რას გეგმავენ მთავრობა და ეროვნული ბანკი? ანუ საშემოდგომო მოლოდინები

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2022
გამოწერა
საფინანსო ბაზარი მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების მოლოდინშია. არ არის გამორიცხული, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების დღეს არსებული ზღვარი – 200 ათასი ლარი გაიზარდოს და ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხის რეგულაციის კოეფიციენტი შეცვალოს.
წინამდებარე სტატიაში საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებსა და პროცესების განვითარების შესაძლო ვარიანტებზე მოგახსენებთ.
დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ მკითხველს ემახსოვრება, ივლისის შუა რიცხვებში ვწერდი, რომ ქვეყნის საფინანსო სისტემა სიახლის მოლოდინშია და მალე ბაზარზე ოპერირებას ახალი მოთამაშე – მიკრობანკი დაიწყებს. მალევე გაირკვა, რომ კობა გვენეტაძის უწყება ქვეყნის კომერციულ ბანკებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს, კერძოდ, საკრედიტო პოლიტიკის ნაწილში თამაშის წესებს უცვლის. მაინც რას გეგმავს ეროვნული ბანკი? − ბუნებრივია, დაინტერესდება მკითხველი. მოგახსენებთ, ამჯერად დაგეგმილი სიახლე სისტემის სტრუქტურულ რეფორმას არ ითვალისწინებს. მეტი კონკრეტიკა! − მიმანიშნებს მკითხველი და მეც განვმარტავ, რომ თუ მთავრობა სავალუტო დაკრედიტების ამჟამად არსებულ 200 ათასი ლარის ზღვარს გაზრდის, მაშინ ეროვნული ბანკი სავალუტო სესხის შეწონვის და წრფივი რეგულაციის კოეფიციენტებს შეცვლის. ასე რომ, საფინანსო ბაზარი ჯერ ფინანსთა სამინისტროს, შემდეგ უკვე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მოლოდინშია.
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
რა ცვლილებას ელოდება საფინანსო ბაზარი, ანუ რა საჭიროა შუა რგოლი?
საბანკო სფეროს სპეციალისტთა და ანალიტიკოსთა შეფასებით, კრიზისის მიუხედავად ლარიზაცია პრიორიტეტად რჩება და ეს კურსი რევიზიას არ ექვემდებარება. თუ ეროვნულმა ბანკმა თავის დროზე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი გაითვალისწინა და 30 პროცენტამდე გაზრდილი სარეზერვო ლიმიტი ბიზნესის მოთხოვნით 25 პროცენტამდე შეამცირა, ახლა კობა გვენეტაძის უწყება მხოლოდ რეგულაციის გამკაცრებას განიხილავს.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე იმედოვნებს, რომ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახრებზე სავალდებულო ნორმას 40 პროცენტამდე არ გაუზრდის, რადგან ამგვარი გადაწყვეტილება ფინანსური სისტემისთვის დამატებითი და, რაც მთავარია, არასაჭირო წნეხი იქნება. მისივე თქმით, უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე, საპროცენტო განაკვეთების გაზრდის გამო, მოთხოვნა ისედაც შემცირებულია და ასეთ რეალობაში კობა გვენეტაძის უწყებამ გამკაცრების ნაბიჯი არ უნდა გადადგას. გარდა ამისა, ძნელაძე ვარაუდობს, რომ ლარიზაციის ინსტრუმენტები თანდათან კიდევ უფრო გაფართოვდება.
საინტერესოა, დღეს რამდენია უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე რეზერვების მოცულობა? ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 1 ივლისისთვის ეს მაჩვენებელი 4,9 მლრდ ლარს შეადგენს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფინანსთა სამინისტრო და როგორი იქნება ეროვნული ბანკის პასუხი, დრო გვიჩვენებს. ერთი უკვე ამთავითვე შეიძლება ითქვას – სავალუტო სესხებზე რეგულაციების კოეფიციენტების გაზრდისკენ ცვლილება უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების პირობებს გაამკაცრებს და, რაც მთავარია, საპროცენტო განაკვეთზეც ნეგატიურად აისახება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
როგორ შეიცვალა ფასები? ანუ ბოლო ერთი წლის დინამიკა
სხვა კიდევ რა არის მოსალოდნელი? − შესაძლოა, ჩამეძიოთ და თუ საფინანსო სისტემას გულისხმობთ, მოგახსენებთ, რომ ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გამყარებას მოელის. დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი ჩვენს მკითხველს განსაკუთრებით გაახარებს. გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ლარი პოზიციებს იმყარებს. მიმდინარე წლის აპრილიდან ეროვნული ვალუტის გამყარებამ უკვე შეუქცევადი ხასიათი მიიღო და, წინა პერიოდისგან განსხვავებით, აღმასვლა სწრაფი ტემპით დაიწყო. ივნისის პირველივე სამუშაო კვირაში ეროვნული ვალუტა ამერიკული დოლარის მიმართ სამიან ნიშნულსაც ჩამოსცდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლარის გამყარების ტენდენცია ნოემბრამდე შენარჩუნდება, წლის ბოლოს კი შესაძლოა კვლავ სამიან ნიშნულს დაუბრუნდეს.
„ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს და ეს ტენდენცია მანამდე გაგრძელდება, სანამ ეროვნული ბანკი ინტერვენციას არ განახორციელებს და ბაზრიდან ლარს არ ამოიღებს. დღეს ეროვნული ვალუტის გამყარების ერთ-ერთი ფაქტორი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებია. გასულ თვეში ემიგრანტებმა 1,5 მილიარდ ლარზე მეტი გადმორიცხეს, მაგრამ ეს მხოლოდ ის თანხაა, რაც საბანკო სისტემაში დაფიქსირდა. გადმორიცხული თანხის მოცულობა გაცილებით მეტია. მას შემდეგ, რაც COVID-19-ის პანდემიის გამო სატრანსპორტო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, უცხოური ვალუტის დაახლოებით 70 პროცენტი საბანკო სისტემის გვერდის ავლით, ხელზე შემოდის. მთელი ეს თანხა კი, რა თქმა უნდა, მიემართება ლარის მოთხოვნაზე, რაც ეროვნული ვალუტის გამყარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ჩემი ვარაუდით, ლარის გამყარების ტენდენცია ნოემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, მაგრამ წლის ბოლოსთვის სავალუტო ბაზარზე ამერიკული დოლარის ფასმა შესაძლოა 3,00 ლარი შეადგინოს“, − აცხადებს ანალიტიკოსი ნიკა შენგელია.
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
რატომ დარჩა უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი?
საკამათო არ არის, ოპტიმისტური პროგნოზი გულს უხარია, მერე რა, რომ ხშირად არცთუ იშვიათად ამგვარი პროგნოზი არ მართლდება ხოლმე. თანამედროვე მსოფლიოში მოვლენები ელვისებური სისწრაფით ვითარდება და საერთაშორისო ბაზრებსა თუ საფინანსო-ეკონომიკურ სისტემებში ვითარება ცვალებადია. არავინ უწყის დადებით ტენდენციებს როდის ჩაანაცვლებს უარყოფითი პროცესები და პირიქით. ამიტომაც ცნობილი სენტენცია − „პროგნოზების კეთება უმადური საქმეა“ ჩვენს დროებაში განსაკუთრებით აქტუალურია. თუმცა, მიუხედავად ამისა, თქვენს ყურადღებას კიდევ ერთ პოზიტიურ პროგნოზზე შევაჩერებ.
მიმდინარე წლის ბიუჯეტი შესაძლოა დაკორექტირდეს. შესაბამის პროექტს მთავრობა პარლამენტს, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე წარუდგენს. მკითხველი დაინტერესდება, პოზიტივი სად არის? მოგახსენებთ: როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც შეიძლება შეიცვალოს, ეს მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზია. ამჟამად ის 6 პროცენტითაა განსაზღვრული. ფინანსთა სამინისტრომ შესაძლოა ეს მაჩვენებელი 7 პროცენტამდე გაზარდოს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ბიუჯეტმა გადასახადების სახით 9,1 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც გეგმის 103 პროცენტია. გაზრდილი შემოსავალი მეტ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის მეტობისკენ კორექტირების ფაქტორიც ბოლო პერიოდში ქვეყნის ეკონომიკაში გამოკვეთილი პოზიტიური ტენდენციაა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ეკონომიკა 11,6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ბოლო ხუთ თვეში ზრდამ 11,2 პროცენტი შეადგინა. მაღალი ტემპით იზრდება კერძო სექტორის ბრუნვაც, რამაც მაისის თვეში 10,2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 25 პროცენტით მეტია.
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
რამდენს ვყიდით და რამდენს ვყიდულობთ? ანუ საგარეო ვაჭრობის ბალანსი
ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესაძლო გადახედვას ადასტურებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც. როგორც კობა გვენეტაძე აცხადებს, უწყება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს განაახლებს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც აგვისტოს დასაწყისში გაიმართება.
„იმ შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, გაზრდის მიმართულებით გადაიხედება. რაც შეეხება ინფლაციას, ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლოს ის 9,5 პროცენტი იქნება“, − განაცხადა კობა გვენეტაძემ.
და, ბოლოს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი: ანალიტიკოსების გათვლებით, მომავალ წელს სურსათზე ფასები მიმდინარე წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდება. ზუსტად ვიცი, ახლა მკითხველი მოელის, რომ მიიღებს პასუხს კითხვაზე − რა და რამდენით გაიაფდება, ან რას ეფუძნება ეს მოლოდინი. იმედი უნდა გაგიცრუოთ, ტელესერიალებისა არ იყოს, ყველაზე საინტერესო ეპიზოდზე დავსვამ წერტილს და გაგრძელებით მომდევნო სტატიაში, თუ გნებავთ, სერიაში დაგიბრუნდებით...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0