როგორ შეიცვალა ფასები? ანუ ბოლო ერთი წლის დინამიკა

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
ივნისის თვეში წლიურმა ინფლაციამ წინა თვესთან შედარებით მცირედით, მაგრამ დაიკლო. რატომ, რა იყო ამის საფუძველი და რას ემყარება პოზიტიური მოლოდინები?
საკამათო არ არის, ამბავი კარგია, სიხარული – ნაადრევი, ტენდენცია − იმედისმომცემი. რას გულისხმობ? − ჩამეძიება მკითხველი და, რა გაეწყობა, წინამდებარე სტატიას მკითხველის ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას დავუთმობ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ივნისის თვეში წლიური ინფლაციის დონემ 12,8 პროცენტი შეადგინა. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტად სურსათია გაძვირებული. საკვები პროდუქტების ფასებმა წლიურად საშუალოდ 21,8 პროცენტით მოიმატა. მათ შორის: პური და პურპროდუქტები 35,0 პროცენტით, ხოლო ბოსტნეული და ბაღჩეული 33,4 პროცენტით გაძვირდა. ხილისა და ყურძნის ფასმა 31,8 პროცენტით მოიმატა. მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 24,0 პროცენტით გაძვირდა. რძე, რძის პროდუქტები და კვერცხი 19,5 პროცენტით, ხოლო ყავა, ჩაი და კაკაო 18,0 პროცენტით არის გაძვირებული. თევზეულის ფასმა 17,9 პროცენტით მოიმატა. შაქარი, ჯემი და ზოგადად ტკბილეული 16,0 პროცენტით, ზეთი და ცხიმი 14,9 პროცენტთ და ბოლოს ხორცი და ხორცის პროდუქტები 11,3 პროცენტით გაძვირდა.
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
რას ვარაუდობს ეროვნული ბანკი, ანუ როდემდე გაიზრდება ფასები?
ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა თუ მომსახურების პირველ სამეულში მეორე პოზიცია ტრანსპორტსა და სატრანსპორტო მომსახურებას უკავია. ამ სფეროში წლიურად ფასები საშუალოდ 19,4 პროცენტით არის მომატებული. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ფასები 23,6 პროცენტით გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურება გაძვირდა 14,1 პროცენტით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენა − 6,2 პროცენტით.
დარწმუნებული ვარ, მკითხველი ელოდება, რომ პირველ სამეულში იქნება ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ფასების ზრდის მაჩვენებელიც, თუმცა ასე არ არის. მესამე პოზიცია სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების საშუალო წლიური გაძვირების მაჩვენებელს უკავია 14 პროცენტით. რაკი ჯანდაცვა ვახსენე, აქვე მოგახსენებთ, რამდენადაც არ უნდა გაიკვირვოთ, როგორც „საქსტატი“ იუწყება, ამ მიმართულებით ერთი წლის განმავლობაში ფასებმა მხოლოდ 1,1 პროცენტით მოიმატა.
პირველ სამეულში ვერ მოხვდა, თუმცა გაძვირების ორნიშნა მაჩვენებელი, 13 პროცენტი დაფიქსირდა საცხოვრებელ სახლსა და კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებული ფასების მატების შემთხვევაში. ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე 26,2 პროცენტით გაიზარდა. საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება 12,7 პროცენტით, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 6,0 პროცენტით გაძვირდა.
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
რატომ დარჩა უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი?
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა პროდუქტისა თუ მომსახურების ფასების მომატების პროცენტულ მაჩვენებელზე აღარ შევჩერდები. დაინტერესებული მკითხველი თავად შეძლებს გაეცნოს „საქსტატის“ ოფიციალურ მონაცემებს. სად არის კარგი ამბავი, სტატიის დასაწყისში რომ დააანონსე? − დაინტერესდება მკითხველი და მართალიც იქნება. დროა, მთავარი გზავნილი გავაჟღერო. მართალია, ივნისში კვლავ ორნიშნა წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, ის წინა თვის მაჩვენებელზე ნაკლებია! მაისის თვის წლიურმა ინფლაციამ 13,3 პროცენტი შეადგინა. სწორედ ამიტომ აღვნიშნე სტატიის დასაწყისში, რომ ამბავი კარგია.
დარწმუნებული ვარ, ურიგო არ იქნება, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ინფლაციის დინამიკით დავინტერესდეთ. 2022 წელს ქვეყანა წლიური ინფლაციის 13,9 პროცენტით შეხვდა. ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა იანვრის თვეშიც. თებერვალში კი წლიური ინფლაციის დონე 13,7 პროცენტით განისაზღვრა. მარტის თვის მაჩვენებელი – 11,8 პროცენტი ჯერჯერობით მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საუკეთესოა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, მაშინ ეს შემცირება ე.წ. საბაზისო ეფექტმა განაპირობა. აპრილში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 12,8 პროცენტი, ხოლო მაისში, როგორც უკვე ითქვა, 13,3 პროცენტი შეადგინა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
რაში ვხარჯავთ ყველაზე მეტ ფულს?
სტატისტიკური მონაცემები ცვალებად ტრენდზე მიანიშნებს და, შესაძლოა, მკითხველმა მიმითითოს, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ერთი თვის განმავლობაში 0,5 პროცენტით შემცირება განსაკუთრებული მოვლენა არც არის. კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნება, მაგრამ აკი თავადაც ფრთხილი ოპტიმიზმით შემოვიფარგლე და სტატიის პირველსავე სტრიქონებში იმედისმომცემი ტენდენციის არსებობაზე მოგახსენეთ.
შეგახსენებთ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები, ეროვნული ბანკის მესვეურები და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკაში პოზიტიური ძვრებია, საგრძნობლად გაუმჯობესებულია მაკროეკონომიკური პარამეტრები, რაც ინფლაციის წნეხის შესუსტების ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს იძლევა. არსებობს ვარაუდი, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ინფლაციის მაჩვენებელი მკვეთრად დაიკლებს, მომავალი წლის გაზაფხულზე კი მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. ამ კონტექსტში ურიგო არ იქნება, გავიხსენოთ ინფლაციურ პროცესებზე ეროვნული ბანკის პროგნოზის საბაზო, პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარები. უწყების საბაზო სცენარით მიმდინარე წლის ბოლოსთვის ინფლაცია 9,5 პროცენტი, პესიმისტური სცენარით 11 პროცენტი, ოპტიმისტური სცენარით კი 9 პროცენტი იქნება.
ინფლაციური წნეხის შესუსტებას ვარაუდობს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილიც. თუმცა ქვეყნის მთავარი ფინანსისტი არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ვითარების არც გაუარესებას გამორიცხავს.
ხილის დახლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
რატომ და რამდენით გაძვირდა საკვები პროდუქტი?
„ეროვნულმა ბანკმა გადადგა ქმედითი ნაბიჯები. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას დაიწყებს და, როგორც პროგნოზირებული იყო, მომდევნო წლის მეორე ნახევარში ის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. თუმცა, მეორე მხრივ, ის გამოწვევები, რაც მსოფლიოში და კონკრეტულად რეგიონში არსებობს, გარანტიას არ გვაძლევს, რომ ეს პროგნოზი გამართლდება, მომავალი წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მაჩვენებელი დაიკლებს და მიზნობრივ მაჩვენებლამდე იქნება. ამგვარი პროგნოზის დასაშვებია დღევანდელ პირობებში, ამჟამად არსებული რეალობის შენარჩუნების გათვალისწინებით. თუ ვითარება გეოპოლიტიკური ან საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით უარესობისკენ შეიცვლება, ბუნებრივია, ეს ინფლაციის მაჩვენებელზე ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს“, − განაცხადა ლაშა ხუციშვილმა და აქვე დასძინა, რომ ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს, რათა ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები არ შეიქმნას.
სტატიის დასასრულს კიდევ ერთ პოზიტიურ ტენდენციაზე მიგანიშნებთ. არახალია, რომ ინფლაცია და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობა ურთიერთკავშირშია. ფასების ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, სხვა შიდა თუ გარე ფაქტორებთან ერთად, ლარის კურსის გაუფასურებაც რჩება. საბედნიეროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა პოზიციებს თანდათან იმყარებს, ამერიკული დოლარის მიმართ სამიან ნიშნულს ჩამოსცდა და, საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსების პროგნოზით, ლარი კიდევ უფრო გამყარდება, სავარაუდოდ, 2,8 ნიშნულს დაიკავებს.
დასკვნის სახით: ბოლო პერიოდში წლიური ინფლაციის თუნდაც მცირედით შემცირება, ეროვნული ვალუტის გამყარება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში 11,2 პროცენტით ეკონომიკური ზრდა პოზიტიური მოლოდინების საფუძველს იძლევა. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0