რატომ გაძვირდა კომბოსტო, როცა ჩაქაფულის სეზონია?

© photo: Sputnik / Stringerბაზარი
ბაზარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2022
გამოწერა
ფასები იზრდება, ინფლაციის მაჩვენებელი კვლავაც ორნიშნაა... ცხოვრება ძვირდება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, გაიზრდება თუ არა რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი?
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველი თვის დასაწყისში წინა თვის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს. გამონაკლისი არც ეს ვარდობისთვე იყო. უწყებამ დათვალა და მონაცემები გაასაჯაროვა... მიმდინარე წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.8%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა. შეგახსენებთ, მარტის თვის წლიური ინფლაციის დონე 13.8% იყო. ერთი სიტყვით, გასული წლის ივლისიდან მოყოლებული საქართველოში ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელია.
პროდუქტებსა თუ პირველადი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებსა თუ სამედიცინო მომსახურებაზე, ტრანსპორტსა თუ საწვავზე, ელექტროენერგიასა თუ ბუნებრივ აირზე, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ფაქტობრივად ყველა მიმართულებით ფასების ზრდა ქვეყნის მოსახლეობას დიდი ხანია აღარ უკვირს.
ცხოვრების გაძვირება რომ ჩვენი თანამოქალაქეების მთავარი გამოწვევაა, ამას უკვე რამდენიმე წელია საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც ადასტურებს... თუმცა, ამ მოცემულობის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, მკითხველთა უდიდესი ნაწილი გაიკვირვებს, როდესაც შეიტყობს, რომ გასულ თვეში ყველაზე მეტად, 289.8%-ით კომბოსტო გაძვირდა... კი, მაგრამ, რატომ? - შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. აბა რა გითხრათ, სავარაუდოდ მოთხოვნა გაიზარდა, არადა ახლა ჩაქაფულის სეზონია და არა ტოლმის ან ბორშჩის... ოპს, არ არის გამორიცხული კომბოსტოზე მოჭარბებული მოთხოვნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ბორშჩის გამორჩეულად მოყვარული, რუსი ვიზიტორების, გასულ თვეში 294%-ით გაზრდილი რაოდენობა იყოს... ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული წლის აპრილში ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილი 10.3%-ს შეადგენდა, წელს კი ეს მაჩვენებელი 15.6%-ია.
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
რა მოიგო და რა წააგო საბანკო სექტორმა?
რაკი სიტყვა ვიზიტორებზე ჩამოვარდა, მოკლედ მიმოვიხილოთ ძირითადი პარამეტრები. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იუწყება, მიმდინარე წლის აპრილში ქვეყანაში 244,293 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც გასული წლის აპრილის თვესთან შედარებით,184.9%-ით მეტია. საერთაშორისო მოგზაურთა ნაკადის აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის ანუ COVID-19-ის პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 37.7%-ია. ამავე უწყების ცნობით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 182,381 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 140.5%-ით მეტია, ხოლო ტურისტული მოგზაურების 2019 წლის აპრილის თვის მონაცემების 52.3% აღდგენილია... საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 36 ათასი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა...
წინამდებარე სტატიის მთავარ საკითხს, ინფლაციას დავუბრუნდეთ. ეჭვი მაქვს, მკითხველებს კვლავაც გავაკვირვებ... გაკვირვებას ვინ ჩივის, გაღიმებულებს ნუ დაგვტოვებ, - შესაძლოა, მიმითითოს მკითხველმა... ასეა თუ ისეა, ისიც ფაქტია, აპრილში ათი ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტიდან კომბოსტოს ფეხდაფეხ ბადრიჯანი მისდევს, რომლის ფასიც 119.9%-ით გაიზარდა. შემდეგი პოზიცია ქლიავს უკავია 56.7%-ით. მარგარინი 54.2%-ით, ხოლო კარტოფილი 53.9%-ით გაძვირდა. ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების რეიტინგში დიზელის საწვავი ფასმატების 53.5%-ით მეექვსე ადგილზეა. ბენზინს, რომელიც 41.4%-ით გაძვირდა, ამავე რეიტინგში მეცხრე ადგილი უკავია. კიტრი 44.1%-ით გაძვირდა, ელექტროყავადანი 42.6%-ით. ეს ორი პროდუქტი მეშვიდე და მერვე ადგილზეა. აპრილში გაძვირებული პროდუქტების ტოპ-ათეულის ბოლო ადგილი წიწიბურას უკავია, რომელიც 39.4%-ით გაძვირდა.
საინტერესოა, ანალიტიკური წრეების შეფასება აპრილის თვის ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე, როგორია მათი პროგნოზი. ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის, დავით გონდაურის თქმით, ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონდა ფასების ცვლილებას ისეთ ჯგუფებზე, როგორებიცაა: ტრანსპორტის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფები. მისი განმარტებით, აღნიშნულ ზრდას თავისი მიზეზი ჰქონდა. კერძოდ, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტმა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტების ფასები მკვეთრად გაზარდა. სამხედრო დაპირისპირების დაწყებამდე უკრაინა და რუსეთი, სხვადასხვა პროდუქტის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები, მსოფლიო სატრანსპორტო სისტემის და მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი მონაწილენი იყვნენ. შესაბამისად, მიმდინარე კონფლიქტმა, ქვეყნებს შორის მიწოდების ჯაჭვები შეაფერხა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი გააღრმავა. შედეგად, მსოფლიოში ფასების ზრდის ახალი, მძლავრი ბიძგი წარმოიქნა. ნავთობის, ხორბლის, მცენარეული ზეთის, შაქრისა და სხვა საკვები პროდუქტების ფასები მკვეთრად გაიზარდა. როგორც დავით გონდაური აცხადებს, საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცა.
ქართული ვალუტა - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
რას გადაწყვეტს ეროვნული ბანკი, ანუ გაძვირდება თუ არა საქართველოში ფული?
„რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ბოლო პერიოდის ინფლაცია გამოწვეულია ფულის მასის ზრდით, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში ნაღდი ფული მიმოქცევაში არა თუ გაზრდილია, წლიურ დონეზე 1.7%-ით, 78 მილიონი ლარით შემცირებულია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ძველი ფულის ნიშნების ახლით ჩანაცვლება, ელემენტარულად არ ნიშნავს ფულის მასის ზრდას. მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას მთავარ ორიენტირად ეროვნული ბანკი ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს იყენებს. ზოგადად, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ეკონომიკას ეტაპობრივად გადაეცემა და მისი ეფექტი 4-6 კვარტალის ფარგლებში სრულად რეალიზდება. თუ დავაკვირდებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებებს 2021-2022 წლებში, ის 8%-დან 11%-მდე გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს სწორედ ამ საპროგნოზო ჰორიზონტის მანძილზე დაუბრუნდება. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ინფლაცია საშუალოდ წლიური 9-10%-ის ფარგლებში უნდა ვივარაუდოთ...,”- განაცხადა ანალიტიკოსმა დავით გონდაურმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 11 მაისს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი შეიკრიბება და რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთზე იმსჯელებს. დღევანდელი მდგომარეობით, იგი 11%-ია. საინტერესოა, როგორ აისახება აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებელი მონეტარულ პოლიტიკაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეროვნულ ბანკში. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აღნიშნავს, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება იქამდე, სანამ ინფლაციის მოლოდინების მოთოკვის ნიშნები არ გამოჩნდება.
„ინფლაცია გლობალური პრობლემაა. რაც შეეხება რეაგირების მექანიზმებს, მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნის მხარეზე ზემოქმედების ელემენტია და მასში მიწოდების მხარეზე ზემოქმედების ელემენტი არ არსებობს. ფაქტორი, რომელიც ინფლაციას ზრდის, ეგზოგენურია, ანუ საგარეოა, მაგალითად როდესაც ნავთობის ფასები იზრდება ის აუცილებლად გადაეცემა ეკონომიკას. ჩვენ გვქონდა დაგუბებული მოთხოვნა და აქედან არის გამოწვეული, რომ პორტფელის ზრდა ჯერ ისევ მაღალია. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკის შედეგად ყველა ზომას მივიღებთ, რომ ინფლაცია მოლოდინებში არ გადაიზარდოს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ მონეტარული პოლიტიკა მკაცრ დონეზე შენარჩუნდეს. ჩვენ ამავე დროს განვაცხადეთ, რომ პოლიტიკა გამკაცრდება იქამდე, სანამ ინფლაციის მოლოდინები მოთოკვის ნიშნებს არ დავინახავთ...“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ახლა საინტერესოა, როდის დავინახავთ „ინფლაციის მოლოდინების მოთოკვის ნიშნებს"... გამკაცრებული მონეტარული პოლოტიკა ხომ გაძვირებული ფულის, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის ზრდასა და შესაბამისად გაძვირებულ კრედიტებს ნიშნავს... არახალია, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეროვნული ბანკის ხელთარსებული ის ბერკეტია, რომელიც ინფლაციური პროცესების მოთოკვას ხელს უწყობს. თუმცა, მედალს ამ შემთხვევაშიც აქვს მეორე მხარე. ამგვარი პოლიტიკა საკრედიტო რესურსს აძვირებს, შედეგად სესხზე მოთხოვნა იკლებს, რაც ეკონომიკური ზრდის ტემპს აფერხებს...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0