რატომ დარჩა უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი?

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
მზარდი ინფლაცია მთავარ გამოწვევად რჩება, მაღალია ინფლაციური რისკების მოლოდინი. მიუხედავად ამისა, ეროვნულმა ბანკმა ამჯერად მონეტარული პოლიტიკა არ გაამკაცრა. რატომ და როგორია უახლოესი მომავლის პროგნოზი?
თვიდან თვემდე მზარდი ინფლაციის ვითარებაში, დარწმუნებული ვარ, ჩვენს მკითხველს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების მოლოდინი ექნებოდა. ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარებისა და მისი მეტ-ნაკლები სტაბილურობის მიუხედავად, სწორედ ფასების მკვეთრი მატების გათვალისწინებით, ანალიტიკოსთა დიდი ნაწილიც რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ვარაუდობდა. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა იმსჯელა და რეფინანსირების განაკვეთი ამჯერად უცვლელად, 11 პროცენტზე დატოვა. კი, მაგრამ, რატომ? − დაინტერესდება მკითხველი. საპასუხოდ ეროვნული ბანკის განმარტებას მოვიშველიებ.
კობა გვენეტაძის უწყებაში აცხადებენ, რომ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები კვლავ გლობალურ გამოწვევად რჩება. ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტი. რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და საომარ მოქმედებათა გამო უკრაინიდან ექსპორტის შეზღუდვამ მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ბოლო თვეებში მსოფლიო მასშტაბით სურსათის ფასები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ბუნებრივია, საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები ცალკეულ ქვეყნებზეც აისახება და, შედეგად, როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ეკონომიკებში ინფლაცია მკვეთრად არის გაზრდილი. გამონაკლისი არც საქართველოა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
რამდენს ვყიდით და რამდენს ვყიდულობთ? ანუ საგარეო ვაჭრობის ბალანსი
ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციის ტრაექტორია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მსოფლიო გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. ამ პროცესის პროგნოზირება საკმაოდ რთულია. არსებობს ფრთხილი მოლოდინი, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასები მეტად აღარ გაიზრდება და შესაბამისი ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში თანდათან შემცირდება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ უცხოეთიდან მზარდი ფულადი გზავნილების, ტურიზმის სფეროდან და საქონლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ფონზე ლარის გაცვლითი კურსი გამყარებულია და ამის შედეგად იმპორტირებულ საქონელზე ინფლაციის შემცირების ტენდენცია შეინიშნება. ამავე დროს, კობა გვენეტაძის უწყების პროგნოზით, მიმდინარე წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა დარჩება, თუმცა გლობალური გამოწვევების ეტაპობრივად განეიტრალებითა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებით ინფლაცია თანდათან შემცირდება.
ეროვნული ბანკი შეგვახსენებს, რომ გაზრდილი ინფლაციისა და ინფლაციური რისკების მომატების გამო ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი 9 პროცენტიდან ეტაპობრივად 11 პროცენტამდე გაიზარდა. კობა გვენეტაძის უწყების შეფასებით, მონეტარული პოლიტიკა დღეს გამკაცრებულია და ასეც დარჩება მანამ, სანამ ინფლაციის მატების რისკები არ შემცირდება. ეროვნულ ბანკში იმაზეც მიანიშნებენ, რომ თუ ინფლაციური მოლოდინები მეტად გაიზარდა, ან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო.
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
რაში ვხარჯავთ ყველაზე მეტ ფულს?
მოგეხსენებათ, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სესხებს აძვირებს, რაც, რა თქმა უნდა, საკრედიტო რესურსზე მოთხოვნას ამცირებს და ეს, შესაბამისად, არა მხოლოდ სასესხო პორტფელის მოცულობის, არამედ ეკონომიკური ზრდის ტემპს აფერხებს. როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში აცხადებენ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საკრედიტო აქტივობა მაღალ დონეზეა შენარჩუნებული.
სიტყვა კრედიტებზე ჩამოვარდა. უპრიანი იქნება, საკრედიტო პორტფელი მიმოვიხილოთ. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში 200 ათასამდე მსესხებელს უნდა ვახაროთ, რომ მათ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი არ გაეზრდებათ.
საინტერესოა, როგორია (მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით) ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 190.900 სესხის სტრუქტურა, რა ტიპის კრედიტებია გაცემული და რამდენ პროცენტში? არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით ირკვევა, რომ ამ სესხების აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. საერთო საკრედიტო პორტფელის მოცულობა კი 8.811 მილიონი ლარია. 1 აპრილიდან 1 მაისამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა შემცირებულია 500 ხელშეკრულებით, თუმცა მთლიანი პორტფელი 8.734,6 მილიონი ლარიდან 8.811 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ხილის დახლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
რატომ და რამდენით გაძვირდა საკვები პროდუქტი?
რაოდენობრივად ყველაზე მეტი, 84.300 ხელშეკრულებით სამომხმარებლო ტიპის სესხია გაცემული. 1.281 მილიონი ლარი კომერციულმა ბანკებმა საშუალოდ 19,95 პროცენტში გაასესხეს.
მომდევნო პოზიცია უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ იპოთეკურ სესხებს უკავია. ამ ტიპის კრედიტებზე 70.100 ხელშეკრულებაა გაფორმებული და 3.030,3 მილიონი ლარი საშუალოდ 12,35 პროცენტშია გაცემული.
ხელშეკრულებების რაოდენობით პირველ სამეულშია ბიზნეს-სესხები. ასეთი ჯამში 35.400 ხელშეკრულებაა გაფორმებული. მთლიანი პორტფელი 4.446 მილიონი ლარია. მათ შორის: მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად კომერციულმა ბანკებმა 1.196,4 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 15,28 პროცენტში, ხოლო მსხვილი ბიზნესი 3.263,8 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14,52 პროცენტში.
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული კრედიტებიდან ტრადიციულად ყველაზე მცირე რაოდენობით ავტოსესხია ხოლმე გაცემული. ასე იყო საანგარიშო პერიოდშიც. გაფორმებული 700 ხელშეკრულებით კომერციულმა ბანკებმა 18,6 მილიონი ლარი საშუალოდ 21,83 პროცენტში გაასესხეს.
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 3.000 კრედიტის მიზნობრიობა უცნობია. ჯამურად ასეთი საკრედიტო პორტფელის მოცულობა 30,2 მილიონი ლარია.
საანგარიშო პერიოდში რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 40,8 პროცენტია. ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი, 21,83 პროცენტი ავტოსესხზეა. მეორე პოზიცია 19,95 პროცენტიანი განაკვეთით სამომხმარებლო სესხებს უკავია.
ვალუტის გასაცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
რატომ მყარდება ლარი და რა ნიშნულს უმიზნებს ეროვნული ვალუტა?
და, ბოლოს, 1 აპრილის მონაცემებთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთების არსებითი ცვლილება არცერთი მიზნობრიობით გაცემულ კრედიტებში არ შეიმჩნევა.
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ საკრედიტო პორტფელი ზრდის არსებულ დინამიკას, სულ ცოტა, ზაფხულის განმავლობაში შეინარჩუნებს. მათი შეფასებით, საშემოდგომო ტენდენციას დიდწილად ეროვნული ბანკის 3 აგვისტოს დაგეგმილი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება განსაზღვრავს.
საბანკო სფეროს სპეციალისტთა ერთი ნაწილი უკვე დღეს აცხადებს, რომ საქართველოში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები გაძვირდება. კი, მაგრამ, რატომ? − ჩამეძიება მკითხველი. ანალიტიკოსები მიგვანიშნებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი 0,75 პროცენტით გაზარდა და დღეს უკვე რეკორდულ ნიშნულზეა. FED-ს ძირითადი განაკვეთი 2,25-2,5 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ამგვარ ვითარებაში კი სავსებით მოსალოდნელია, საქართველოში უცხოურ ვალუტაზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი რამდენიმე პროცენტით გაიზარდოს. მოსაზრებას საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძეც იზიარებს.
„შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბოლოდან მოყოლებული დღემდე სესხების საპროცენტო განაკვეთები 0,5 პროცენტით უკვე გაზრდილია. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კი მოსალოდნელია, მიმდინარე კვირაში ეს მაჩვენებელი კიდევ 3-4 პროცენტით გაიზარდოს“, − აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
მოკლედ, სასიკეთოს ხომ ვერაფერს გაიგებ! − ბრძანებს მკითხველი. ვიტყვი, რატომ? არ არის ასე. აბა, როგორ არის? − ჩამეძიება მკითხველი. ამ შეკითხვაზე პასუხით უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0