რა მოიგო და რა წააგო საბანკო სექტორმა?

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
საბანკო სექტორის სტარტი: პირველი სამი თვე ციფრებში, შემოსავლები და ხარჯები, წმინდა მოგება, საკრედიტო პორტფელი და საბანკო დეპოზიტები. ყველაზე მთავარი – საპროცენტო განაკვეთები.
წინამდებარე სტატიაში მკითხველის ყურადღებას მიმდინარე წლის პირველი სამ თვეში კომერციული ბანკების შედეგებზე გავამახვილებ. მთლიანი აქტივები, შემოსავლები, მოგება, საკრედიტო პორტფელის მოცულობა და სტრუქტურა, საბანკო დეპოზიტები და, რაც მთავარია, საპროცენტო განაკვეთები...
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საინტერესოა, თუ როგორ აისახა რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტი კომერციული ბანკების აქტივებზე. შეგახსენებთ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო მარტის მეორე ნახევრიდან საქართველოს საბანკო სექტორში „ვითიბი ბანკმა“ ოპერირება შეაჩერა და როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების პორტფელი გაასხვისა. გარიგების შედეგად საცალო პორტფელი „ბაზის ბანკმა“, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი „ლიბერთი ბანკმა“ გადაიბარეს. ორგანიზაციული თვალსაზრისით ამით ამოიწურა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების გავლენა საქართველოს საბანკო სფეროზე.
ახლა საფინანსო პარამეტრებს გადავხედოთ. საამისოდ ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის მონაცემებს მოვიშველიებ.
მიმდინარე წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 98,04 მილიონი ლარით, ანუ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1,4%-ით გაიზარდა და 61,79 მილიარდი ლარი შეადგინა. ბუნებრივია, საბანკო სექტორში ცვლილებები გამოიწვია „ვითიბი ბანკის" მიერ საკუთარი აქტივების გასხვისებამ. ამის შედეგად „ლიბერთი ბანკის“ აქტივებმა 3,25 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო „ბაზის ბანკის“ აქტივები 950 მილიონი ლარით, 2,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები მარტში გაიზარდა>>>
მთლიანი აქტივების მოცულობით ლიდერობს „თიბისი ბანკი“, რომელმაც მის უშუალო მდევართან, „საქართველოს ბანკთან“ მინიმუმამდე დასული სხვაობა მარტში 992 მილიონ ლარამდე ისევ გაზარდა. საფინანსო სფეროს სპეციალისტების შეფასებით, „საქართველოს ბანკის“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებით კომპანიამ აქტივები 1,08 მილიარდი ლარით გაზარდა. როგორც საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, წლის განმავლობაში, შესაძლოა, საფინანსო ბაზარზე ლიდერი შეიცვალოს კიდეც.
კომერციული ბანკების შემოსავლები და მოგება
მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საბანკო სექტორის ჯამურმა მოგებამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2,5 მილიონი ლარით გადააჭარბა და 413,5 მილიონი ლარი შეადგინა. ძირითადი მოთამაშეები ბაზარზე უცვლელია. ჯამური მოგების 88% კვლავაც ორ უმსხვილეს ბანკზე – „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკზე“ მოდის. ექსპერტთა უმრავლესობის შეფასებით, ქვეყანაში ოლიგოპოლიური საბანკო სისტემა არსებობს, რაც კონკურენციის არარსებობის შედეგია და სექტორის განვითარებას აფერხებს. მოგების მაჩვენებლით კომერციული ბანკების პირველ ხუთეულს სათავეში „თიბისი ბანკი“ უდგას. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიის მოგებამ 206,3 მილიონი ლარი შეადგინა. მომდევნო პოზიცია 157,9 მილიონი ლარის მოგებით „საქართველოს ბანკს“ უკავია. პირველ სამეულშია „ბაზის ბანკი“, რომლის მოგება 21,2 მილიონ ლარს გაუტოლდა. მეოთხე ადგილზე „ლიბერთი ბანკია“, რომელმაც 16,5 მილიონი ლარი მოიგო. მეხუთე პოზიცია 10 მილიონი ლარის მოგებით „პროკრედიტ ბანკს“ უკავია.
კრედიტები, საპროცენტო განაკვეთები და ვადაგადაცილებული სესხები
საანგარიშო პერიოდში კომერციულმა ბანკებმა საპროცენტო შემოსავლების სახით 1,32 მილიარდი ლარი მიიღეს, მათ შორის 1,15 მილიარდი ლარი სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი იყო. რაკი სიტყვა სესხებზე ჩამოვარდა, აქვე გეტყვით, რომ საპოცენტო განაკვეთები გაიზარდა ლარში გაცემულ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სესხებზე. მოკლევადიან სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 17,7% შეადგინა, რაც გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს 0,9%-ით აჭარბებდა. გრძელვადიანი სესხების საპროცენტო განაკვეთი კი 15,7% იყო და 0,8%-ით აღემატებოდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი: საქართველოს შეუძლია გაუმკლავდეს კრიზისს>>>
უცხოურ ვალუტაში გაცემული მოკლევადიანი კრედიტების საპროცენტო განაკვეთი გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 0,1%-ით გაძვირდა და 7,3%-ს გაუტოლდა. საანგარიშო პერიოდში 0,4%-ით შემცირდა და 6,4% შეადგინა უცხოურ ვალუტაში გაცემული გრძელვადიანი კრედიტის საპროცენტო განაკვეთმა. საბანკო სექტორს საანგარიშო პერიოდში 43,32 მილიარდი ლარის სესხები ჰქონდა გაცემული.
როგორია საკრედიტო პორტფელში ე.წ. პრობლემური სესხების წილი? „კრედიტინფოს“ სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტის მდგომარეობით, ვადაგადაცილება 216.792 მსესხებელს, ანუ დებიტორთა საერთო რაოდენობის 11,8%-ს დაუფიქსირდა. თებერვალში კი ეს მაჩვენებელი 12,1% იყო. მსესხებლების 85,3% საბანკო სექტორზე მოდის, მარტის მდგომარეობით, 1,5 მილიონზე მეტ მსესხებელს კომერციული ბანკების 30,536 მილიარდი ლარი მართებს. ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი კიდევ სხვა საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტების დებიტორთა რაოდენობა 600 ათასს აჭარბებს, ხოლო გაცემული სესხების მოცულობა 2,375 მილიარდ ლარს შეადგენს.
საბანკო სექტორის არასაპროცენტო შემოსავლებმა 337 მილიონი ლარი შეადგინა, რაც სავალუტო კონვერტაციების ოპერაციებიდან, საკომისიოებიდან და ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავლებს მოიცავს.
ორიოდე სიტყვა დეპოზიტებზეც ვთქვათ. აპრილის დასაწყისში საბანკო დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი 5,2% იყო, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 10,6%-ით მეტია. ლარში მოკლევადიან დეპოზიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 9,8%, ანუ გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე 1,6%-ით მეტი შეადგინა. ლარში გრძელვადიანი დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 0,4%-ით მოიმატა და 12,2% შეადგინა. თანაბრად 0,8%-ით შემცირდა უცხოურ ვალუტაში როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები. კომერციულ ბანკებს საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 15,7 მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტი ჰქონდათ მიღებული. კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი: მარტის განმავლობაში უცხოეთის მოქალაქეებმა საქართველოს კომერციულ ბანკებში რეკორდული მოცულობის 1,7 მილიარდი ლარის დეპოზიტები განათავსეს. წინა თვესთან შედარებით დეპოზიტების ეს რაოდენობა 500 მილიონი ლარით მეტი იყო.
დროა საბანკო სექტორის ხარჯებზეც მოგახსენოთ. კომერციული ბანკებისთვის ყველაზე მსხვილი საპროცენტო ხარჯები იყო, რაც 633 მილიონ ლარს შეადგენდა, აქედან მოქალაქეების და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელი 362 მილიონი ლარი იყო. საბანკო სექტორმა საკუთარი აპარატის შენახვაზე პირველ კვარტალში 464 მილიონი ლარი დახარჯა.
და, ბოლოს, შეფასების, დასკვნის დროა – მაინც რაზე მიანიშნებს კონკრეტული ციფრები, როგორია საბანკო სექტორში შემოსავლების ზრდის დინამიკა.
როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, გასული წლის მიწურულისთვის არსებულ მოლოდინებთან შედარებით, პირველი კვარტლის მონაცემებით, საბანკო სექტორში ზრდის ტემპი დაბალია. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის განმავლობაში საბანკო სისტემა დაახლოებით 10%-ის ფარგლებში ზრდას გეგმავს.
ასევე არის მოლოდინი, რომ საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპზე ნეგატიურად აისახება უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი, ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, საკრედიტო პორტფელში ხარისხის კუთხით გაუარესებაზე საუბარი არ არის, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით კი მოსალოდნელია, რომ მეოთხე კვარტალში მონეტარულმა განაკვეთმა შემცირება დაიწყოს.
დღეისათვის სულ ეს იყო. ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებითა და მიმოხილვით უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0