სად დაამუხრუჭებს ეროვნული ვალუტა, ანუ სად გადის ლარის შესაძლებლობების ზღვარი

© photo: Sputnik / StringerОбменный пункт
Обменный пункт - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
ლარი გამყარებას განაგრძობს, ფასები არ იკლებს, საკრედიტო პორტფელი იზრდება, სესხები გაძვირდა და, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება კიდევ უფრო გაძვირდება...
წინამდებარე სტატიის პირველივე სტრიქონებით კმაყოფილება უნდა გამოვხატო. კი, მაგრამ, რა ხდება?! − დაინტერესდება მკითხველი. კითხვაზე პასუხს არ დავაყოვნებ – სავალუტო ჯიხურების შუქფარს რომ ვუყურებ, გულს უხარია. ისიც ზუსტად ვიცი, გამონაკლისი არ ვარ და მკითხველიც აღარ ჩამეძიება, მაინც რა არის სიხარულის მიზეზიო.
ეროვნული ვალუტა გამყარების ტენდენციას კვლავ ინარჩუნებს. ლარი ბოლოს 7 ივლისს გაუფასურდა. იმ დღეს ეროვნულმა ვალუტამ ამერიკული დოლარის მიმართ პოზიციები 0,81 თეთრით დათმო და ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 2,91 ლარი შეადგინა. იქიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა მხოლოდ მყარდება. არადა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკისა და უკიდურესად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ძალზე ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ამერიკული დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 3,1244 ლარის ნიშნულიდან 2022 წლის ივლისის ბოლოსთვის უკვე 2,76 ლარის ნიშნულამდე გამყარდებოდა. მეტიც, ანალიტიკურ წრეებში ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურების მოლოდინი არსებობდა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
როგორ შეიცვალა ფასები? ანუ ბოლო ერთი წლის დინამიკა
სავალუტო ბაზარზე პროცესი პესიმისტური პროგნოზის საპირისპიროდ, პოზიტიურად განვითარდა. ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრის მკვეთრად გაუმჯობესებისა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შედეგად ლარმა პოზიციები თანდათან გაიმყარა. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლო კვირაში და მარტის პირველ რიცხვებში, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან მალევე, დროის მცირე მონაკვეთში ეროვნული ვალუტა ერთბაშად რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. ახალი შოკის პირობებში ეროვნულმა ბანკმა ოპერატიულად იმოქმედა, 9 მარტს სავალუტო ბაზარს 50 მილიონი დოლარი მიაწოდა, საიდანაც 39,6 მილიონი დოლარი გაიყიდა. კობა გვენეტაძის უწყების ამ ინტერვენციას ბაზარზე „ცივი შხაპის“ ეფექტი ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს ამერიკული დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსმა 3,3947 ლარი შეადგინა, რამდენიმე დღეში ეროვნული ვალუტა გამყარების ტრენდს დაუბრუნდა.
საინტერესოა, რა ნიშნულამდე გამყარდება ლარი და რამდენად შეუქცევადია ეს პროცესი, რა იქნება ეროვნული ვალუტის წონასწორობის ახალი წერტილი? ეს მრავალ, როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფაქტორზე იქნება დამოკიდებული − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება. როგორც ანალიტიკურ წრეებში ვარაუდობენ, ამ ეტაპზე ლარმა გამყარების მაქსიმუმს მიაღწია. საკონსულტაციო კომპანია „თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსთა ჯგუფის შეფასებით, თუ საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის პოზიციები არ დასუსტდება, საქართველოში სავალუტო შემოდინებების მოცულობის შესაძლო ზრდის მიუხედავად, ეროვნული ვალუტის დამატებით მნიშვნელოვანი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა. ამავე ჯგუფის მოსაზრებით, უცხოეთიდან ფულადი გზავნილებისა და უცხოელი ვიზიტორებისა თუ ტურისტების მზარდი სავალუტო ნაკადები ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შევსებას მოხმარდება. თუ ამ მოსაზრებას გავიზიარებთ, მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ კობა გვენეტაძის უწყება სავალუტო ბაზარზე გააქტიურდება და დოლარის შესყიდვის მიზნით ინტერვენციებს განახორციელებს. რამდენად გამართლდება ეს ვარაუდი, დრო გვიჩვენებს.
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
რას ვარაუდობს ეროვნული ბანკი, ანუ როდემდე გაიზრდება ფასები?
ეროვნული ვალუტის სტაბილურად გამყარების შემხედვარე მკითხველი, რა თქმა უნდა, დაინტერესდება, რატომ არ იკლებს ფასები. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფასების ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ანალიტიკოსები სწორედ ლარის გაუფასურებას ასახელებდნენ, ახლა სავსებით ლოგიკურია, პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ფასების შემცირების მოლოდინი იყოს. არადა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა მყარდება, ინფლაცია კვლავაც მზარდია. როგორც საფინანსო სფეროს სპეციალისტები და ანალიტიკოსები განმარტავენ, ლარის კურსის გამყარების პარალელურად ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციაზე არსებული ფასების შენარჩუნებისა თუ ზოგჯერ მომატების რამდენიმე ფაქტორი არსებობს.
„პირველი − ეს არის უკვე შემოტანილი პროდუქცია, რომელიც იმპორტიორებს ძვირად აქვთ შეძენილი. გასათვალისწინებელია კონტრაქტები და ვალდებულებები. ესეც შეგვიძლია ფასების კლების შემზღუდავ ფაქტორად მივიჩნიოთ. მეორე − იმპორტიორებიც მომხმარებლები არიან და შუალედური თუ სხვა მოხმარების პროდუქტი მათაც უძვირდებათ და ამ ხარჯების კომპენსირებას პროდუქტის გაძვირებით ცდილობენ. მესამე − ეს არასტაბილური გარემოა, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ბიზნესის მიმართულებით. იმპორტიორი კომპანიები ასეთ დროს გაურკვევლობაში არიან − რა იქნება ხვალ? ანუ ნეგატიური მოლოდინები ფასებზე ახდენს ასევე ნეგატიურ გავლენას. მეოთხე − კონკურენციის დონე. კონკრეტული ჯგუფების მიხედვით რამდენად დიდია კონკურენცია. რაც უფრო არაკონკურენტული, მონოპოლიური ან ოლიგიპოლიურია გარემო, მით უფრო ნაკლებად ხდება რეაგირება ფასებზე. მეხუთე − ეს არის პროდუქტის ჯგუფი, ანუ იგულისხმება, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებს, საკვებსა და მედიკამენტებს, გაძვირების მიუხედავად, მყიდველი მაინც ჰყავს“, − აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მაკალათია.
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2022
რას გეგმავენ მთავრობა და ეროვნული ბანკი? ანუ საშემოდგომო მოლოდინები
არახალია, ლარის გამყარებას საკუთარ ჯიბეზე ყველაზე უკეთესად დებიტორები, ანუ საფინანსო-საკრედიტო სექტორის ის მომხმარებლები გრძნობენ, რომელთაც სესხები უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისის თვის პირველი რიცხვების მდგომარეობით, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელმა ჯამში 43,65 მილიარდი ლარი შეადგინა. ივნისის განმავლობაში სესხების მოცულობა 534,61 მილიონი ლარით გაიზარდა, მათ შორის: ლარში გაცემული სესხების მოცულობა 452,74 მილიონი ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების − 81,87 მილიონი ლარით. სასესხო პორტფელის ლარიზაციის კოეფიციენტმა 51,37 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მეორე კვარტალში როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები კრედიტების ორივე შემთხვევაში 0,1–0,4 პროცენტით გაიზარდა.
საგულისხმოა, რომ სესხების გაძვირების მიუხედავად, იპოთეკური კრედიტებისა და უძრავი ქონების გაყიდვების მოცულობა გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაში. ერთი სიტყვით, ლარის კურსის გამყარებამ, მიუხედავად საპროცენტო განაკვეთის მომატებისა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდას შეუწყო ხელი. თუმცა ისეთი პირი უჩანს, რომ სულ მალე პროცესები, შესაძლოა, სხვაგვარად განვითარდეს და უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებაზე მომხმარებელთა მოთხოვნა შემცირდეს. კი, მაგრამ, რატომ? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი. საფინანსო სფეროს ექსპერტთა მოსაზრებით, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) მიერ მონეტარული პოლიტიკის 0,75 პროცენტით გამკაცრების გამო საქართველოში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები აუცილებლად გაძვირდება.
სავაჭრო დახლები - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2022
როდიდან დაიკლებს ფასები და გაიაფდება თუ არა ცხოვრება?
„საქართველოს საკრედიტო რესურსების ძალზე მნიშვნელოვანი წყარო საერთაშორისო ბაზრებიდან მოდის და, FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, როგორც დოლარში, ასევე ევროში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი ავტომატურად აიწევს. თუმცა, ასევე ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ დეპოზიტებზეც უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი, სავარაუდოდ, მოიმატებს, მაგრამ არა იმდენად, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე. კრედიტები ფინანსდება ორივე რესურსით – საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული სახსრებიდანაც და ადგილობრივი დეპოზიტებით. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო კომიტეტის მიერ მონეტარული პოლიტიკის 2,25 პროცენტიდან 2,50 პროცენტამდე გამკაცრება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაზრდილ ინფლაციაზე FED-ის კომიტეტის საპასუხო რეაქციაა, ჩვენი ქვეყნის ზოგადად ეკონომიკისთვის და კონკრეტულად მსესხებლებისთვის კარგი ნამდვილად არ არის“, − აცხადებს ანალიტიკოსი ოთარ ნადარაია.
ანალიტიკოსის ამ ვარაუდს იზიარებს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძეც. მისი თქმით, საქართველოში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი რამდენიმე პროცენტით გაიზრდება.
დღეისათვის სულ ეს იყო. როგორ განვითარდება პროცესი სავალუტო ბაზარზე, როდის აისახება ლარის კურსის გამყარება ფასებზე და რამდენად ნეგატიური გავლენა ექნება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებას ჩვენს ქვეყანაში უცხოური ვალუტით დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთზე – დრო გვიჩვენებს...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0