილებამ -3 პროცენტი შეადგინა. ამავე წყაროს ცნობით, აგვისტოს პირველ ნახევარში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მცირედით შენელდა.
საბანკო სექტორს დავუბრუნდეთ. საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთა პრეტენზიები 15,7 პროცენტით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში კომერციული ბანკების წინააღმდეგ კლიენტურის მხრიდან 14.904 საჩივარი დაფიქსირდა. გასული წლის ამავე პერიოდში 12.875 საჩივარი დაიწერა. ანგარიში და სადებეტო ბარათი, სამომხმარებლო სესხი და საკრედიტო ბარათი, ინტერნეტბანკი − ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც მომხმარებლები საბანკო სექტორს ედავებიან. ამასობაში ეროვნული ვალუტა პოზიციებს თმობს და კვლავ 3-იან ნიშნულს უახლოვდება. გამყარების ტრენდი გაუფასურების ახალმა ტალღამ ჩაანაცვლა. რატომ? პასუხით ამ კითხვაზე უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0