მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი: საქართველოს შეუძლია გაუმკლავდეს კრიზისს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
გამოწერა
ქვეყანას სჭირდება პროდუქტიულობის ამაღლება ეკონომიკის ყველა სექტორში, კონკურენციის ზრდა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა – ასეთ რეკომენდაციას იძლევა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია გაუმკლავდეს კრიზისს, ძირითადად, გონივრული ბუფერების წყალობით, განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკმა კვირას საქართველოს ეკონომიკის ზრდის 2022 წლის პროგნოზი 5,5%-დან 2,5%-მდე შეამცირა. მსოფლიო ბანკის აზრით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე ვაჭრობის, ტურიზმისა და ფულადი გადარიცხვების შემცირების, ასევე ნედლეულის გაძვირების გამო.

„მაკროსაფინანსო ჩარჩო საიმედოა და საბანკო სექტორი ამ განახლებულ კრიზისში მთლიანობაში ძლიერი და სტაბილურია. ამიტომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ საერთაშორისო პარტნიორების, მაგალითად, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩვენ შეგვიძლია კრიზისი ერთობლივად გადავიტანოთ“, – განაცხადა მოლინეუსმა.

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მიმდინარე კრიზისის დასაძლევად საქართველოს თავისი რეკომენდაციები გაუზიარა.
„მოკლევადიან პერიოდში ჩვენ გვჭირდება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამისათვის უნდა გავაგრძელოთ ინფლაციის ტარგეტირების ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რეჟიმის განხორციელება, რაც მეტად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ფისკალურმა რეაქციამ არ უნდა დაკარგოს ფისკალური მდგრადობის ხედვა“, – მიაჩნია მოლინეუსს.
მისი თქმით, სოციალური დაცვის სისტემა ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია რეაგირების ღონისძიებების თვალსაზრისით. ამავე დროს საჭიროა, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების ფორმულა დაიხვეწოს, რათა ის ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის, ვისაც ის რეალურად სჭირდება.
„და, მესამე – საჭიროა ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიება იმ ქვეყნებთან, რომლებსაც კრიზისი ნაკლებად შეეხო და ასევე ფირმების დახმარება, რათა არსებული საექსპორტო ბაზრებიდან, მაგალითად, რუსეთიდან მოახდინონ რეორიენტაცია ახალ ბაზრებზე, იქნება ეს ევროკავშირი, თურქეთი, ცენტრალური აზია თუ სხვა რეგიონი“, – აღნიშნა რეგიონულმა დირექტორმა.
მოლინეუსის აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია – ყურადღება არ მოაკლეს გრძელვადიანი სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგს.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის საფუძვლის მოსამზადებლად. ჩვენ გვჭირდება პროდუქტიულობის ამაღლება ეკონომიკის ყველა სექტორში, კონკურენციის ზრდა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა საქართველოში“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის ძლიერი პარტნიორობისა და თანამშრომლობის წყალობით ქვეყანა გაუმკლავდება გარე რყევებს.
ყველა ახალი ამბავი
0