რატომ და რამდენით გაძვირდა საკვები პროდუქტი?

© photo: Sputnik / Alexander Kovalev / გადასვლა მედიაბანკშიხილის დახლი
ხილის დახლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ცხოვრება ძვირდება, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მცირდება და ხალხი ღარიბდება. რა ტენდენციაა მსოფლიო სასურსათო ბაზარზე და როგორია მისი გავლენა საქართველოზე?
სასიხარულოსა და სასიკეთოს ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვეჭვობ, ყოველი თვის დასაწყისში, როდესაც ქვეყანაში განვითარებულ ინფლაციურ პროცესზე ვმსჯელობთ, მკითხველს პოზიტიური შეტყობინების მოლოდინი ჰქონდეს. საამისო მიზეზიც არსებობს. არახალია, ბოლო ორი წელია ინფლაცია ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის მთავარი გამოწვევაა. გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია „შესაშური“ სტაბილურობით ფიქსირდება.
გამონაკლისი არც ვარდობისთვე იყო. გასული კვირის მიწურულს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ მაისის თვეში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა − 13,3 პროცენტი. უწყებამ დაადასტურა ფასების რეკორდულად ზრდის ტენდეცია, რასაც ყოველი ჩვენგანი საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. ცხოვრება თვიდან თვემდე ძვირდება, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა კი მცირდება, ხალხი ღარიბდება. ასე რომ, საფუძველს მოკლებული არ არის, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, საიდანაც ირკვევა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მთავარ პრობლემად სწორედ ცხოვრების გაძვირებასა და სიღარიბეს ასახელებს.
ვალუტის გასაცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
რატომ გაუფასურდა ლარი... სამ დღეში რა მოხდა სავალუტო ბაზარზე?
რა გაძვირდა ყველაზე მეტად? − დაინტერესდება მკითხველი. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, გაძვირებული პროდუქციისა და მომსახურების რეიტინგში ფასების ზრდის 22,0 პროცენტით პირველი პოზიცია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს უკავია. ანუ ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები გაძვირდა. მათ შორის: ერთ წელიწადში ბოსტნეული და ბაღჩეული − 51,1 პროცენტით, პური და პურპროდუქტები − 34,5 პროცენტით, ზეთი და ცხიმი − 17,7 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი − 16,0 პროცენტით, შაქარი − 15,4 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9,6 პროცენტით.
რატომ გაიზარდა ფასები ყველაზე მეტად სურსათზე? ანალიტიკურ წრეებში აღნიშნავენ, რომ ისე, როგორც სხვა მრავალი მიმართულებით, სურსათით უზრუნველყოფის ნაწილშიც ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმპორტზე. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მონაცემებით, ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებზე თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი საქართველოში არასახარბიელოა: ხორბალი − 15 პროცენტი, სიმინდი − 68 პროცენტი, რძე და რძის პროდუქტები − 81 პროცენტი, კარტოფილი − 92 პროცენტი, ბოსტნეული − 63 პროცენტი, ხორცი და ხორცის პროდუქტები − 49 პროცენტი, ყურძენი − 145 პროცენტი, კვერცხი − 97 პროცენტი. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს მონაცემები ადასტურებს, რომ სასურსათო დეფიციტის შესავსებად ქვეყანას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების იმპორტირება სჭირდება. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, საქართველოში ფასების ფორმირებაზე განსაკუთრებულ გავლენას მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესები ახდენს. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ეს ეხება არა მხოლოდ სურსათს, არამედ, პირველ რიგში, ნავთობს. საწვავის გაძვირება ზრდის სატრანსპორტო ხარჯებს, რაც იმპორტირებულ პროდუქტს აძვირებს.
იმპორტირებული სურსათის გაძვირების მიზეზი სავალუტო რყევებიც არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი თუ არა, მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტი. ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა საქართველოში სურსათის მიწოდების პრობლემაც გააჩინა. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველო არც ამ მხრივ არის გამონაკლისი. ანალიტიკოსებისა და სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტების შეფასებით, დღეს მსოფლიოსთვის სურსათის გაძვირებაზე მეტად რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტით გამოწვეული ხორბლის დეფიციტი და მოსალოდნელი სასურსათო კრიზისია პრობლემური. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიძვირეს ვინღა ჩივის, პირობითად, ხვალ ან ზეგ ეს გაძვირებული საკვები პროდუქტიც შესაძლოა სანატრელი გაგვიხდეს...
ვალუტის გასაცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
რატომ მყარდება ლარი და რა ნიშნულს უმიზნებს ეროვნული ვალუტა?
ერთი სიტყვით, ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების საკითხი თანდათან მეტ აქტუალობას იძენს. საინტერესოა, რა ვითარებაა საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, რომელიც სურსათის არსებობას, სურსათზე ხელმისაწვდომობას, სურსათის გამოყენებასა და სტაბილურობას გულისხმობს. ანალიტიკოსთა და სპეციალისტთა ერთი ნაწლის, მათ შორის ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელის რუსუდან გიგაშვილის შეფასებით, საქართველო ის ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც შესაძლოა სასურსათო უსაფრთხოების საკითხი მწვავედ დადგეს, რადგან წარმოება მცირეა, ხოლო იმპორტი – მზარდი, ქვეყანა ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული და იმ სფეროშიც კი, სადაც თვითკმარ პროდუქციას აწარმოებს, საჭირო ნედლეული უცხოეთიდან შემოაქვს.
„საქართველოში სასურსათო პროდუქტების იმპორტი წლების განმავლობაში სტაბილურად ღირებულებითი მაჩვენებლით 3,5-ჯერ, ხოლო რაოდენობრივი მაჩვენებლით 2,6-ჯერ და მეტად აღემატება ექსპორტს, რაც ძირითადად განპირობებულია ამ პროდუქტების წარმოების დაბალი მოცულობით და შესაბამისი სექტორის სუსტი კონკურენტუნარიანობით უცხოელ მწარმოებლებთან შედარებით. რაც შეეხება იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელს, ეს გარკვეულწილად რუსეთში შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია. საქართველოდან რუსეთში გავიდა კარტოფილი და სხვა პროდუქტებიც. იქ გაჩენილი დეფიციტის შევსება დავიწყეთ. მაგრამ რუსეთი არ არის სტაბილური ბაზარი და კონცენტრირება სხვა მიმართულებებზე გვჭირდება“, − აცხადებს რუსუდან გიგაშვილი. მისი თქმით, ქვეყანა პროდუქტების ხელმისაწვდომობის პრობლემის წინაშე უკვე დადგა და ალტერნატიული ბაზრების ძიება დაიწყო. „სამწუხაროდ, საქართველოში წინასწარ შესაძლო კრიზისის განეიტრალებისთვის საჭირო გეგმის მომზადებაზე არავინ ზრუნავს. როდესაც ხელისუფლება ფაქტის წინაშე დგება, შემდეგ იწყება ხოლმე გამოსავლის ძიება. გარე სამეზობლო გვილაგებს სიტუაციას. როგორი ვითარებაც იქმნება ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, იმ ვითარებას ვერგებით“, − დასძენს რუსუდან გიგაშვილი.
ბაზარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2022
რატომ გაძვირდა კომბოსტო, როცა ჩაქაფულის სეზონია?
მსოფლიოს მარცვლეულის ბაზარზე განვითარებულმა მოვლენებმა ასახვა საქართველოშიც ჰპოვა. რამდენიმე კვირის წინ ქვეყანაში ხორბლის მარაგი თითქმის ამოიწურა, თუმცა მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ფქვილის და, შესაბამისად, პურ-პროდუქტების დეფიციტი არ შეიქმნება. ამ ოპტიმისტური დაპირების ფონზე ანალიტიკურ წრეებში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ვერ გადაწყვეტა ხორბლის საკითხი.
„ფქვილი დიდწილად რუსეთიდან შემოგვაქვს. ხვალ რომ პოლიტიკური ნიშნით რუსეთმა ფქვილის მოწოდება შეგვიწყვიტოს, რას ვიზამთ? სამწუხაროდ, ქვეყანას ახლა არ გააჩნია არანაირი ალტერნატივა. ამ ფაქტმა აჩვენა, რომ სახელმწიფო კრიზისების მართვის კუთხით უფრო მობილური უნდა გახდეს და სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები“, − აცხადებს რუსუდან გიგაშვილი. მისივე თქმით, მთავრობამ უნდა იზრუნოს, რომ ქვეყნის სურსათითა და მარცვლეულით უზრუნველყოფაში შეამციროს იმპორტის და გაზარდოს ადგილობრივი წარმოების წილი. „არსებობს დარგები, სადაც ქვეყანას შეუძლია იყოს თვითკმარი. საამისოდ სახელმწიფომ უნდა შეამციროს სუბსიდირება, მათ შორის, სოციალური სუბსიდიები და ტექნოლოგიებისთვის მაქსიმალური დანახარჯები გაიღოს. რით შეგვიძლია ვაჯობოთ სხვებს? – მხოლოდ ტექნოლოგიებით, ერთ ჰექტარზე მოსავლიანობა გავზარდოთ. სოფლის მეურნეობა გრძელვადიანი დარგია და არ შეიძლება მუდმივად პოლიტიკურ პოპულიზმზე იყოს მიბმული ხარჯები“, − დასძენს რუსუდან გიგაშვილი.
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
რა მოიგო და რა წააგო საბანკო სექტორმა?
ინფლაციის მაჩვენებელს დავუბრუნდეთ. კი, მაგრამ რატომ მხოლოდ სურსათი? − ჩამეძიება მკითხველი სტატიის სათაურის გაცნობისთანავე. გაძვირებული პროდუქციისა და მომსახურების რეიტინგში ფასების ზრდის 20,0 პროცენტით მეორე პოზიცია ტრანსპორტის ჯგუფს უკავია. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია 25,2 პროცენტით, სატრანსპორტო მომსახურება 12,9 პროცენტით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენა 3,0 პროცენტით გაძვირდა.
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია და აირი. ჯგუფში ფასებმა 16,1 პროცენტით მოიმატა. მათ შორის: საცხოვრებელზე გადასახადი 28,2 პროცენტით გაიზარდა, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – 13,6 პროცენტით, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 11,2 პროცენტით გაძვირდა.
გაძვირებული პროდუქციისა და მომსახურების რეიტინგში ფასების ზრდის 12,6 პროცენტით მეოთხე პოზიციაზეა ჯგუფი სასტუმროები, კაფეები და რესტორნები. პირველ ხუთეულში მოხვდა ჯგუფი ავეჯი, სახლის მოვლა, საოჯახო ნივთები. ფასები 9,2 პროცენტით გაიზარდა.
ანალიტიკოსები 22 ივნისის მოლოდინში არიან. როგორც მათი დიდი ნაწილი ვარაუდობს, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებს. შეგახსენებთ, კობა გვენეტაძის უწყებამ ბოლო ერთ წელიწადში რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტიდან 11 პროცენტამდე უკვე გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესაძლო პოზიტიურ და ნეგატიურ შედეგებზე ადრეც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ინფლაციის შეკავებას ხელს უწყობს, მაგრამ ქვეყანაში ფულს, კონკრეტულად კი საკრედიტო რესურსს აძვირებს, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკურ ზრდას აფერხებს, არადა, ინფლაციის მთავარი წამალი სწორედ სტაბილურად მზარდი, განვითარებადი ეკონომიკაა...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0